NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს.
„ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს. NATO კონფრონტაციისკენ არ მიისწრაფვის. ჩვენ არ გვსურს ახალი „ცივი ომი", მაგრამ ამავდროულად, ჩვენი პასუხი მტკიცე უნდა იყოს.
მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგი ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ფაქტორია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა შეახსენა მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს, რომ ბოლო ათლწლეულების განმავლობაში NATO ახორციელებს კოლექტიური თავდაცვის მასშტაბურ გაზრდას, რაც „ძლიერი სიგნალია ნებისმიერი აგრესიისა თუ დაშინების შესაკავებლად".
„NATO-ს შეკავების სტრატეგია შეიცავს ბირთვულ კომპონენტსაც. რუსეთი კი, თავისი რიტორიკით და ბირთვული ძალების წვრთნებით მეზობელი ქვეყნების დაშინებას ცდილობს.
ჩვენ გვაქვს მკაფიო პრინციპები. საზღვრების დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი კურსი. ეს პრინციპები ევროპული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივანი ასევე შეეხო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა