reportiori.ge - მანანა ნაჭყებია: ამ ეტაპზე, ბევრად ადეკვატურია გიორგი კვირიკაშვილი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:30
ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია: ამ ეტაპზე, ბევრად ადეკვატურია გიორგი კვირიკაშვილი...
12 თებერვალი, 2016. 13:28

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მანანა ნაჭყებია ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე პროცესებსა და სხვა პოლიტიკურად აქტუალურ საკითხებს „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აფასებს:

 

– ტელევიზიის კუთვნილების საკითხი, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური საკითხია. ცხადია, ამ თემას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარე. სამართლებრივი მხარე გასაგებია, მიმდინარეობს დავა წილის მფლობელებს შორის. სამწუხაროა, რომ წილის მფლობელთა დავაში მხარეები ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს და სათქმელს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ვერ ვაიძულებთ, რომ მაქსიმალურად გახსნილნი იყვნენ საზოგადოებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ესეც ნათელია. ბუნებრივია, ტელევიზია ყოველთვის არის პოლიტიკური იარაღი და ყოველთვის არის მცდელობა, რომ ტელევიზია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული. აქ ახალი არაფერია. მთავარია, რომ თუ სამართლებრივი დავა ახალი მენეჯმენტის სასარგებლოდ გადაწყდება, მან დაუშვას, რომ „მაესტროს“ საქმიანობა გაგრძელდეს ჩვეულ ფორმატში და ჟურნალისტებს ჰქონდეთ დამოუკიდებლობა. ეს იქნება ჩვეულებრივი პროცესი. თუმცა, ვინაიდან იმ ჯგუფში, რომელიც დაინტერესებულია „მაესტროს“ ხელში ჩაგდებით, არიან ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იდგნენ ან ახლა დგანან პოლიტიკასთან ახლოს, ბადებს ეჭვს, რომ შესაძლებელია, მათ „მაესტრო“ გამოიყენონ თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად. ნამდვილად არ მინდა, რომ ეს მოხდეს. მინდა, რომ „მაესტროს“ ჟურნალისტებს ჰქონდეთ დამოუკიდებლობა და ისე გააგრძელონ მუშაობა, როგორც აქამდე მუშაობდნენ. ვერ ვიტყვი, რომ „მაესტრო“ იყო ან პროსახელისუფლებო ან ანტისახელისუფლებო ტელევიზია. ჩემი აზრით, „მაესტრო“ საკმაოდ ნორმალურად ახორციელებდა თავის სარედაქციო პოლიტიკას, მუშაობდა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც უნდა ემუშავა. საით წავა მომავალში „მაესტრო“ ეს არ დაიმალება და ნათლად გამოჩნდება. თუ ის რისკები რეალური აღმოჩნდება, რასაც დღეს ვვარაუდობთ, ეს ნათლად გამოჩნდება და რა თქმა უნდა, მხოლოდ დანანება შეიძლება ამ დროს გამოვხატოთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – ვისურვოთ, რომ „მაესტროს“ ჟურნალისტებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად საქმიანობის საშუალება, ისე როგორც ჰქონდათ ამდენი ხნის განმავლობაში.

 

მოვისმინეთ ბატონ ირაკლი რუხაძის განცხადებები. ვფიქრობ, რუხაძე არც მალავს, რომ აქვს დაინტერესება. იმის თქმა, რომ ის ამერიკის მოქალაქეა და ქართულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს საქართველოში პოლიტიკური ინტერესები. ცხადია, როდესაც გინდა გახდე რომელიმე მედიასაშუალებაზე გავლენის მქონე პირი, ამის უკან დგას რაღაც ინტერესი. თუკი ეს ყველაფერი ისე განხორციელდა, როგორც ბატონ ირაკლის სურს, ყველაფერი გამოჩნდება. ასე რომ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

 

ზოგადად, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ქვეყანაში არათუ დღეს, არამედ მთელი წლების მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობა, რომ გაეკონტროლებინა მედიასივრცე.

 

– საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ინტერპარტიული ჯგუფის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გადაიდგა თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები?

 

– ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში საარჩევნო გარემოა. „ახალი მემარჯვენეები“ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობოსებას მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამო არ ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სურს, ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, რომელიც მას შანსს აძლევს, დარჩეს პოლიტიკურ ასპარეზზე. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესები. თუ ნახეთ ბრიუსელში ჩვენი პრემიერის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები, ცხადად არის ხაზგასმული, რომ პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის პასუხისმგებლობაა, თუ როგორ ჩატარდება მომავალი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. აი, ეს არის მთავარი. ახლა უკვე ხელისუფლების საქმეა, გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ოპოზიციამ ხელისუფლებას საკმაოდ მაღალი შეფასება მივეცით იმ მცდელობაში, რასაც ნიშნავდა საქართველოს მომზადება ევრო-ლიბერალიზაციის პროცესისთვის. ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, მივმართეთ ევროკავშირს, რომ ჩვენ, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების გვერდით ვდგავართ და ვთხოვეთ, რომ გვენდონ, რადგან ამ მიზანში ჩვენ ერთიანი ვართ. ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება ვერ ჩაატარებს კარგ საარჩევნო პრაქტიკასთან მიახლოებულ არჩევნებს, ეს დააზარალებს საქართველოს ინტერესებს.

 

ამ ეტაპზე, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ბევრად ადეკვატურია ბატონი კვირიკაშვილი. იგი ჩვენს პირველივე თხოვნას გამოეხმაურა და დაგვთანხმდა, რომ გვესაუბრა და წამოგვეწია ის თემები, რომლებიც ოპოზიციას აქტუალურად მიაჩნია. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კონსულტაციები მთავრობის საპარლამენტო მდივანთან. ჩვენი მხრიდან მოხდა სასწრაფოდ ყველაფრის ჩამოყალიბება, თუ რას ვითხოვთ ჩვენ და რაზე გვინდა ხელისუფლებასთან შეთანხმება. ასევე ჩამოყალიბდა ის ფორმატი, რომლითაც, ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება ამ საკითხების განხილვა. მესამე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ხელისუფლებასთან უნდა შევთანხმდეთ, არის ვადები. თუ ხელისუფლება კვლავ უსაშველოდ გაწელავს დროს, რომ მერე შეთანხმება ვეღარ მოხერხდეს ცვლილებებზე, ეს, რა თქმა უნდა, იმდენად ბავშვური თამაში იქნება, რომ ამას ყველა მიხვდება და არავინ თავს არ მოატყუებინებს. ამიტომ, ვადა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, პროცესი დაიწყო. ცხადია, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ ყველა საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდება. ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მხრიდანაც უნდა იყოს გარკვეული დათმობები. მაგრამ, მთავარია ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ მხოლოდ თავისი აზრით მოქმედება არ გამოვა. თუ ასე არ მოხდება, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება. თუ როგორ ჩატარდება საქართველოში 2016 წლის არჩევნები, სერიოზულ გავლენას იქონიებს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაზე.

 

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო MAP-ს არ მიიღებს. როგორ უნდა გაიგოს აღნიშნული განცხადება ქართულმა მხარემ?

 

– დღეს ძალიან ბევრი საუბრობს, რომ NATO-მ კვლავ უარი გვითხრა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში ვამბობდით, რომ თუ არ იქნებოდა ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები, არ უნდა გვეოცნება არც ევროკავშირზე და არც NATO-ზე, იმავეს ვამბობთ ახლაც. ნურავის ჰგონია, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დადგენილი წესები და „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაითვალისწინოს. ეს მოთხოვნები ძალაშია. სამწუხაროდ, საქართველომ დღემდე ვერ მოიშორა ჰიბრიდული დემოკრატიის მქონე ქვეყნის სტატუსი. ასეთ ქვეყნებთან კი ბევრად მეტი სტანდარტები და მოთხოვნებია. აბსოლუტურად მესმის იმ დემოკრატიული სახელმწიფოების, რომლებიც ამ ეტაპზე,  შედარებით თავშეკავებულად უყურებენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.

 

თუმცა, ამერიკის ელჩის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ საქართველოსთვის NATO-ს კარი კვლავ ღიაა. გვაქვს სერიოზული შანსი, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა და საქართველო ამას აუცილებლად მიაღწევს.

 

– გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „ვიმპელკომი“ „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელის შესყიდვას გეგმავს.  რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საქართველოსთვის აღნიშნული ფაქტი?

 

 

– საფრთხე, რა თქმა უნდა, არის და ვფიქრობ, ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ ამ საფრთხეს. ეს არის არამარტო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული, არამედ ინფორმაციის მოპოვების საუკეთესო საშუალება და წყარო. როდესაც ქვეყანასთან პრაქტიკულად დიპლომატიური კავშირები გაწყვეტილი გვაქვს და რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად, ანუ საუბარია მტერზე, ვფიქრობ, ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ასეთ დროს გადაწყვეტილებებს იღებს, კარგად უნდა აცნობიერებდეს, რასთან გვაქვს საქმე. ამისთვის გვაქვს ჩვენ ეროვნული უშიშროების საბჭო, კრიზისების მართვის საბჭო, პარლამენტში არსებული ნდობის ჯგუფი და მათ უნდა შეისწავლონ საფრთხეები და მისცენ რეკომენდაციები მარეგულირებელ კომისიას, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. ჩვენ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით დაპირებები და მინდა, ვირწმუნო, რომ ეს დაპირებები რეალურია და ხელისუფლება საფრთხეებს აცნობიერებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016