„მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს „მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ლევან გაჩეჩილაძეს.
„აქ ერთად ვმუშაობთ. გუნდმა პასუხი გასცა ყველაფერს და მე ვარ გუნდის წევრი. მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი გუნდი და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. საშვის დაშვების შემდეგ ყველას აქვს უფლება, შენობაში შემოვიდეს. გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს", - განაცხადა მაკა ასათიანმა.
ასათიანის თქმით, „მაესტროს" 3 თანამშრომლის განსხვავებულ პოზიცია მისთვის მტკივნეული თემაა.
„სამი გოგონა არ იზიარებს გუნდის პოზიციას. ძალიან განვიცადე, რომ 3 ადამიანი ერთობლიობას დაარღვევდა, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები, რადგან მათ გუნდის გაერთიანებაში ეჭვი შეიტანეს. ეს მტკივნეული იყო", - განაცხადა მაკა ასათიანმა.
მაკა ასათიანი ასევე გამოეხმაურა ირაკლი რუხაძის დღევანდელ განცხადებასაც. ასათიანის თქმით, ნამდვილად არ აინტერესებს, რა თქვა ირაკლი რუხაძემ.