აშშ საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ ცერემონიას უმასპინძლებს. ცერემონიაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი, დანიელ იოჰანესი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახალ, ხუთწლიან კომპაქტს მოაწერენ ხელს, რომლის თანახმადაც, საქართველო 140 მილიონ დოლარს მიიღებს. კომპაქტს "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო" უხელმძღვანელებს.
„ხელშეკრულების მიზანი, საშუალო და უმაღლეს, აგრეთვე პროფესიული განათლების სფეროებში ინვესტირების გზით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური განათლების დონის ამაღლებას, მასწავლებელთა მომზადებასა და სკოლების რეაბილიტაციას, რაც ქართველი მოსწავლეების სწავლის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს."- აცხადებენ აშშ საელჩოში.