საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ 2016 წელს, შესაძლოა, ევროობლიგაციები გამოუშვას და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დამატებით ფინანსურ რესურსებს ელოდება ეკონომიკური ზრდის შენელებასთან გასამკლავებლად.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გასვლითი პრეზენტაციების სერიას გამართავს უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
„წელს იქნება რამდენიმე პრეზენტაცია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც 2016 წლის მეორე კვარტალისთვის ვგეგმავთ, ასევე - რეგიონულ ქვეყნებში. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, თუმცა თუკი ინფრატსრუქტურული პროექტების დაჩქარება დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს, მათ შორის ევროფონდებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ალბათ მოგვიანებით, 2016 წელს"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინტერვიუში საქართველოს პრემიერმა დაგეგმილ საგადასახადო რეფორმაზეც ისაუბრა.
„მიმდინარე წელს ჩვენ 3-პროცენტიან ზრდას ველით და ვფიქრობ, ეს მიღწევადია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
Reuters აღნიშნავს, რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადდებს, რომ მთავრობა გეგმავს, რომ ინფრატსრუქტურული პროექტებისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართოს.
11 თებერვალს საქართველომ ევროპის საივესტიციო ბანკთან ხელი მოაწერა შეთანხმებას 150 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. აღნიშნული თანხა ინფრატსრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასა და თბილისის წყალდიდობის შედეგად რეკონსტრუქციულ სამუშაოებს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების პოტენციალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო 2030.News