საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში, შშს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა - ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაზე რეაგირების ფორმის დახვეწას სამოქალაქო სექტორთან და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით და უბნის ინსპექტორის როლის გაზრდას.
ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეების მშობლებთან; ასევე, მართავს საინფორმაციო შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან და მათ ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებსა და სოციალურ გარანტიებს აცნობს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ფართომაშტაბიანი კამპანია ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც წინასწარ შემუშავებული საინფორმაციო სტრატეგიის მიხედვით ითვალისწინებს მულტიდისციპლინურ მუშაობას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
რამდენიმე რეკომენდაცია ეხებოდა ოჯახში ძალადობის ფაქტებს, მათ შორის მსხვერპლისა და მოწმისაგან მიღებული ახსნა-განმარტებების ოქმებში სრულყოფილად ასახვას; პოლიციელის მიერ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების სტანდარტებს შემუშავებას; ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად პოლიციელთათვის ტრეინინგის გაგრძელებას და პოლიციელის მიერ, ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს, გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენის აღმოსაფხვრელად. სახალხო დამცველი ასევე ითხოვდა გამოცემული ორდერების აღსრულების მონიტორინგის წარმოებას.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამართალდამცავებს რეგულარულად უტარდებათ პრაქტიკული ტრეინინგ/სავარჯიშოები და გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი რეაგირების კონტროლს. ამასთან, ძალადობის თემატიკაზე ორგანიზებული ტრეინინგები ბოსტონის შტატის რისკის შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტის დამუშავებული ვერსიით უტარდებათ. ამასთან, შსს აკადემია მუდმივად ახორციელებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო და გადამზადების კურსებზე. აკადემიამ პოლიციის მიმართ ნდობის ამაღლების მძლავრი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 2 ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და, განსაკუთრებით, რისკ ჯგუფებთან. 2015 წლის ივლისიდან კი, საგანმანათლებლო პროგრამებში გენდერული თანასწორობის კურსი გაფართოვდა.