reportiori.ge - ლადო პაპავა: უნივერსიტეტში საკუთარი გუნდით მისვლა არ შეიძლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:38
პრეს-დაიჯესტი
ლადო პაპავა: უნივერსიტეტში საკუთარი გუნდით მისვლა არ შეიძლება
ავტორი:
07 დეკემბერი, 2013. 18:54

რექტორობის 100 დღე უკვე შეაჯამა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა ლადო პაპავამ. ჩვენი გაზეთი ამაზე უკვე წერდა, მაგრამ ამჯერად ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ვეწვიეთ იმ კითხვებზე პასუხის მისაღებად, რომლებიც ჯერ ისევ აწუხებს საზოგადოებას. რექტორის კაბინეტი საკმაოზე მეტად სადა და მოკრძალებულია, კედელს ორი დიდი ქართველის სურათი ამშვენებს - დავით აღმაშენებლისა და ივანე ჯავახიშვილის.


ინტერვიუზე მოსულს ბატონი ლადო სიამაყით მიჩვენებს ჯილდოს, რომელიც რექტორის რანგში პირველად დაიმსახურა - საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ სტუდენტებთან აქტიური თანამშრომლობისთვის რექტორს მადლობის სიგელი გადასცა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ლადო პაპავასთან კომუნიკაცია არ ჭირს, ხოლო რექტორატი ღია და გამჭვირვალეა, თუმცა... უკმაყოფილება ზოგიერთთა მხრიდან მაინც გამოითქვა.

 

 

- ბატონო ლადო, რა ვითარება დაგხვდათ უნივერსიტეტში, რამდენად კარგად ჩანდა გარედან ის, რაც შიგნით ხდებოდა?

- ველოდებოდი, რომ სამუშაო პროცესი იქნებოდა რთული, დაძაბული, მაგრამ საინტერესო. მთელი საზოგადოების მზერა რექტორისკენ არის მომართული და, ამდენად, პასუხისმგებლობაც დიდია. ჩემი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა... სამუშაო კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ასეთი სირთულის სამსახური ცხოვრებაში არ მქონია: არც ინსტიტუტის დირექტორობისას, არც მინისტრობისას, არც დეპუტატობისას...

 

- ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ცხოვრება რუტინულია და მას ცვლილებები გარეგნულად არც ეტყობა.

- გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს ცვლილებად. საზოგადოება, გასაგებია, რომ სწრაფ შედეგებს ელოდება. მეც მიყვარს მოძრაობა, აქტიურობა, მაგრამ რაც შეეხება რეფორმებს, ძალიან ვფრთხილობ.

 

- სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ცხადია, პრეტენზიები აქვს თავის დროზე უნივერსიტეტიდან უსაფუძვლოდ გაგდებულ პროფესურას...

- გასაგებია, მაგრამ აკადემიური ცვლილებების განხორციელება პრაქტიკულად, შეუძლებელია. კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ აკადემიურ პერსონალს თანამდებობა დაკავებული აქვს კონკურსის გზით და სანამ საკონკუროს ვადა არ გაუვათ, მათ თანამდებობაზე ყოფნას არაფერი ემუქრება. ბოლო ფართომასშტაბიანი კონკურსი 2012 წელს ჩატარდა. პროფესორები 6 წლით არიან არჩეულები, ასოცირებული პროფესორები 4 წლით. ე.ი. მე უფრო ადრე გამივა რექტორობის ვადა, ვიდრე პროფესორებს მოუწევთ არჩევნები...

 

- და რაც შეეხება ადმინისტრაციულ ცვლილებებს?

- ამ ნაწილში ნამდვილად არ ვჩქარობ იმიტომ, რომ ნებისმიერ სიჩქარეს შეცდომა მოჰყვება. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც იტყვის, ჩემი გუნდით მოვედიო. უნივერსიტეტში საკუთარი გუნდით მოსვლა არ შეიძლება. ეს დაწესებულება მრავალპროფილიანია. ამ ეტაპზე, მე დავამატე მესამე ვიცე-რექტორის თანამდებობა და ამ ადგილზე დავნიშნე ჩემი თანამოაზრე, პროფესორი მარინე ჩიტიშვილი. ჩვენ შევქმენით კომისია, რომელიც დაგეგმავს ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეფორმას. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს გაგდება, პირიქით, ვცდილობთ, რომ მოხდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოპტიმიზაცია, რათა იმუშაოს ეფექტიანად და გამჭვირვალედ.

 

- აკადემიურ რეფორმაში, როგორც ვიცით, იგულისხმება შრომის ანაზღაურების კორექტირება.

- დიახ, ჩემი აზრით, უფრო ადეკვატური უნდა გახდეს პროფესორების შრომის ანაზღაურება. დღეს მოქმედი სისტემის მიხედვით, პროფესორის ხელფასი დამოკიდებულია აუდიტორიაში ჩატარებული საათების რაოდენობაზე. რაც შეეხება მეორე კომპონენტს - სამეცნიერო მოღვაწეობას, დოქტორანტების თუ მაგისტრანტების ხელმძღვანელობას - ზოგადი ფორმულირებაა და ხელფასზე ასახვას ვერ ჰპოვებს, რაც ბუნებრივია, არასამართლიანია. ასევე ერთნაირად ფასდება 20-კაციან და 100-კაციან აუდიტორიაში წაკითხული ლექცია. არადა, ლექსცია მარტო წაკითხვა არ არის, პროფესორს უწევს ნაშრომების გასწორება, შეფასება და სხვ. ანუ ასეთი ტიპის რეფორმებით ვაპირებთ, უფრო დავაფასოთ პროფესორის მუშაობა. რეფორმის პროექტი წლის ბოლოსთვის ჩამოყალიბდება და ვნახოთ, რისი - გაკეთება მოხერხდება ახალი სემესტრიდან და რისი ახალი სასწავლო წლიდან.

 

- რექტორს სახელფასო დანამატი არა აქვს, თქვენ პრემია არ აგიღიათ. ესეც რეფორმის ნაწილია?

- რექტორის დანამატი და პრემია ბევრად ადრე გავაუქმე, ვიდრე მსგავსი აკრძალვა მომავალში სხვებზე გავრცელდება. 2014 წლიდან სახელფასო დანამატს ადმინისტრაციაში ვერავინ მიიღებს, პრემიას საერთოდ კი არ გავაუქმებთ, არამედ წინააღმდეგი ვართ გარანტირებული პრემიისა.

 

- თქვენ საარჩევნო პროგრამაში გეწერათ ფაკულტეტების დაშლა, მაგრამ ეს პროცესი ყოვნდება. ხელს რა გიშლით?

- არ ვჩქარობ, რადგან მექანიკური დაშლით არანაკლები ზიანი შეიძლება მიაყენო სასწავლო პროცესს, ვიდრე მექანიკური გაერთიანებით მოხდა. ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, ჩართული არიან თავად პროფესორები. უნდა გადაწყდეს ფაკულტეტების დაშლის შინაარსობრივი მხარე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შესასწავლია ამგვარი რეორგანიზაციის ფინანსური ნაწილი. როგორც ვიცით, უნივერსიტეტის დაფინანსების ძირითადი წყარო არის სტუდენტების გადახდილი სწავლის საფასური. სხვადასხვა ფაკულტეტს განსხვავებული შემოსავალი აქვს, ამდენად, აქაც გვაქვს პრობლემა.

 

- თქვენს მიერ არჩეულ მრჩეველთა საბჭოზეც გამოითქვა საყვედური...

- ბოდიში, მაგრამ, ვინ უნდა იყოს ჩემი მრჩეველი, ჩემი გადასაწყვეტია. ეს ინსტიტუტი მე არ შემიქმნია. ისე ადრე არსებოდა, თუმცა მოგვიანებით დაშალეს. საბჭოში სულ 10 წევრია, აქედან 7 უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია. ისინი ადრეც იყვნენ საბჭოში და, ასე ვთქვათ, საუნივერსიტეტო მეხსიერების ცოცხალი მატარებელნი არიან. სამი წევრი კი მე შევიყვანე. მათ მოსაზრებებს სიამოვნებით ვისმენ, რომელთა ნაწილი უკვე რეალიზაციის სტუდიაშიც კი არის. მოსაზრებათა ნაწილის, რეალიზაცია კი უფრო მომავალში განხორციელდება.

 

- თქვენ აღნიშნეთ, მხოლოდ სტუდენტების ფულით არსებობს უნივერსიტეტიო. როგორც ვიცით, ამას წინათ მიმართეთ მთავრობას, რომ დააფინანსოს დოქტორანტურა, რაც სულ რაღაც 11 მილიონ ლარს მოითხოვს. თუმცა ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ეს 2014 წლის ბიუჯეტით ვერ მოხერხდება.

 

- მთავრობას თავისი გათვლები აქვს, თუმცა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ მომავალ წელს თუ ვერ მოხერხდება, 2015 წელს მაინც გაითვალისწინონ. ჩვენ ასევე მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნით, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ ორი მნიშვნელოვანი სპეციალობა - გეოგრაფია და გეოლოგია და დააფინანსონ პირდაპირი, ისევე, როგორც სხვა 17 სპეციალობა.

 

- „რექტორობის 100 დღის" ანგარიშიდან გამოვყოფდი ორ მთავარ საკითხს: პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნას და მეორე, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის ჩამოყალიბებას. ორივე თქვენი ინიციატივაა?

- დიახ, 2014 წლიდან ვხსნით პოსტდოქტორანტურას, რაც სიახლეა მთელ საქართველოში. კონკურსის გზით შევარჩევთ არაუმეტეს 12 დოქტორს და მათ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით სამეცნიერო კვლევაზე მუშაობის საშუალება ექნებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაფინანსებთ, თუმცა, თუკი დამატებით რომელიმე დოქტორანტი დაფინანსების სხვა წყაროს მოიძიებს, მათაც ავიყვანთ, ოღონდ ყველა მათგანს გარკვეული მინიმალური სტანდარტი მაინც ექნება დასაკმაყოფილებელი. რაც შეეხება ხსენებულ კვლევით ცენტრს, ამ იდეის განხორციელებას ბიუროკრატიული პროცედურების გამო სამ თვეზე მეტი დასჭირდა. ცენტრმა გრანტები უნდა მოიზიდოს. ამ გრანტებით იმუშავებენ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, სტუდენტები, სხვა მკვლევარები, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს. ქვეყანას განვითარების მრავალი ასპექტი აქვს. ცენტრმა, ჩემი აზრით, უნდა გააერთიანოს მეცნიერების სხვადასხვა დარგი.

 

- და ლოგიკურად მივედით საინტერესო კითხვამდე - სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების გასხვისების თაობაზე ორი კვირის წინათ მიმართეთ მთავრობას. ეს საკითხი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, თუ რაიმე წინსვლა ჩანს?

 

- ეს საკითხი მეც ძალიან მაღელვებს. საქმე ის გახლავთ, რომ ამ თემის მიმართ დამოკიდებულება ჯერჯერობით იგივეა, რაც ძველ ხელისუფლებას ჰქონდა. მინდა თქვენი გაზეთის მკითხველმა იცოდეს, რომ ეს ქონება უშუალოდ არც ლადო პაპავას აინტერესებს და არც უნივერსიტეტს, როგორც ასეთს. ეს უპირველესად, აინტერესებთ თავად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. ჯერ ერთი, მათ არა აქვთ იურიდიული პირის სტატუსი, რასაც კანონში ცვლილება სჭირდება. მეორეც, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა ამ ინსტიტუტებს მიეცეთ არჩევანის საშუალება და ამ არჩევანის ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (ისინი ხომ თავიდან ამ სტრუქტურულ ერთეულში შედიოდნენ). ინსტიტუტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სად უფრო უმჯობესი იქნება მათთვის. ამას გარდა, არის მეორე თემა, რომელიც მთავრობამ გაახმიანა სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ. იქნებ იქ უკეთესია? - ინსტიტუტები მოლოდინის რეჟიმში არიან. ამიტომ ეს საკითხიც დროზე უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ. ჯერჯერობით ორი პროექტი მომზადდა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

- ბატონო ლადო, როცა ქვეყანაში არ არსებობს მეცნიერების განვითარების სტრატეგია, არავინ იცის, წინ რა გველოდება.

 

- მეცნიერების განვითარების სტრატეგია არაერთხელ დაწერა მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, მაგრამ, სამწუხაროდ, არასოდეს გამხდარა საჯარო განხილვის დოკუმენტი, მით უფრო, არასოდეს ყოფილა მთავრობის სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება დედაუნივერსიტეტს, ჩვენ ვართ კვლევითი უნივერსიტეტი, ამიტომაც რეფორმები სწორედ იქითკენ გვინდა წავიყვანოთ, რომ კვლევითი კომპონენტი უნივერსიტეტში წინ წამოვწიოთ. ამ ასპექტში უმთავრესი კვლავ ფინანსებია. უნივერსიტეტს არა აქვს სტაბილური განვითარების ფინანსური საფუძველი. მხოლოდ სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტებითა თუ მათ მიერ გადახდილი ფულით უნივერსიტეტს სტაბილური განვითარების საფუძველი ვერ ექნება. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს.


ესაუბრა თეა მოსია

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016