საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.
გამოითქვა იმედი, რომ „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამყარებას.
ქართულმა მხარემ ერნა სოლბერგს მიაწოდა ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა ნორვეგიელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სფეროთი.
ერნა სოლბერგის თქმით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულ დასრულებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.