შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა პირველი სამუშაო დღე სატელევიზიო მედიასთან შეხვედრით დაიწყო. როგორც გუბერნატორი აცხადებს, რეგიონს კარგად იცნობს. მანამდე რუსიშვილი ბანკი „ქართუ"-ს გორის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გუბერნატორი განსაკუთრებულ ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებს დაუთმობს.
„პირველ რიგში განსახორციელებელი იქნება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დებულებით. დებულება რეორგანიზაციას გულისხმობს და თავისთავად სტრუქტურულ ცვლილებებსაც ითვალისწინებს. ამის შემდეგ დავკავდებით პრობლემების შესწავლით. პირადად ვაპირებ ყველა სოფელში ჩასვლას და ჩვენი მოსახლების პრობლემებისა და მოსაზრებების ადგილზე გაცნობას. ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის განვითარებისა და ჩვენი მოსახლების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა და აღნიშნა, რომ პრესასთან მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობა ექნება.
16 დეკემბერს გუბერნატორის ადმინისტრაციაში ახალი ავეჯი მიიტანეს. ზუსტად ერთი თვის წინ, როდესაც წინამორბედმა რწმუნებულმა ზურაბ ჩხეიძემ თანამდებობა დატოვა, საღამოს საათებში, რწმუნებულ-გუუბერნატორის აპარატს დაქვემდებარებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისი იმ ავეჯით დააცარიელეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წაღებული ავეჯი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკუთრება იყო.