ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან. წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს! ამ დღეს, ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ. 23 ნოემბერს წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი - პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.
წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ.
გადმოცემით ამ დროს, გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.
წმინდა გიორგიმ ილოცა და საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა, რომ „მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო". ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა, რომ „ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო", რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.
გადმოცემით თანახმად, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგის. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და მის მიერ მოქცეულ ქვეყანას უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.