reportiori.ge - სტენდ აფ საქართველო ანუ დაგვიბრუნეთ ღვინჯილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:58
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სტენდ აფ საქართველო ანუ დაგვიბრუნეთ ღვინჯილია
23 ნოემბერი, 2013. 14:04

ფაქტი: ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ქართული წარწერა სათნლით საძებარია.

არც თემაა ახალი. თუ ქუჩაში თავის აწევა არ გეზარება, თბილისში ათასობით ასეთ მაგალითს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ.


ადრე ყველა ორგანიზაცია-დაწესებულებას, თუ სავაჭრო და საზკვების ობიექტს, ჩვეულებრივ, ორენოვანი ქართულ-რუსული წარწერა ჰქონდა, ოღონდ ჯერ- ქართული. დიახ! მაშინაც კი, „ნამგლისა და უროს" პერიოდში, სახელმწიფო ენის სტატუსსა და უპირატესობას კანონი იცავდა. კანონი, რომელიც თითქმის არ ირღვეოდა. თუკი ირღვეოდა საქართველოს ტელევიზიას მაშინ ისეთი ხმალამოღებული ლევან ღვინჯილია ჰყავდა, თქვენს მტერს! ლევან ღვინჯილია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია. არც მის გონებას მოკლებია სისხარტე და მარილი. მაგრამ იგი აღარავის სჭირდება. თუმცა, ლევანი კი არა, როგორც ჩანს, ჯანმრთელი ქართველი აღარავის სჭირდება, თორემ მოგეცათ ლხენა - დღეს მას საქმე და სალაპარაკო არ დაელევა. ენის პრესტიჟი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, საქართველოს ტელევიზიის მუდმივი ყურადღების საგანი იყო. დღეს იმ ნამგალსა და უროს თავში აღარავინ გვირტყამს. სამაგიეროდ, ჩვენ თვითონ, ვისაც არ გვეზარება, ყოველდღე ვაწნავთ თითო სილას დედაენას.


ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ტელეეკრანიდან და გაზეთების ფურცლებზეც წერტილიდან მძიმემდეა გარჩეული ყველა კანონი და დებულება, რომელიც სახელმწიფო ენას ეხება, მათ შორის, კანონიც - რეკლამის შესახებ. ვჩხუბობთ, ვდავობთ, გულმოდგინედ ვეძებთ დამნაშავეს.


შედეგი? - უარესი და უარესი.


უარესი კი არა ენის პრობლემაზე საერთოდ აღარავინ საუბრობს.


კანონი გვაქვს, მაგრამ აღარც ენის პალატაა ქვეყანაში და აღარც ანტიმონოპოლიური სამსახური. უმეთვალყუროდ დარჩენილი კანონი კი გინდ გქონია, გინდ არა.


საქართველოს „კანონი რეკლამის შესახებ" მიხედვით: „რეკლამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე". „საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". „უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას". (30.06.2000. № 463 საკანონმდებლო მაცნე).


თბილისის ქუჩებში გავლისას კაცი იფიქრებს, რომ ეს 6 თავისა და 23 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტი სხვა ქვეყნისთვის დაიწერა.


რუსთაველის გამზირზე, შარდენისა და ახვლედიანის ქუჩებზე, ყოველი ათი სარეკლამო წარწერიდან ცხრა შემთხვევაში ქართული ან საერთოდ უარყოფილია, ან ყველასგან მივიწყებული ობოლი ბავშვივით სადღაც კუთხეშია მიგდებული.


პროტესტს ვინღა ჩივის. საკმარისია იკითხო, რატომ არ არის რეკლამა თუნდაც ორენოვანი, ობიექტებზე მომსახურე პერსონალი, როგორც საქმეგამოლეულს, ისე გაგიღიმებს.


ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს „უფლება აქვს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი".


ახლა ჩემთვის ყველაზე ადვილი იქნებოდა, ამ კანონზე ზედამხედველი მერიის ჩინოვნიკები ცეცხლის ალში გამეტარებინა, მაგრამ ძველი თბილისის განახლებულ უბნებში, სადაც ბარ-რესტორნების გასაქირავებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრი ათასები ღირს და სადაც აუცილებლად გაგრძნობინებენ, რომ ამ ობიექტების უკან გავლენიანი ადამიანები დგანან, მერიის რიგითი ჩინოვნიკი ივაჟკაცებს და რაიმეს გახდება?


ვისაც ასე გჯერათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.


ფაქტიც ჯიუტია. კანონის დარღვევით გამოფენილი აბრები კი არ მცირდება, არამედ მატულობს.


ჩვენ სხვა, უფრო დიდი გაჭირვება გვაქვს. მართალი ვთქვათ! ვიღაც ძალიან ცდილობს, ამ უბედურებას ჩვენი თვალი და ყური შეაჩვიოს.


იქ, სადაც ყველაფერი მშობლიურის და, პირველ რიგში, მშობლიური ენის დაცვა პირად ღირსებად მიაჩნიათ, ასეთ რამეს არ დაუშვებენ.


პარიზის რომელიმე, თუნდაც ყველაზე პრესტიჟული რესტორნის რეკლამა ოდნავ რომ აცდეს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმატივს, პატრონს ისეთ ჯარიმას მიაკრავენ, რომ იქვე, სუფრაზე მირთმეული შემწვარი ქათამიც ფრანგულად შეიცხადებს.


ფრთხილად! ბატონებო, ისე არ მოხდეს, როგორც ნათქვამია: რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცესო. სასიცოცხლო ღირებულებების უარყოფა და უმსგავსობაზე წაყრუება ძვირად არ დაგვიჯდეს. ამას არავინ გვაპატიებს. მით უფრო - ჩვენი მომავალი. არც ის გაგვამართლებს, რომ დღეს არსებული წარწერებიდან (მიზეზთა გამო) ორია ყველაზე პოპულარული და ყველა ქართველისთვის გასაგები:  „ლომბარდი" და „მეორადი ტანსაცმელი იაფად".


ესეც სათქმელია. საქართველოში, ამ უთავბოლო „ინგლისურიზაციას" უკვე გამაღიზიანებელი პროვინციალიზმი დასდევს; აი, ისეთი, ერთ-ერთ რაიონში, პანაშვიდზე მოსული უცხოელების დანახვაზე ცოლმა მიცვალებულ ქმარს რომ ინგლისურად მიაკივლა, „სტენდ აფ ბონდოია, ეს რა ხალხი მოგივიდაო".

ანეკდოტი რომ იყოს, იქნებ, გაგვცინებოდა კიდეც.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016