საქართველოს მთავრობა ცენტრალური ავტომაგისტრალის აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს გამოყენებული კერძო საკუთრების სანაცვლოდ, სოფელ ჩოლოქის მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემას იწყებს.
2010-2011 წლებში, როდესაც აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაზე გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოხდა გარკვეული თანხის კომპენსაციის სახით გადახდა, მოსახლეობა აცხადებდა, რომ არასწორად და არასრულად მოხდა მათი ნაკვეთების აზომვა. განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ ჩოლოქის მოსახლეობას შეექმნა.
2013 წელს ახალმა მთავრობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, ხელახლა, კატეგორიების მიხედვით მოახდინა მიწის აზომვა. დამატებით, კომპენსაციის თანხამ ჯამში 1 330 116 ლარი შეადგინა.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გაუთვალისწინებელ ჩოლოქის მოსახლეობის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის მიზნით დეპარტამენტი გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს და 2013-2014 წლებში გასცემს სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციას აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული ერთეული ღირებულებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოწოდებული მასალების შესაბამისად.
„საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გასულ წლებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე და თითოეული მოქალაქე, რომლის კერძო საკუთრებაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვდება, შესაბამის კომპენსაციას მომავალშიც სრულად მიიღებს", - ნათვამია მთავრობის კანცელარიის განცხადებაში.