„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი მამა ტკბილეულის მოპარვის გამო დააკავეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!
გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერ-მარკეტში?
ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო და იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.
და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!
აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!
ძალიან ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!
უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემს გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!
ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენსკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?"- წერს თაქთაქიშვილი.
„AMBEBI.GE"-ს მიერ გავრცელებული ინფრომაციით ჩიორა თაქთაქიშვილის მამა, დავით თაქთაქიშვილი სუპერმარკეტში ტკბილეულის ქურდობის გამო გუშინ დააკავეს.
„ გუშინ სუპერმარკეტ "ზღაპარში" შუახნის მამაკაცი დააკავეს. სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მამაკაცმა ტკბილეულის მოპარვა სცადა. სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც მარკეტის თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხანშიშესული მამაკაცი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის მამაა."- აღნიშნავს წყარო.
ინფრომაციას შს სამინისტროც ადასტურებს.