აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი შესაძლოა, საქართველოს ზაფხულში ესტუმროს.
პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ელისა სლოტკინმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას მიმდინარე წელს დაგეგმილი ორი საველე სწავლებაც ადასტურებს.