reportiori.ge - „იმედის გმირები“ დაიხურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 02:47
საზოგადოება
„იმედის გმირები“ დაიხურა
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 21:44



ტელეპროექტი „იმედის გმირები" დაიხურა. ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროექტის ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი ავრცელებს.


„ხმები გადაცემა „იმედის გმირების" გარდაცვალების შესახებ არ აღმოჩნდა გადაჭარბებული. 5 წლის თავზე ეს გადაცემა დაიხურა... ეს იყო საეტაპო ტელეპროექტი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, მათ შორის ჩემს ცხოვრებაში... დიდი მადლობა ჩვენს გმირებს და ყველას, ვინც ამ პროექტის გულშენატკივარი იყო!


P.S. შევხვდებით მალე, იმავე არხზე, თუმცა სხვა პროექტში." „კვირა" „იმედის გმირების" ჟურნალისტებს - მარიკა ბაკურაძეს და ნინია ახვლედიანს დაუკავშირდა.



„ჩვენ ამ გადაცემას 5 წელი ვაკეთებდით, დეკემბრის ბოლოს იყო დაჯილდოების ცერემონია და ჩვეულებრივად რიგითი ერთი გმირი გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ, როგორც ხდებოდა, წელი შევაჯამეთ. ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაცემა დასრულდეს. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ვერ ვიტყვი, რომ გმირები გამოილია, მაგრამ ალბათ მაინც რაღაცები რომ არ გამეორებულიყო, არ გაუარესებულიყო თვითონ ისტორიების ხარისხი... ქვეყანაში რომ ეძებ გმირებს, ყველაფერი ამოწურვადია. თუმცა კიდევ დარჩა ძალიან საინტერესო ისტორიები, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენი გუნდი მთლიანად გადადის ახალ გადაცემაზე, რომელიც ჯერჯერობით მზადების პროცესშია. თუ რამე საინტერესო, განსაკუთრებული თემა გვექნება, შეიძლება იქაც მოვამზადოთ მასზე სიუჟეტი.


- რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი?


- რეიტინგთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, ეს გადაცემა არ ყოფილა შოუპროგრამა, რომელიც „დაეჭიდებოდა" სხვა გადაცემებს, რეიტინგს... მეორე საკითხია ის, რომ გადაცემა არ გადიოდა „პრაიმ-ტაიმის "საეთერო დროს, ჯერ გადიოდა კვირას, მერე შაბათს, „დილის ქრონიკის" შემდეგ, რომელიც არც არის ისეთი დრო, რომ რამე რეიტინგით გაზომო. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გადაცემა საერთოდ სხვა ფენომენი იყო ტელევიზიაში, მისი მსგავსი ქართულ ტელევიზიას არ აქვს. შესაბამისად, ამ გადაცემას კონკურენტი არ ჰყოლია, ამიტომ „დაჭიდებები" არ ყოფილა საჭირო. მართლაც, სახალხო და სოციალურად აქტუალური და აქტიური პროექტი იყო. ამიტომ მე ამ რეიტინგის საკითხს ასე სერიოზულად ვერ განვიხილავ. ამ გადაცემის მნიშვნელობა მეტი იყო, ვიდრე რეიტინგების გაზომვა და ჭიდაობა სიმღერებთან, ცეკვებთან და სხვადასხვა შოუპროგრამასთან...


- როდის გაიგეთ გადაწყვეტილების შესახებ?


- დაჯილდოების ცერემონია რომ დასრულდა, ბუნებრივია, გვაინტერესებდა, იანვრიდან რა იქნებოდა. ჩვეულებრივად ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ასე, რომ ჩვენი გუნდი გადადის სხვაგან და გადაცემა იხურება - ეს იყო პასუხი.


-  როდის გავა ეთერში ახალი გადაცემა?


- ასე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რიგითი ჟურნალისტები. „იმედის გმირების" შემთხვევაში სულ სხვანაირად იყო. პირველივე დღიდან ჩვენ თავად ვაკეთებდით ყველაფერს და მართლა შვილივით იყო. რა გუნდმაც დავიწყეთ, იგივე გუნდმა მოვიყვანეთ ბოლომდე. სხვა დამოკიდებულება გვქონდა მის მიმართ. ახლის შემთხვევაში ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, იმიტომ რომ მზადებაა და ასე ზუსტად ვერ გეტყვით.


გულდასაწყვეტი ჩემთვის ნამდვილად არის, იმიტომ რომ 15 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ეს გადაცემა მაინც რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ჟურნალისტს არაფერი არ გაუკვირდება, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვიღებდით, არცერთი ტელეგადაცემა არ აფასებს რეალურად. მარტო ჩვენს გადაცემაში ფასდებოდნენ, ჩვენ მათთან ერთად ვცხოვრობდით რამდენიმე დღის განმავლობაში. ამიტომ ნამდვილად სხვა შემთხვევა იყო, ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი რეპორტაჟის მზადება, ამ მხრივ კი ნამდვილად გულდასაწყვეტია, მართლაც, არაჩვეულებრივი 5 წელი იყო...


 „ბოლო პერიოდში იყო ამაზე საუბარი, რომ დაიხურებოდა, თუმცა მაინც არ მჯეროდა... 27 დეკემბერს დაჯილდოება განსაკუთრებულად მასშტაბური და კარგი გამოვიდა. მაინც მეგონა, ხომ ხელმძღვანელობა გადაიფიქრებდა ამ გადაცემის დახურვას. სამწუხაროდ, არ ვიცით რეალური მიზეზი... შემოგვთავაზეს ახალ გადაცემაში გადასვლა, სხვა გზა არ დაგვრჩა და ამიტომ გადავედით. „იმედის გმირების" შემოქმედებითი ჯგუფი მთლიანად, ჟურნალისტები, ოპერატორები ყველანი ახალ გადაცემაზე ვიქნებით...


- როდიდან დაიწყო ამაზე საუბარი?


- დეკემბერში გაჟღერდა პირველად და 20 იანვარს, საბოლოოდ, ოფიციალურად ეს პროექტი გაუქმდა.


- ახალი გადაცემის ფორმატი როგორი იქნება?


- კვირაში ერთხელ გავა და იქნება კვირის შემაჯამებელი გადაცემა.  ჯერ დეტალები ზუსტად არ არის ცნობილი, არც სახელი და არაფერი ვიცით...


„იმედის გმირები" განსაკუთრებულ ადამიანებზე იყო, რომლებმაც ერთჯერადი ქმედებით ან ცხოვრების წესით მოიპოვეს ადამიანების კეთილგანწყობა, რომელთა ცხოვრებაც მისაბაძი და სამაგალითოა. წლის ბოლოს იმართებოდა „იმედის გმირის" დაჯილდოების ცერემონია, სადაც მაყურებლის გადაწყვეტილებით წლის „იმედის გმირის" გამოვლენა ხდებოდა...




წყარო: kvira.ge, ნინო ჯაჯანიძე





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016