სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დღეს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა.
სახალხო დამცველმა მოისმინა პატიმართა პრობლემები და გაეცნო მათ მოთხოვნებს. ნანუაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია დაჩქარდეს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის პროცესი, მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნის გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობაზე. „აუცილებელია რაიმე მექანიზმის შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს პატიმართა საჩივრებზე, განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ პატიმრების საკითხი, ვისაც ბრალი არ უღიარებია და თავს უდანაშაულოდ და უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს ასევე რამდენიმე პატიმარი. ბევრი მსჯავრდებული უკანონობის, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ რეაბილიტაციაზე. წამებისა და ცუდი მოპყრობის არაერთი მსხვერპლი დღეს სათანადო ყურადღების და მკურნალობის გარეშეა დარჩენილი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად,"- განაცხადა სახალხო დამცველმა.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილი, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, შესაბამისი წინადადებებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს მიმართავს.