ბათუმის ნავსადგური NATO-ს ხომალდებს მასპინძლობს. NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) და საფლაგმანო ხომალდი „ჰასანფაშა" საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ დაათვალიერეს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდნენ. სტუმრები საფლაგმანო ხომალდის „ჰასანფაშას" კაპიტნის მიერ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრნენ.
„NATO-ს ხომალდების ვიზიტი ყოველთვის არის ის მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ NATO-სთვის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე შავი ზღვის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს", - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
NATO-ს ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„მეტი NATO საქართველოში" - გრძელდება. შესაბამისად, ეს აისახება ბათუმის პორტში სამხედრო გემების შემოსვლაზეც. მსგავსი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია. გაგრძელდება ასეთი ღონისძიებები და გაიზრდება ნატოს გემების რიცხვი ჩვენს პორტებში", - აღნიშნა დავით ებრალიძემ.
SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. NATO-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
სამხედრო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.