reportiori.ge - ნინო ოკრიბელაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით პაციენტის სურვილი, თავი დააღწიოს ნერვოზით შემოფარგლულ სამყაროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:59
ინტერვიუ
ნინო ოკრიბელაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით პაციენტის სურვილი, თავი დააღწიოს ნერვოზით შემოფარგლულ სამყაროს
22 ნოემბერი, 2013. 17:38

ნევროზი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. ამ სენით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა XX-XXI საუკუნეებში დაფიქსირდა, რადგან სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ეს ყველაფერი ჩვენს ფსიქიკაზე აისახება. თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს სენზე „რეპორტიორი" ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილს ესაუბრა:


- რა არის ნევროზი და როგორ ვლინდება ის?

- თავად ტერმინი - ნევროზი მოძველებულია, დღეს ამ მდგომარეობას შფოთვით აშლილობას ვუწოდებთ. თუმცა, პატივი ვცეთ მოსახლეობის ინტერესებს და გამონაკლისის სახით, ამ ტერმინით გესაუბრებით.

ნევროზი - ესაა შედარებით მსუბუქი ფსიქიკური აშლილობების ჯგუფი, რომელიც ორგანული დაზიანებებით არ არის გამოწვეული და მოიცავს ძალზე შემაწუხებელ სიმპტომებს (შფოთვა, დეპრესია, აკვიატებული აზრები და ქცევები, იპოქონდრია), თუმცა არ იწვევს რეალობის აღქმის მნიშვნელოვან დარღვევებს. მოსახლეობაში ნევროზს უწოდებენ გადაჭარბებულ და ირაციონალურ შფოთვას ან აკვიატებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის კრებითი სახელი მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევებისა, რომელიც აქვთ ფუნქციური, ფსიქოგენური, შექცევადი ხასიათი, მაგრამ, ამავე დროს, გახანგრძლივებული მიმდინარეობის ტენდენცია. ტერმინი შემოტანილია შოტლანდიელი ექიმის უილიამ კულენის მიერ (1776 წ.).

სხვა ფსიქიკური დარღვევებისაგან მისი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია:

● ფსიქოგენური ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აღმოცენებასა და დეკომპენსაციაში;

● ატარებს ფუნქციურ და შექცევად ხასიათს;

● არ იწვევს პიროვნების ცვლილებებს, ფსიქოზის სიმპტომებს, მეხსიერების პრობლემებს;

● პაციენტისთვის ყოველთვის შემაწუხებელია და საკუთარი სიმპტომების მიმართ კრიტიკულია (იგივე თავად აფასებს ამ სიმპტომებს ავადმყოფურად).

 

- რა იწვევს ნევროზს?

- შეიძლება ვთქვათ, რომ ნევროზი იმავე მიზეზებით არის პირობადებული, რითაც ჩვეულებრივი შფოთვა, რომელიც ადამიანის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. გენეტიკა ანუ მემკვიდრეობა; პიროვნების გამოცდილება და ქიმიური დისბალანსი - ეს ის სამი მომენტია, რაც განაპირობებს ამ ტიპის დარღვევებს. ნევროზის აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს: ნერვული სისტემის თანდაყოლილი თავისებურებები (მაგალითად, ნეირომედიატორული და ნეიროფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციური უკმარისობა), პიროვნების ტიპი, მისი აღზრდის და მომწიფების თავისებურებები, რაც განაპირობებს სოციუმთან დამოკიდებულებას, გადატანილი დაავადებები, განათლება, თუმცა უმთავრესია ბავშვობისას გადატანილი ფსიქიკური ტრავმები. ამდენად, ითვლება, რომ ნევროზში ასახვას ჰპოვებს გაუცნობიერებელი შინაგანი და გარეგანი კონფლიქტები, ფსიქოლოგიური ტრავმები, გახანგრძლივებული ემოციური და ინტელექტუალური გადაძაბვა (ხანანაშვილის „ინფორმაციული ნევროზი"), გახანგრძლივებული მწვავე შეუსაბამობა ადამიანის მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის.

 

- შეუძლია თუ არა თვითმკურნალობა ნევროზით დაავადებულ ადამიანს?

- ითვლება, რომ რამდენიმე არასპეციფიური საშუალება არის გამართლებული ნევროზული სპექტრის დარღვევების „მოსაგვარებლად":

● ვარჯიში, რადგან ამ დროს ტვინში ის ნეირომედიატორები გამოიყოფა, რაც აუმჯობესებს გუნება-განწყობას თითქმის ფსიქოტროპული საშუალებების მიღების მსგავსად;

● შესწავლა ანუ სიმპტომების გაგება და მათთან თანაცხოვრების დაწყება;

● რელაქსაციური სტრატეგიების ათვისება ანუ სწორი სუნთქვა, კუნთების მოდუნება ან ვიზუალიზაცია (მინის ეკრანის ჩამოფარება შფოთვის აღმძვრელი ხატების წინ);

● მცენარეული საშუალებები, რაც იდეალური არ არის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ ისეთი ცნობილი საშუალებები, როგორიცაა პასიფლორა ან კატაბალახა, სარგებლის მომტანია (თუმცა, ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის).

 

- შესაძლებელია თუ არა ნევროზით დაავადებული ადამიანის სრულად განკურნება?

- დიახ, მაგრამ გასათვალისწინებელია მისი გაჭიანურებული მიმდინარეობის, ანუ ქრონოფიკაციის დიდი ალბათობა. ამავე დროს, პერიოდული გამწვავებები.

 

- საქართველოში რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება, თუ არსებობს მონაცემები, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ნევროზით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობით მერამდენე ადგილზეა?

- სტატისტიკა დუმს... ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს გარკვეულ ციფრებს, რაც საქართველოსაც შეეხება: შფოთვითი აშლილობების ჯგუფი (პანიკური შეტევები, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ფობიები) მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობებია და 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს. უფრო მაღალია განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში და ქალებში. მაგალითად, ინგლისში 2002-2003 წლებში ჰოსპიტალში მიმართვის 92 % მოდიოდა ნევროზულ, ქცევით და პიროვნულ დარღვევებზე. მისასჯელ პატიმრებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მისჯილებს.

 

- საქართველოში ნევროზით დაავადებულთა უმრავლესობა მიმართავს თუ არა ექიმს?

- კი, მაგრამ ფსიქიატრთან ყველაზე გვიან ხვდება. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია სტიგმა, რომელიც უკავშირდება ფსიქიატრისთვის მიმართვას. ხშირად, დაავადებული ადამიანი თვითმკურნალობასაც მიმართავს, რაც, ცხადია, კომპეტენტური პირის ჩარევის გარეშე უშედეგო, ან უარეს შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანიცაა.

 

- როგორ შეიძლება ებრძოლოს ადამიანი ამ დაავადებას?

- გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ მედიკამენტით ნევროზს ვერ დაძლევთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით პაციენტის სურვილი, თავი დააღწიოს ნევროზით შემოფარგლულ სამყაროს, რაც არ აძლევს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას. ზოგადად, მკურნალობის ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია... ამასთან, ნევროზი კომპლექსურ თერაპიას (წამალი+ფსიქოთერაპია) საჭიროებს, სადაც უნდა გავითვალისწინოთ გულსისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების რეალური მდგომარეობა, რათა გამოვრიცხოთ სერიოზული დარღვევები. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016