reportiori.ge - გრიშა ონიანი: სტალინი დიდხანს გასცქეროდა აფორიაქებულ დარბაზს, შემდეგ ქართულად შეიგინა, ტრიბუნიდან ჩამოვიდა და წავიდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:31
პრეს-დაიჯესტი
გრიშა ონიანი: სტალინი დიდხანს გასცქეროდა აფორიაქებულ დარბაზს, შემდეგ ქართულად შეიგინა, ტრიბუნიდან ჩამოვიდა და წავიდა!
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 14:45


სტალინის უცნობი სიტყვა, ანუ რა მოხდა კრემლში 1952 წლის 16 ოქტომბერს?


სტალინის პიროვნებით დაინტერესებული მკვლევარები და მეცნიერები თითქმის ერთხმად აღიარებენ, რომ დიდი ბელადის ტრაგიკული აღსასრული დიდწილად განსაზღვრა მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის კვალდაკვალ, 1952 წლის 16 ოქტომბერს გამართულ პლენუმზე. საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის" ხელმძღვანელი გრიშა ონიანი აცხადებს, რომ ოფიციალური მასალები ამ პლენუმის შესახებ არ არსებობს და გასაჯაროებულია მხოლოდ ლეონიდ ეფრემოვის მიერ შესრულებული ჩანაწერი, რომელიც მან ყრილობის მიმდინარეობის პროცესში გააკეთა. გრიშა ონიანის თქმით, სტალინი პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლასა და თანამდებობის ახალგაზრდებისთვის გადაცემას გეგმავდა, რაც მას არ დააცალეს!


- ბატონო გრიშა, მაინც რა მოხდა და რა სიტყვა წარმოთქვა სტალინმა სკკპ მე-19 ყრილობის პლენუმზე?

 

- პარტიის მე-19  ყრილობა 1952 წლის 5-16 ოქტომბერს გაიმართა. 16 ოქტომბერს, ყრილობის დასკვნით ეტაპზე - პლენუმზე სიტყვით გამოვიდა სტალინი და განაცხადა:


„ნუთუ ნათელი არ არის, რომ ცეკაში საჭიროა ახალი ძალების შეყვანა? ჩვენ, მოხუცები, დავიხოცებით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, ვის გადავცეთ ჩვენი დიადი საქმის ესტაფეტა, ვინ წასწევს მას წინ? ამისათვის საჭიროა ახალგაზრდა, ერთგული ადამიანები, პოლიტიკური მოღვაწეები. რას ნიშნავს პოლიტიკური სახელმწიფო მოღვაწის აღზრდა? ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სახელმწიფო მოღვაწის აღზრდას 10 კი არა, 15 წელი მაინც დასჭირდება. ჩვენ გავათავისუფლეთ მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და სხვები და შევცვალეთ ისინი ახლებით... ისინი ახალგაზრდები არიან, ენერგიითა და ძალ-ღონით აღსავსე, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ საპასუხისმგებლო მუშაობაში!"


- ეს ოფიციალური დოკუმენტია?

 

- სტალინის ამ გამოსვლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები არ არსებობს. ეს გახლავთ ლეონიდ ნიკოლოზის ძე ეფრემოვის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც მან ყრილობიდან გამოიტანა.


- სტალინს მეტი არაფერი უთქვამს?

 

- მან განაცხადა, რომ ანდრეევი დაყრუვდა და ის გამოსაცვლელია, ხოლო თვითონ მოხუცდა და ქაღალდების კითხვა უკვე უჭირს...


- ამას პლენუმის წევრები და პოლიტბიურო როგორ შეხვდნენ?

 

- სტალინის ეს გამოსვლა შოკისმომგვრელი იყო... გიორგი მალენკოვმა ხვეწნა დაუწყო, რომ არ დაეთმო გენერალური მდივნობა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომრის მოვალეობის შესრულება. დარბაზში საშინელი ხმაური ატყდა...


- სტალინი ამ დროს სად იდგა, ბატონო გრიშა?

 

- ტრიბუნასთან... მალენკოვის შემდეგ სტალინს ხვეწნა დაუწყო ტიმოშენკომ, რომელმაც უთხრა - ამხანაგო სტალინ, თქვენს წასვლას ხალხი ცუდად გაიგებს, ეს დაუშვებელიაო! ეფრემოვის ჩანაწერების მიხედვით, სტალინი დიდხანს მდუმარედ გასცქეროდა აფორიაქებულ და ახმაურებულ დარბაზს, შემდეგ ქართულად შეიგინა (იცინის), ტრიბუნიდან ჩამოვიდა და წავიდა...


- ე.ი. ბელადი ახალ კადრებსა და კომპარტიისთვის სისხლის გადასხმას ითხოვდა?

 

- დიახ, რა თქმა უნდა! საერთოდ, კადრებისადმი სტალინის დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილია და სტალინს ეკუთვნის სიტყვები - „კადრები წყვეტენ ყველაფერს!" თუმცა, სტალინის ეს გამოთქმა, ზოგიერთის აზრით, ლენინის სიტყვების გადამღერებაა, რომელმაც განაცხადა - „ტექნიკა წყვეტს ყველაფერს!" არადა, ეს სრულებითაც არ არის ასე. ცნობილია, რომ  საბჭოთა კავშირში შემოტანილ ძვირად ღირებულ ტექნიკას უვიცმა ადამიანებმა ვერ მოუარეს და იგი ჯართად აქციეს. სწორედ ამის გათვალისწინებით და ლენინის ლოზუნგის საწინააღმდეგოდ სტალინმა გამოთქვა თავისი მოსაზრება - „კადრები წყვეტენ ყველაფერს!" სტალინმა ქვეყნის მასშტაბით გახსნა პროფტექნიკური სასწავლებლების ფართო ქსელი, ბრძოლა დაიწყო მოლაყბეობის, ზერელობის, უცოდინრობისა და პოპულიზმის წინააღმდეგ. ბელადის მოთხოვნები პრინციპული იყო.


- მაგალითად...

 

- მაგალითად, სტალინმა მოსთხოვა რკინიგზის ხელმძღვანელობას, მატარებლების სვლის სიჩქარე 35-40 კმ/სთ-დან 45-60 კილომეტრამდე გაეზარდა. ძველმა ჩინოვნიკებმა ამ დავალების შესრულება შეუძლებლად მიიჩნიეს და სტალინს უთხრეს, რომ ეს კატასტროფებს გამოიწვევდა. სტალინმა მათ ურჩია, გაცნობოდნენ ახალ ტექნოლოგიებს და დავალება შეესრულებინათ, მაგრამ, როდესაც კვლავ ძველი პასუხი მიიღო, რკინიგზაზე ძველი კადრები ახალგაზრდებით ჩაანაცვლა. შედეგმაც არ დააყოვნა - სულ მალე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე საათში 80 კილომეტრამდე გაიზარდა.


- ბატონო გრიშა, რაკი მე-19 ყრილობაზე ხმაური საკადრო საკითხმა გამოიწვია, მიპასუხეთ, რომელი ახალგაზრდა კადრი სად დაასაქმა სტალინმა?

 

- მოგახსენებთ... მაგალითად, ძველი კადრებითა და ომის ძველი მეთოდებით იბრძოდა საბჭოთა კავშირი ფინეთის წინააღმდეგ, რის უვარგისობაშიც სტალინი აშკარად დარწმუნდა და მთლიანად შეცვალა როგორც სამხედრო სტრუქტურა, ასევე მეთაურთა შემადგენლობა. ბელადმა არმიის მთელი ხელმძვანელობა ახალგაზრდა სამხედრო სპეციალისტებს ჩააბარა. შეიარაღების მინისტრი უსტინოვი, ავიამშენებლობის მინისტრი შახურინი, მანქანათმშენებლობის მინისტრი მალიშევი და კიდევ ბევრი 30 წელსაც არ იყვნენ გადაცილებული, როდესაც ამ პოსტებზე დაინიშნენ. ასევე იყო სახალხო მეურნეობაშიც... მაგალითად, როცა სტალინი სოფლის მეურნეობის მინისტრად ბენედიქტოვს ნიშნავდა, ჰკითხა: „აბა, მითხარით, ხართ თუ არა თანახმა, მინისტრად დაგნიშნოთ, თუ გაქვთ უარის რაიმე მიზეზი?" - „სამი მიზეზი მაქვს, ამხანაგო სტალინ!" - „მითხარით!" - „პირველი - ახალგაზრდა ვარ, მეორე - ძალიან მცირე დროა, რაც მინისტრის მოადგილედ ვმუშაობ და არ მყოფნის ცოდნა და გამოცდილება.." - „ახალგაზრდობა ისეთი ნაკლია, რომელიც გაივლის, სამწუხაროდ, ძალიან მალე. გამოცდილებას მალე მიიღებთ, თუმცა როგორც მეუბნებიან, არც ახლა გაკლიათ, რადგან პირველი საფეხურებიდან ხართ წამოსული... რა არის მესამე მიზეზი?" - „მე ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა ვიყო დაკითხვაზე, გარკვეულ დანაშაულზე მედავებიან!" - უპასუხა ბენედიქტოვმა. სტალინი ახლოს მივიდა ბენედიქტოვთან, თვალებში ჩახედა და მტკიცედ ჰკითხა: „მითხარით, როგორც კომუნისტმა, გრძნობთ თუ არა დამნაშავედ თავს იმაში, რაშიც გედავებიან?" - „არაფერში, გარდა ჩემი უცოდინრობისა და გამოუცდელობისა!" - იყო ასევე მტკიცე პასუხი. - „წადი და იმუშავე, ამ საქმეს ჩვენ მივხედავთ!


ბენედიქტოვმა სოფლის მეურნეობის მინისტრად 1938-დან 1953 წლამდე იმუშავა. აქვე გაგაცნობთ ბენედიქტოვის განვლილი ცხოვრების გზას: ბამბეულის კომბინატის მუშა, „მუშფაკის" მოსწავლე, ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტი... მუშაობდა აგრონომ-ეკონომისტად, საგეგმო ეკონომიკური ბიუროს უფროსის მოადგილედ უზბეკეთის მიწათმოქმედების სამინისტროში; იყო უზბეკეთის „კოლხოზცენტრის" უფროსის მოადგილე, მოსკოვის საგარეუბნო ხილ-ბოსტნეულის მეურნეობების ტრესტის მმართველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და შემდეგ მინისტრი. ასეთი სკოლაგამოვლილი კაცი სტალინს ეუბნება, არ მაქვს ცოდნა და გამოცდილება, რომ კარგი მინისტრი ვიყოო. მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი მინისტრები თავიანთ შრომის წიგნაკებს პირდაპირ მინისტრის თანამდებობით ხსნიან. ცხადია, არ მეწყინა ახალგაზრდების დაწინაურება მინისტრებად და სხვა ხელმძღვანელებად, მაგრამ საწყენია, რომ თანამედროვე მინისტრების უმრავლესობას ხელფასი ბევრი აქვს და ჭკუა, ცოდნა და გამოცდილება - ცოტა!

 

- სტალინმა გადადგომის შესახებ პირველად მე-19 ყრილობის პლენუმზე განაცხადა თუ ადრეც გამოუთქვამს მსგავსი აზრი?

 

- როგორც სახალხო კომისარი შახურინი იგონებს, ჯერ კიდევ 1941 წლის 4 თებერვალს სტალინმა ოფიციალურ სადილზე წარმოთქვა სადღეგრძელო: „მოხუცებმა უნდა გაიგონ, რომ თუ ახალგაზრდებს არ დავუშვებთ ხელმძღვანელობაში, ეს დამღუპველი იქნება! ჩვენ, ბოლშევიკები, იმით ვართ ძლიერი, რომ თამამად ვაწინაურებთ ახალგაზრდებს. მოხუცებმა ხალისით უნდა დაუთმონ ძალაუფლება ახალგაზრდობას!" სტალინი უარყოფითად ეკიდებოდა ადამიანების შეუსწავლელად მათ დაწინაურებას. მან მკვეთრად გააკრიტიკა კაგანოვიჩი კადრების შერჩევაში უხეში შეცდომების გამო და განაცხადა:


„ამხანაგები იზოტოვი და დიუკანოვი არ იყვნენ მზად ქვანახშრის კომბინატის უფროსებად მუშაობისათვის, არადა, ისინი წარადგინეს ამ თანამდებობაზე... კარგი სტახანოველია? დანიშნე იგი შახტის უფროსად, დააკვირდი, დაეხმარე, იმუშაოს, როგორც საჭიროა, შემდგომში შეიძლება, სასწავლებლად გაიგზავნოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი წარდგენა ტრესტის თუ კომბინატის უფროსად. კომბინატის უფროსმა უნდა იცოდეს ბალანსი, ფინანსები და სისტემურად უნდა აზროვნებდეს, ეს კი უნდა აღიზარდოს ადამიანებში. ახლა ამხანაგები იზოტოვი და დიუკანოვი უკან უნდა დავხიოთ. დავამახინჯეთ ხალხი და ვინ არის ამაში დამნაშავე? იგივე ხდება გზებისა და კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატში. ამხანაგ კაგანოვიჩთან საკადრო არეულობაა... ჩვენ, ცენტრალურ კომიტეტში, იძულებული გავხდით, აგვეკრძალა ამხანაგ კაგანოვიჩისათვის ყოველთვიური საკადრო ცვლილებების განხორციელება".


დღევანდელმა ქართველმა მინისტრებმა კარგად წაიკითხონ ეს ცნობა: ოციან წლებში, როდესაც ქვეყანაში პურის დეფიციტი იყო, სურსათის მინისტრი შესაბამის ანგარიშს აბარებდა ქვეყნის მთავრობას. მოხსენების დროს მას გული წაუვიდა და ადგილზე ჩაიკეცა. როდესაც ექიმებმა სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს, დაადგინეს, რომ სურსათის მინისტრს გული შიმშილისგან შეუწუხდა. სურსათის მინისტრი ისევე იკვებებოდა, როგორც ქვეყნის თითოეული მოქალაქე!


- სტალინი ბუნებით ასკეტი იყო?

 

- მაგ კითხვის პასუხად ერთ ფაქტს გავიხსენებ და დასკვნა თვითონ გამოიტანეთ! სტალინის მომსახურე პერსონალმა ხელფასებიდან დანაზოგი შეაგროვა და ბელადს ახალი ჩექმები შეუძინა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ნახმარ ჩექმებს უკვე იმდენჯერ ჰქონდა დაკრული „პადმოიტკა", რომ ძირები ვეღარ იკავებდა. დილით, როდესაც სტალინმა წამოდგომა დააპირა და თავისი ჩექმები ვერ დაინახა, შესძახა - „გდე მოი ბატინკი?" პირადი დაცვის უფროსმა, გენერალმა ვლასიკმა უთხრა, რომ ძველი ჩექმები უვარგისია და რომ ასეთი ფეხსაცმელებით უხერხულია უცხო ქვეყნის დელეგაციასთან შეხვედრა. სტალინი ნერვიულად გაიძახოდა: „დაი მოი ბატინკი!" მტკიცე უარი ჩექმების მოტანაზე და ასევე მტკიცე მოთხოვნა - „დაი მოი ბატინკი!" რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს სტალინს „ბატინკები" მოუტანეს. ის იცვამდა ჩექმებს და თან ბუზღუნებდა - ესენი კიდევ ორ წელიწადს მომემსახურებიანო! დედამიწის ერთი მეექვსედი კარგად ხედავდა და კარგად გრძნობდა თავისი მამისა და პატრონის პურიტანიზმსა და ასკეტიზმს, სიმკაცრესა და დიდ კაცთმოყვარეობასაც... ამიტომ იყო, რომ ხალხს მისი სწამდა და სჯეროდა.

 

 

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

 

სკკპ მე-19 ყრილობის დელეგატის ლეონიდ ნიკოლაის ძე ეფრემოვის მოგონებების მიხედვით


(ჩანაწერი დაზუსტებულია ავტორთან 2005 წლის 16 ნოემბერს)


მეურნეობებს მიწა სამუდამოდ გადავეცით. მას სახელმწიფოს კუთვნილი ვალი უნდა გადაუხადონ. ამიტომ ამხანაგი მიქოიანის პოზიციასთან დათანხმება არ შეიძლება.


„ა. მიქოიანი ტრიბუნაზე თავს იმართლებს და ზოგიერთ ეკონომიკურ გამოთვლას იშველიებს.


სტალინი (მიქოიანს აწყვეტინებს): აი, მიქოიანი - ახალმოვლენილი ფრუმკინი. ხედავთ, თვითონაც იბნევა და უნდა, ამ აშკარა, პრინციპულ საკითხში ჩვენც დაგვაბნიოს.


ვ. მოლოტოვი ტრიბუნაზე შეცდომებს აღიარებს, თავს იმართლებს და ირწმუნება, რომ ის სტალინის ერთგული მოწაფე იყო და ასეთად რჩება.


სტალინი (მოლოტოვს აწყვეტინებს): სისულელეა! მე არავითარი მოწაფეები არ მყავს. ჩვენ ყველანი დიდი ლენინის მოწაფეები ვართ.


შემდეგ სტალინმა თქვა, რომ პლენუმმა საორგანიზაციო საკითხი უნდა გადაწყვიტოს - პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები აირჩიოს. მან წინადადება შეიტანა, პოლიტბიუროს ნაცვლად აერჩიათ სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმი გაცილებით გაფართოებული შემადგენლობით და სკკპ ცკ-ის სამდივნო. არჩევის პროცედურა საკმაოდ სპეციფიკური იყო. სტალინმა ფრენჩის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და წარმოთქვა: „სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმში, მაგალითად, შეიძლებოდა აგვერჩია შემდეგი ამხანაგები - ამხანაგი სტალინი, ამხანაგი ანდრიანოვი, ამხანაგი არისტოვი, ამხანაგი ბერია, ამხანაგი ბულგანინი, ამხანაგი ვოროშილოვი, ამხანაგი იგნატიევი, ამხანაგი კაგანოვიჩი, ამხანაგი კოროტჩენკო, ამხანაგი კუზნეცოვი, ამხანაგი კუუსინენი, ამხანაგი მალენკოვი, ამხანაგი მალიშევი, ამხანაგი მელნიკოვი, ამხანაგი მიქოიანი, ამხანაგი მიხაილოვი, ამხანაგი მოლოტოვი, ამხანაგი პერვუხინი, ამხანაგი პონომარენკო, ამხანაგი საბუროვი, ამხანაგი სულოვი, ამხანაგი ხრუშჩოვი, ამხანაგი ჩესნოკოვი, ამხანაგი შვერნიკი, ამხანაგი შკირიატოვი".


მან წაიკითხა სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატთა სია, მათ შორის, ამხანაგი ბრეჟნევი, ამხანაგი ვიშინსკი, ამხანაგი ზვერევი, ამხანაგი იგნატოვი, ამხანაგი კაბანოვი, ამხანაგი კოსიგინი, ამხანაგი პატოლიჩევი, ამხანაგი პეგოვი, ამხანაგი კუზანოვი, ამხანაგი თევოსიანი, ამხანაგი იუდინი. შემდეგ სტალინმა ფრენჩის გვერდითა ჯიბიდან სხვა ფურცელი ამოიღო და თქვა: „ახლა ცკ-ის სამდივნოს შესახებ. შეიძლებოდა აგვერჩია ცკ-ის მდივნებად, მაგალითად, შემდეგი ამხანაგები - ამხანაგი სტალინი, ამხანაგი არისტოვი, ამხანაგი ბრეჟნევი, ამხანაგი იგნატოვი, ამხანაგი მალენკოვი, ამხანაგი მიხაილოვი, ამხანაგი პეგოვი, ამხანაგი პონომარენკო, ამხანაგი სუსლოვი, ამხანაგი ხრუშჩოვი". სულ ცკ-ის პრეზიდიუმისა და სამდივნოს შემადგენლობაში სტალინმა 36 ადამიანი წარადგინა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა: „სიაშია პოლიტბიუროს ძველი შემადგენლობის ყველა წევრი, ანდრეევის გარდა. პატივცემულ ამხანაგ ანდრეევთან დაკავშირებით ყველაფერი აშკარაა: სულ დაყრუვდა, არაფერი ესმის, მუშაობა არ შეუძლია. დაე, იმკურნალოს".


ხმა ადგილიდან: სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივნად ამხანაგი სტალინი უნდა ავირჩიოთ!


სტალინი: არა! გამათავისუფლეთ სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან.


ტრიბუნაზეა გიორგი მალენკოვი: ამხანაგებო! ყველამ ერთხმად და ერთსულოვნად უნდა ვთხოვოთ ამხანაგ სტალინს, ჩვენს ბელადსა და მასწავლებელს, მომავალშიც იყოს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი!


ამ წინადადებას თავის გამოსვლაში მხარი ლ. ბერიამაც დაუჭირა.


სტალინი ტრიბუნაზე: ცკ-ის პლენუმზე აპლოდისმენტები საჭირო არ არის. საჭიროა საკითხების გადაჭრა ემოციების გარეშე, საქმიანად. მე კი გთხოვთ, გამათავისუფლოთ სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან. უკვე დავბერდი. ქაღალდებს ვერ ვკითხულობ. სხვა მდივანი აირჩიეთ.


ს. ტიმოშენკო: ამხანაგო სტალინ, ხალხი ამას ვერ გაიგებს. ჩვენ ყველანი, როგორც ერთი, ჩვენს ხელმძღვანელად - სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივნად გირჩევთ. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნება!


ყველა ფეხზე ამდგარი, მხურვალე აპლოდისმენტებით უჭერს მხარს ტიმოშენკოს. სტალინი დიდხანს იდგა და დარბაზს უყურებდა, მერე ხელი ჩაიქნია და დაჯდა.

 

 

 

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016