D ჯგუფი
ცსკა - ბაიერნი 1:3
სიტი - ვიქტორია 4:2
ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგეს და „ბარსელონას" რეკორდი გაიმეორეს. ისე, მოსკოვური შეხვედრა ადვილი არ იყო. ყინვასა და თოვლში თამაში ორივე გუნდს გაუჭირდა, თუმცა კლასში სხვაობამ თავისი გაიტანა, შედეგად 3:1. გაიმარჯვა „სიტიმაც", თან ძალიან მხიარულ შეხვედრაში. პლზენელებმა ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გატყდნენ 2:4. ამ ჯგუფის ორ შეხვედრაში 10 გოლი გავიდა, ქომაგსაც სწორედ ეს უნდა. ეს ის პლზენია, სადაც მთავარ მწვრთნელად თბილისის „დინამოს" ამჟამინდელ დამრიგებელს დუშან უჰრინს ეპატიჟებიან.
B ჯგუფი
იუვენტუსი - კოპენჰაგენი 3:1
რეალი - გალათასარაი 4:1
ბებერი სენიორას ქომაგებმა როგორც იქნა შვებით ამოისუნთქეს, მათმა გუნდმა ზედიზედ სამი ყაიმის შემდეგ გაიმარჯვა, თან სოლიდურად - 3:1 და ჯგუფიდან გამსვლელ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო ტურში ტურინელები სტამბოლში ჩავლენ, სადაც მათთვის ასე ჩვეული ფრეც დააკმაყოფილებთ.
სტუმართა ერთადერთი გოლი, ადრე იუვეში ნათამაშებმა ოლაფ მელბერგმა გაიტანა, მასპინძელთაგან თავი სამივეჯერ ჩილელმა არტურო ვიდალმა გამოიჩინა (ორჯერ პენალტის ნიშნულიდან).
ათკაციანმა „რეალმა" შავი დღე აყარა თურქულ კლუბს 4:1 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის უკვე მოგვარებული საქმე კიდევ უფრო გაიმყარა.
C ჯგუფი
პ.ს.ჟ. - ოლიმპიაკოსი 2:1
ანდერლეხტი - ბენფიკა 2:3
როცა გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გყავს, შეგიძლია ათი კაცითაც მშვიდად ითამაშო. შვედი საოცარ ფორმაშია, მიმდინარე გათამაშებაში მე-8 გოლი გაიტანა, რაც აქამდე მხოლოდ ოთხმა კაცმა მოახერხა - (ინძაგი, ვან ნისტერლოი, რონალდო, კრესპო). პარიზელებმა მოიგეს, ნაწყენი არც ბერძნები დარჩენილან, რადგან მომდევნო ტურში ბელგიურ „ანდერლეხტს" მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფშიც გააღწევენ. ბრიუსელში უცნაური თამაში გამოვიდა. აქამდე ამ ორ გუნდს ერთად 4 გოლი ჰქონდა გატანილი 4 თამაშში, გუშინ კი ერთბაშად 5 გაიტანეს. „ბენფიკამ" მართალია მოიგო, მაგრამ სასიხარულო ბევრი არაფერი აქვს, რადგან სავარაუდოდ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.
A ჯგუფი
ლევერკუზენი - ბაიერნი 0:5
შახტარი - რეალ სოსიედადი 4:0
5:0 ნამეტანია, 4:0-იც. გერმანიაში მასპინძლები შერცხვნენ, უკრაინაში სტუმრები. „ლევერკუზენმა" საქმე გაირთულა და ჯგუფიდან გასასვლელად ბასკეთში აუცილებლად მოგება სჭირდება, თან „შახტარმა" მანჩესტერში უნდა წააგოს. მეორე ალბათ პრობლემა არ იქნება, პირველის შესრულება კი ძალიან რთული იქნება, დონეცკში ბრაზილიელებმა „სოსიედადის" კარში 4 გოლი გაიტანეს და უკრაინელებს მოაგებინეს.