საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ახალ წლამდე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც სოფლების - დიდი ხურვალეთის, გუგუტიანთკარის, კოშკას, ზარდიანთკარის, დიცის, მერეთის, წაღვლის, ატოცისა და კნოლევის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
შიდა ქართლის სოფლები სასმელი წყლის დიდ დეფიციტთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა და ზარდიანთკარი - იწყება წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიცი და მერეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში - წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ატოცი და კნოლევი, წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობასთან ერთად, დამატებით 5 ჭაბურღილის მოეწყობა.
პროექტის განხორციელებით შიდა ქართლის 9 სოფელში მოგვარდება მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 1 115 000.00 ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი საკუთარი ბიუჯეტიდან განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ სოფელში - დიდ ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, კოშკასა და ზარდიანთკარში წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოთხი ჭაბურღილი უკვე გაბურღა, რამაც აღნიშნულ სოფლებში უწყლოობის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოხსნა. ამჟამად, პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ამ სოფლებში წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა დაიწყება.