საქართველოს საკრებულოების წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენცია - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქალების მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის ორგანოების და საკრებულოების წევრი ქალების გარდა, საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა გახსნა.
ფორუმის სამუშაო ჯგუფმა, მონაწილეებს გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. კონფერენციაზე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს თემები გენდერული კვოტირების, ადგილობრივ დონეზე ქალთა როლის გაძლიერების, სკოლამდელი განათლების და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
კონფერენციაზე მოხსენებით თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე გამოვიდა. მან არჩევით თანამდებობაზე ქალების როლზე, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ამომრჩევლებთან ურთიერთობის არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და როგორც ადგილობრივ ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალებზე - როგორც ცვლილებების განმახორციელებელ მნიშვნელოვან ძალაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე ასევე ისაუბრეს ნიუ-ჯერსის ჰაილედ პარკის ყოფილმა მერმა მერილ ფრეკმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა შომბი შარპმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ევა სმედბერგმა, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.