"თუ დავით ზურაბიშვილის რეაქცია მკვეთრი იყო, ესე იგი, მინისტრი თამარ სანიკიძე ძალიან ჭკვიანი ყოფილა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ზურაბიშვილის გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დავით ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა გაუწიეს, მინისტრის მოადგილედ რომ დარჩენილიყო, რასაც პრემიერი დაეთანხმა, თუმცა თამარ სანიკიძემ დაარწმუნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მისცემდა.
ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ უფროსს გუნდის დაკომპლექტების საშუალება უნდა ჰქონდეს.
"მინისტრმა მიმანიშნა, რომ მას საშუალება უნდა ჰქონოდა, თავად ჩამოეყალიბებინა თავისი გუნდი. ამის უფლება მას მივეცი და ეს არის ნორმალური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით ზურაბიშვილის ნებაა, დათანხმდება თუ არა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებს "რესპუბლიკურ პარტიასთან" კავშირი არ აქვს.
"ზურაბიშვილს ასეთი რეაქცია თუ ჰქონდა, ჩემთვის ეს გაუგებარია. ე.ი. ამ ქალბატონმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მე მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.