განათლების ახალი მინისტრი ძველი კადრებიდან მხოლოდ ერთი მოადგილის და დეპარტამენტის ერთი ხელმძღვანელის დატოვებას აპირებს.
თამარ სანიკიძე დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოადგილედ გადაყვანას გეგმავს, ყოფილ მოადგილეებს კი აღარ დააბრუნებს. განათლების ახალ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაიკავებს მოადგილის თანამდებობას, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროში ბევრი საქმე დაგროვდა, რომლის მოგვარებასაც მხოლოდ პროფესიონალები შეძლებენ.
"ვფიქრობ, დანარჩენი მოადგილეები ჩემს გუნდში ამ ეტაპზე არ დარჩებიან", - განაცხადა სანიკიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სურვილი ჰქონდა, თუმცა მენეჯერს "საკუთარ დანიშვნებს თავს არ მოახვევს". თამარ სანიკიძემ პრემიერს ამგვარი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.
"პოლიტიკური გადაწყვეტილებები გასაგებია, თუმცა, ვფიქრობ, სამინისტროში ისეთი სპეციფიკის საქმეა დაგროვილი, მარტო, პროფესიონალების გარეშე თავს ალბათ ვერ გავართმევ", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
თამარ სანიკიძეს ამ სიტყვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა "კერკეტი კაკალი" უწოდა, რადგან ახალ მინისტრს პრინციპული პოზიცია შენიშნა.
"ყველა მინისტრს მივეცი მოადგილეების არჩევის საშუალება. მქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ რადგან თქვენ ასეთი პრინციპული პოზიცია გაქვთ, თავს შევიკავებ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.