reportiori.ge - ვინ აიღო აფხაზეთის მთავრობის სახლი: შარტავას საბუთები და მტკიცებულებები, რომელიც პირველად ქვეყნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 00:13
პრეს-დაიჯესტი
ვინ აიღო აფხაზეთის მთავრობის სახლი: შარტავას საბუთები და მტკიცებულებები, რომელიც პირველად ქვეყნდება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 11:27

 

ცნობილმა ანალიტიკოსმა აბრამ შმულევიჩმა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, ასევე აფხაზეთის მთავრობის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ჟიული შარტავასა და სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას დღემდე გამოუქვეყნებელ საბუთებს მოუყარა თავი. „აქცენტი" ამ მასალების თარგმანს გთავაზობთ:



«ქვემოთ მოცემულია სადღეისოდ არსებული ყველაზე სრული ჩამონათვალი მტკიცებულებებისა, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შტურმს, ასევე აფხაზეთის ქართული მთავრობის ხელმძღვანელ ჟიული შარტავას და სოხუმის იმჟამინდელი მერის გურამ გაბესკირიას საბუთებს შეეხება.


გაბესკირია და შარტავა ტყვედ ყაბარდოელმა მოხალისეებმა აიყვანეს, რომელთაც შტურმი განახორციელეს. მათვე ჩააბარეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა საბუთები. შემდეგ აფხაზეთის ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზურ ძალებს გადასცეს, რომლებმაც ისინი დახვრიტეს.




გურამ გაბესკირია, ომის დროს - სოხუმის მერი




მტკიცებულებები:


1. მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმი. ქუშბატიევი ა.ვ. ყაბარდოელი მოხალისეები 1992-1993 წლების ომში. ნალჩიკი, მ. და ვ. კოტლიაროვების გამომცემლობა, 2008. გვ. 76-79.


1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის ცენტრში დაიწყო აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლის (მინისტრთა საბჭოს შენობის) გათავისუფლების ოპერაცია. ეს ოპერაცია უფრო დეტალურად უნდა განვიხილოთ, რადგან ბოლო დროს ივიწყებენ ან მალავენ, კონკრეტულად რომელმა ქვედანაყოფმა განახორციელა შტურმი. აფხაზი ავტორების წიგნებსა და სტატიებში, რომელიც 1992-93 წლების ომს ეძღვნება, ყოველგვარი დეტალების გარეშე მხოლოდ ისაა მოყვანილი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ათავისუფლებდნენ მთავრობის სახლის შენობას. ეს ოპერაცია «ცხელ კვალზე» მოკლედ, მაგრამ მაინც შუქდებოდა პერიოდულ გამოცემებში.


27 სექტემბერს ყაბარდოელთა სადაზვერვო-საშტურმო ჯგუფი მ. შოროვის ხელმძღვანელობით, აფხაზური ჯარის სხვა დანაყოფების მსგავსად, ცდილობდა, მინისტრთა საბჭოს შენობას მიახლოებოდა. დილის 9 საათზე, როდესაც ჯგუფი ქუჩაში, პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდა (ეს ქუჩა გვერდიდან გადის მინისტრთა კაბინეტის შენობისკენ), რაციით გადაიცა ცნობა: «77-ევ, გადაადგილდით მინისტრთა საბჭოსკენ, იგი უკვე აღებულია». მოხალისეები იხსენებენ, რომ დამწუხრდნენ, როცა შეიტყვეს, რომ მთავრობის სახლი მათ გარეშე აიღეს. როდესაც მებრძოლები შენობის მარჯვენა ფრთის მხრიდან მოედნის კიდეზე  გავიდნენ, ცენტრალური კორპუსის (ყველაზე მაღალი კორპუსია) ზედა სართულებიდან და მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულის ფანჯრებიდან ჯგუფს ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. მოხალისეები დაიქსაქსნენ და თავშესაფრებში გადაიმალნენ. ჩათვალეს რა, რომ თავისიანები ესროდნენ, რადგან ქართული ქვედანაყოფი ეგონათ, მათ აფხაზური დროშის ქნევა დაიწყეს შეძახილებით «აფსუა!» («აფხაზი»), თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, მათზე თავდასხმაში ჩაერთო БРДМ-2, რომელიც ცენტრალურ შესასვლელთან იდგა. მალე მოხალისეებმა შენობის თავზე და მის წინ აღმართული ქართული დროშები დაინახეს. ცხადი გახდა, რომ შენობაში მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები იყვნენ. როგორც მოხალისეები იხსენებენ, მათ უმალ დაიწყეს მზადება შტურმისთვის და გაუხარდათ კიდეც, რომ ქართული ჯარის საუკეთესო ქვედანაყოფებთან ბრძოლა მოუწევდათ აფხაზეთის მთავრობის შენობის გასათავისუფლებლად. ვიდეოჩანაწერში, რომელიც ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, მინისტრთა საბჭოს შენობის მიმდებარედ არ ჩანს არანაირი სხვა ქვედანაყოფი, ყაბარდოელთა სადაზვერვო ჯგუფის გარდა.


შტურმი 10:30 სთ-ზე შენობის მარჯვენა მხრიდან დაიწყო. შენობის ცენტრალური კორპუსის ზედა სართულებიდან ყაბარდოელებს უკრაინული ორგანიზაცია УНА-УНСО-ს სპეცრაზმელები ესროდნენ. მათი სნაიპერული ცეცხლის ჩახშობას ყაბარდოელთა ჯგუფის მეტყვიამფრქვევე და სნაიპერები ცდილობდნენ. ქვედა სართულებიდან და მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულის ფანჯრებიდან ედუარდ შევარდნაძის  დაცვის წევრი სპეცრაზმელები და აფხაზეთის საოკუპაციო მთავრობის წევრები ისროდნენ ჟიული შარტავას თაოსნობით (დაახლოებით 150 კაცი). შენობის შესასვლელთან კი, მოედანზე მანევრირებდა БРДМ-2, რომელიც შტურმის მონაწილეებს КПВТ და ПКТ ტიპის ტყვიამფრქვევებიდან ესროდა. მალე ყაბარდოელებს მარშალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის მებრძოლები ამოუდგნენ გვერდში. მათ მთელი მოედნის გასწვრივ (დაახლოებით 800 მ) ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი. ყაბარდოელებს ასევე საზენიტო დანადგარმა ЗУ-23-2 აღმოუჩინა დახმარება. მოხალისე არტურ კარმოკოვი ღია ტერიტორიაზე გაიჭრა და РПГ-7-ს გამოყენებით ააფეთქა БРДМ-2, თუმცა მალევე სნაიპერის ტყვიით დაიღუპა.


მოხალისეები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იბრძოდნენ, რათა მისი ცხედარი გამოეტანათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქართველი სნაიპერები მოწამლულ ტყვიებს იყენებდნენ.


მალე შტურმი განახლდა. ყაბარდოელებმა ცეცხლმტყორცნი «Шмель»-იც გამოიყენეს, რომელიც მანამდე შენობაში ხანძრის გაჩენის საშიშროებიდან გამომდინარე, არ გამოყენებულა. მოწინააღმდეგემ მარცხენა ფლიგელში გადაინაცვლა და იქიდან გააგრძელა ცეცხლი. ამ დროს შემოსწრებულმა აფხაზურმა ტანკმა შენობის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და გაქრა. შტურმის დაწყებიდან 4,5 საათში მარცხენა ფლიგელის მეორე სართულის ერთ-ერთ ფანჯარაში თეთრი პირსახოცი გამოფინეს. კიდევ რამდენიმე წუთში შენობიდან უიარაღო ადამიანი გამოვიდა თეთრი პირსახოცით აწეულ ხელში. მასთან, ასევე უიარაღოდ, მ. შოროვი და ა. შიხალიევი მივიდნენ. მომლაპარაკებელმა მათ ჟიული შარტავას წინადადება გადასცა, მათთვის დერეფანი გაეკეთებინათ, რომლითაც ქალაქიდან გავიდოდნენ, თუმცა მას უპასუხეს, რომ მისაღებია მხოლოდ ერთი პირობა: «ცოცხლად გადარჩენილები ტყვედ ბარდებიან, დაჭრილებს გაეწევათ სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთში შტურმი განახლდება და მათ გაანადგურებენ». ამის შემდეგ 15-20 წუთში გამოსულმა იგივე მომლაპარაკებელმა ყაბარდოელებს ამცნო, რომ შარტავა თანახმა იყო, ჩაჰბარებოდა მხოლოდ ყაბარდოელებს. შოროვმა და შიხალიევმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ მინისტრთა საბჭოს შტურმში მხოლოდ ყაბარდოელები მონაწილეობენ. როდესაც მოხალისეები მომლაპარაკებელთან ერთად შენობის მეორე სართულზე ავიდნენ, იქ ერთ ოთახში დარჩენილმა ქართველმა სპეცრაზმელებმა (დაახლოებით 30 კაცი) და საოკუპაციო მთავრობის წევრებმა იარაღისა და ამუნიციის იატაკზე დაყრა დაიწყეს.


გაარკვია რა, რომელი იყო ჟიული შარტავა, შოროვმა მას გამოუცხადა: «თქვენ დაკავებული ხართო». შარტავამ ითხოვა, განემარტათ, ვინ იყვანდა ტყვედ. შოროვმა უპასუხა: «ყაბარდოელთა ჯგუფის მეთაური, აფხაზური არმიის მაიორი შოროვი». შარტავამ იარაღი ჩააბარა (გენერლის ვერცხლისფერი პისტოლეტი და მოკლე ავტომატი), ასევე გადასცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მოწმობა. თავისი საბუთი ჩააბარა სოხუმის მერმა გურამ გაბესკირიამაც. მათ გარდა, ჩაბარდნენ საოკუპაციო მთავრობის პოლიციისა და კანცელარიის უფროსები. შარტავამ ჩაწერა თავის ბლოკნოტში, ვის მიერ და რა ვითარებაში იყო დაკავებული. ჩაბარდა 26 ქართველი სპეცრაზმელიც. ტყვეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ისინი შეცდომაში შეიყვანა და მუდმივად ატყობინებდა მათკენ მიმავალი სხვადასხვა დახმარების შესახებ, რომელიც რეალურად, არც იყო დაგეგმილი. როდესაც შეიტყვეს, რომ ეს ტყუილი იყო, უკვე გვიანი იყო. 14:30 სთ-ზე ყაბარდოელი მოხალისეები აბაევი და ხაგაჟეევი შენობის სახურავზე აძვრნენ და აფხაზური დროშა აღმართეს წარწერით «ყაბარდოელთა ჯგუფი. 27.09.1993». ერთ-ერთი ფანჯრიდან კი ჩერქეზული (ადიღური) ეროვნული დროშაც გადმოფინეს.


შენობის ზედა სართულების შემოწმების შემდეგ მოხალისეებმა დაადასტურეს, რომ იქ მოკლული უკრაინელების ბევრი ცხედარი იყო. დაიწყეს ტყვეთა გაყვანა მარცხენა ფლიგელის სადარბაზოდან. მოედანი სავსე იყო აფხაზური ჯარის სხვადასხვა შენაერთების წარმომადგენლებით. ისმოდა შეძახილები ««Аяайра!» («გამარჯვება» - აფხაზურად), ისროდნენ ჰაერში. აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქის - სოხუმის გათავისუფლების ოპერაცია დასრულებული იყო».


2. ბლოგერ ტამირის ნაამბობი ყაბარდოელი მოხალისეების მოგონებებზე დაყრდნობით, რომელიც 2012 წლის 15 იანვარს Forum Circassia-ზე გამოქვეყნდა.


«აფხაზეთში გამოცემული წიგნები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ომზე მოგვითხრობს, მთელი თავებით აღწერს ნებისმიერ შეირაღებულ ინციდენტს რომელიმე ქუჩების კვეთაზე და რატომღაც «მორცხვი» ხდება, როდესაც მთავრობის სახლის გათავისუფლებაზეა საუბარი.


«ჩვენებმა გაათავისუფლეს «Совмин»!» - აი ამ თემაზე გამოქვეყნებული ყველა პუბლიკაციის მოკლე ლაიტმოტივი. თითქოს იქ არც ყოფილა გააფთრებული ბრძოლა... არ არსებობს არანაირი აღწერა ამ მოვლენების დეტალებისა შტურმის მონაწილეთა მხრიდან...


საყურადღებოა ყაბარდოელების მონაყოლიდან ერთი ფაქტი: დაჭრილი კარმოკოვის გამოსაყვანად დაახლოებით ნახევრსაათიანი ბრძოლის შემდეგ იყო პაუზა. ამ დროს ახმედ ფშეუნოვმა და მუაედ შოროვმა მოახერხეს მოედანს იქით მყოფ აფხაზურ შენაერთებთან მოხვედრა და მოსთხოვეს მათ, შტურმში ჩართულიყვნენ, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. მაშინ ყაბარდოელებმა ცოტაოდენი საბრძოლო მასალა წაიყოლეს და თავისიანებთან დაბრუნდნენ. შტურმი ახალი ძალით განახლდა. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გადაყვანილი კარმოკოვის სიკვდილის შესახებ ცნობა მოვიდა, ყაბარდოელებს შენობა აღარ დაუზოგავთ - დაიწყეს «შმელის» გამოყენებაც...»


«შარტავამ და გაბესკირიამ საბუთები სწორედ ყაბარდოელებს გადასცეს. ახლა ეს დოკუმენტები, როგორც ისტორიული, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება...».


«...მოლაპარაკებების შემდეგ შენობის მეორე სართულზე ასულ ყაბარდოელებს ქართველი მაღალჩინოსნები და სპეცრაზმელები, სულ 25 ადამიანი, ერთ ოთახში შეყრილი დახვდათ. როდესაც თითქმის ყველა მათგანი განიარაღებული იყო, მოხალისეებმა ოთახის კუთხეში სპეცრაზმელი დაინახეს ერთ ხელში ჯვრით, მეორეში კი - «ლიმონკით». მან მშვიდი ხმით ითხოვა: «მომკალით, ჩემი რწმენა თვითმკვლელობის უფლებას არ მაძლევსო». გესროლა მისთვის - ნიშნავდა, ყველას სიცოცხლე რისკის ქვეშ დაგეყენებინა. შიხალიევმა, ხაგაჟეევმა, ფშეუნოვმა, თემირკანოვმა სცადეს, დაერწმუნებინათ იგი, არ ჩაედინა გამოუსწორებელი. როცა გაირკვა, რომ სპეცრაზმელი ავღანეთში იყო ნაბრძოლი, მოლაპარაკებებში ასევე «ავღანელი» - ყაბარდოელთა ჯგუფის წევრი ასლან ბალკაროვი ჩაერთო. მერაბს [ასე ერქვა სპეცრაზმელს] ეუბნებოდნენ, რომ ომი დასრულებული იყო, სახლში ახლობლები ელოდნენ და ა.შ. მას სიტყვა მისცეს, რომ დაუტოვებდნენ იარაღს, როგორც ღირსეულ მამაკაცსა და მებრძოლს, თუ ისიც დადებდა პირობას, რომ მას არ გამოიყენებდა. ასეც მოხდა. მერაბმა ხაგაჟეევს ფოტოსურათი ჩააბარა, რომელზეც თამაზ ნადარეიშვილთან და ქართველ გენერლებთან ერთად იყო გადაღებული (ეს ფოტოც ახლა  ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება შარტავას და გაბესკირიას საბუთებთან ერთად).


ტყვეები ქვემოთ ჩაჰყავდათ. მოულოდნელად შარტავამ რამდენჯერმე გაიმეორა: «მეტისმეტად ბევრი ვიცი, დამიცავით.....-გან (აქ მან გავლენიანი აფხაზი ხელმძღვანელის გვარი დაასახელა, რომელსაც ახლაც მაღალი თანამდებობა უკავია აფხაზეთის ხელისუფლებაში), ეს ძალზე სერიოზულიაო».


ზემოდან ჩამოსულმა ხაგაჟეევმა და ამაევმა განაცხადეს, რომ იქ ბევრი უკრაინელის ცხედრები იყო. სწორედ ამ ორმა მოხალისემ აღმართა შენობაზე დროშები - ნატყვიარებით დასერილი ჩერქეზული (ადიღური) და აფხაზური, რომელსაც ჩვეულებრივი კალმით ეწერა: «ყაბარდოელთა ჯგუფი 27.09.1993 წ.» ( ეს ჩერქეზული დროშაც ახლა  ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება).


ტყვეები შენობის მარცხენა ფლიგელის სადარბაზოდან გაჰყავდათ. წინამდებარე მოედანი ხალხით იყო სავსე, რომელიც «გამარჯვებას» სკანდირებდა და ჰაერში ისროდა. ვერც ერთი მათგანი ვერ ხვდებოდა, რომ შეიარაღებული ადამიანი ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, იყო მერაბი - ქართველი სპეცრაზმელი. მასაც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ყაბარდოელებთან ერთად.


ყაბარდოელები ცდილობდნენ, არ მიეშვათ ტყვეებთან ხალხი, რომელიც აგრესიული იყო და მათ პრეტენზიებით აწყდებოდა. თუმცა როგორც მოხალისეები იხსენებენ, შიში ქართველი ტყვეების თვალებში არ იყო. ზოგიერთი სიძულვილნარევადაც კი იღიმოდა. მშვიდი იყო ჟიული შარტავაც და გურამ გაბესკირიაც.


ვალერი არამისოვმა იარაღი შეაგროვა და მისი შენობიდან გატანა დაიწყო, მას სხვებიც ეხმარებოდნენ.


მეჟაევმა, შოროვმა, ფშეუნოვმა და სხვებმა წრე შემოარტყეს ტყვეებს და ცდილობდნენ, მათთან არავინ მიეშვათ, თუმცა ეს არ შველოდათ - მათ ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან ურტყამდნენ.


ყაბარდოელები უყვიროდნენ ბრბოს, «რას სჩადით, ცხოველები ხართო?». ერთ მომენტში შოროვმა, რომელიც გაბესკირიასთან მიახლოებულ მოქალაქეს ხელი ჰკრა, პირდაპირ კამერის გვერდით იყვირა: «სად იყავით «გმირები» ადრეო?». ერთ-ერთმა მოხალისემ კი ყაბარდოს ენაზე მოუწოდა ადიღეებს, «არ შერეოდნენ ამ ბრბოს».


ამ დროს ხალხმა, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა შტურმთან, შენობიდან ის აფხაზური დროშა ჩამოხსნა, რომელსაც «ყაბარდოელთა ჯგუფი» ეწერა და ახალი - სუფთა დროშა დაამაგრა.


ანზორ თემირკანოვი ზემოთ ავარდა და ჩერქეზული დროშა ჩამოხსნა, რომ ისიც უცხოებს არ ჩამოეხსნათ. ეს ალამი მან შემდეგ მეთაურს - შოროვს გადასცა.


ამასობაში მოედანზე მაინც მოკლეს სამი ტყვე. ვიღაცამ «რაფი» მოაგორა, რომელშიც ტყვეები შეტენეს. შარტავას ყაბარდოელების გარეშე მოედნის დატოვება არ სურდა. გააფთრებული ბრბო «რაფს» გასვლის საშუალებას არ აძლევდა და ტყვეებს მანქანის ფანჯრების დამტვრეულ მინებში გაყოფილი ავტომატების კონდახებით სცემდა.



რამდენიმე დარტყმას თავის არეში იღებს გაბესკირიაც. ყველაფერ ამას ახლავს შეძახილები, გინება. ყაბარდოელები ბრბოს წინააღმდეგობას უწევენ. მათი ეს წინააღმდეგობა კინაღამ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინ ხაგაჟეევმა რამდენჯერმე დაიყვირა, «ჰაერი, ჰაერიო». ბრბო დაიშალა და «რაფმაც» სასწრაფოდ დატოვა მოედანი.


გზად ტყვეთა ჯგუფი სხვებმა ჩაიგდეს ხელში და დახვრიტეს. შარტავას მოლოდინი გამართლდა.


ვლადისლავ არძინბა განრისხდა, როცა ტყვეთა დახვრეტის შესახებ შეიტყო: მათ, განსაკუთრებით კი შარტავამ, ბევრი იცოდნენ და ცოცხლად სჭირდებოდნენ.


ყაბარდოელთა ჯგუფმა, მიიღო რა ახალი ბრძანება, გზა განაგრძო. მანამდე შოროვი და ვართანი ცეცხლმოკიდებული შენობის წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ. სომეხმა თქვა, «ვესალმები ყაბარდოს», შოროვმა კი - «ვესალმები აფხაზეთს», რაც ვიდეოშია დაფიქსირებული.


ყაბარდოელებთან ერთად უშუალოდ შტურმში სომეხი ვართანი (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი) და აფხაზი არძინბა მონაწილეობდნენ - ამ უკანასკნელის სახელი უცნობია.


P.S. მერაბი გაუშვეს და უთხრეს, თუ ღმერთი ინებებს, მისიანებთან გაიყვანსო. კითხვაზე, რატომ არ დატოვეს შენობა მოხალისეების გამოჩენამდე ან თუნდაც შტურმის დროს, მერაბმა განაცხადა: «რაციით გადმოგვცეს, რომ ბატონი შევარდნაძე  გმირულად დაიღუპა, მათ საშველად კი სატანკო ნაწილი მიდიოდა, რომ მალე ადგილზე თვითმფრინავი იქნებოდა უკრაინული დესანტით, ხოლო ახალ ათონში მსხვილი საზღვაო დესანტი გადასხეს. როცა მივხვდით, რომ მიგვატოვეს და ახლა გვატყუებდნენ, წასვლა უკვე გვიანი იყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა შარტავამ, რომ უნდა ჩავბარებულიყავით, რადგან სასიკვდილოდ მიგვატოვეს და გაგვწირეს. ოღონდ მივაღწიო და ყველას ვუამბობ, როგორ მიგვატოვა ხელმძღვანელობამ და სარდლობამ», - ამბობდა მერაბი.


დამშვიდობებისას მოხალისეებმა გამარჯვების სადღეგრძელო შესვეს. მერაბმა თქვა, რომ მტრის გამარჯვებისას არ შესვამდა, მაგრამ შესვამდა ყაბარდოელების სადღეგრძელოს. «სამწუხაროა, რომ ჩვენს მხარეს არ იბრძოდით», - წარმოთქვა მერაბმა და დასძინა: «თქვენ ჯერ არ იცით, რა ვირისშვილებს ამოუდეგით გვერდში».

 

შტურმში მონაწილე ყაბარდოელთა ჯგუფის სია:


1). არტურ კარმოკოვი


2) მუაედ შოროვი


3) ანატოლი შიხალიევი


4) აზამატ ხაგაჟეევი


5) აჰმედ ფშეუნოვი


6) ანზორ ფსოუნოვი


7) ასლან აბაევი


8) ასლან ბალკაროვი


9) ჩერქეზ-ალი


10) უალი უნაჟოკოვი


11) ჰასანბეი ბლიაშევი


12) ასლან ბეკოვი


13) ანზორ ბეკოვი


14) ანზორ თემირკანოვი


15) ყაზბეკ მეჟაევი


16) ვალერი არამისოვი


17) ბაშირ ხამუკოვი


18) სულთან ალაკაევი


19) ანზორ შარდანოვი


20) ვალერი კუპატოვი


21) მარტინ ბოზიევი


22) ----------- მარშენოვი


23)------------- კუპატოვი


24) ბათირ საბანჩიევი


25) ანზორ მახოვი


26) ვართან (სომეხი)


27) არძინბა (აფხაზი)



სოხუმი, მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმი. პირველ კადრებში ჩანს ყელის არეში დაჭრილი, როგორც ჩანს, არტურ კარმოკოვი, რომლის შესახებაც ტექსტში იყო საუბარი.



ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რესპუბლიკებში გამოიყენება.





წყარო: accent.com.ge


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016