ქობულეთსა და ხელვაჩაურში უამინდობის გამო პრობლემები შეექმნათ მეციტრუსეებს. მათი თქმით, ძლიერი ყინვების გამო მოსავალი გაფუჭდა. როგორც მეციტრუსეები აცხადებენ, პრობლემებია მოსავლის ჩაბარებაშიც. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ბორანი პორტში ვერ შედის და ამ ეტაპისთვის არც კომპენსაციებია გათვალსწინებული.
„სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს მოსავალი არ აქვს აღებული. მთავრობა ვერ მუშაობს გლეხისთვის, არაა ის პირობები, რომ გლეხმა ციტრუსის მოსავალი აიღოს და ჩააბაროს. მანდარინის ჩაბარებისთვის უნდა არსებობდეს პუნქტები, რომ გლეხმა ჩაბარება შეძლოს", - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით კი, გაყინულ მანდარინთან დაკავშირებით, კომპენსაციები არ არის გამოყოფილი.
„15-თეთრიანი კომპენსაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოყო, უნდა იყოს მიმართული მიზნობრივად", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.