reportiori.ge - უზნეობა საზღვრების გარეშე ჭაბუა ამირეჯიბისა და „დათა თუთაშხიას“ წინააღმდეგ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უზნეობა საზღვრების გარეშე ჭაბუა ამირეჯიბისა და „დათა თუთაშხიას“ წინააღმდეგ!
19 დეკემბერი, 2013. 18:22

ერთმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, თუ გაზეთის შაბათ-კვირის დამატებამ, რომელიც თავისი ინგლისურენოვანი სახელწოდებით ქართულ საზოგადოებრიობას ძალიან წინწაწეულ, ანუ გაამერიკულ ელიტურობას ეთამაშება, უკადრებელი იკადრა.


უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზნეობისა და უცოდინარობის დემონსტრაციით თავი მოიჭრა.

ან გაიკეკლუცა.


ერთი წერილის პუბლიკაციით - „ქართული სახელმწიფოს იდეა, ფუნქცია და გეოპოლიტიური დანიშნულება". უფრო ზუსტად, შესავალში დაფიქსირებული „ლიტერატურათმცოდნეობის" უადგილო და ჩაკვეხებული პასაჟის დემონსტრაციით, რომელსაც ავტორის მიერ შემოთავაზებულ თემასთან საერთო არაფერი აქვს და დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შედევრის „დათა თუთაშხიას" იდეის დისკრედიტაციის შხამგარეული უსუსური მცდელობაა.

უწინაც შეეცადნენ.

ახლა ეს ბილწი მისია ვინმე თეიმურაზ ზაქრაძეს დააკისრეს.


„დათა თუთაშხია", - წერს ეს გაუგებარი ვინმე, - ეგზომ გაპიარებული რომანი საბჭოთა დროს, ჩემი აზრით, დიდი იდეოლოგიური ნაღმი იყო ქართველი ერის ჭეშმარიტი ცნობიერების წინააღმდეგ".


„ასეთი გველეშაპის ნახვა არ მომხდენია არსად, ნახვა რაია, - მსგავსი არც გამიგონია და არც წამიკითხავს არაფერი", იტყოდა ამაზე თუთაშხია (ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია", თხზულებანი, ტ. 2, გვერდი 25).

შემდეგ - უარესი:

„მთლიანად რომანის არსი არის უიმედობა და მომავლის არარსებობა. სხვა განცდა, გარდა რუსეთთან ყოფნისა, ამ რომანის წაკითხვის შემდეგ არ რჩება... ამიტომ განვიხილავ ამ რომანს, როგოც იდეოლოგიურ იარაღს ერის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი არაფერს გაუკეთებდა რეკლამას, ეს რომ მისი ინტერესების გამტარებელი არ ყოფილიყო, ამიტომაც გადაიღეს ფილმი და ძალიან ხშირადაც აჩვენებდნენ".


ეს უკვე ფობიაა, იმ ყოველკვირეულის 13 დეკემბრის ნომრის პუბლიკაციიდან გადმოღებული ეს ციტატა.


ხოლო ის, რაც ამ მსჯელობას მოსდევს, თავდაჯერებული დილეტანტის ყალბი პოზაა, ცრუვაჟკაცობაა პიგმეის, რომელსაც თავი გოლიათთან მებრძოლ დავითად წარმოუდგენია.


„თავად მთავარი გმირი ვერ პოულობს გამოსავალს და ერიც უნდა შეეგუოს, რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ჩრდილოელი პატრონის გარეშე არაფერი გვესაქმება... ეს განწყობილება კლავს თავისუფლების ნებას, კლავს ბუნებრივ მოთხოვნილებას, იყო დამოუკიდებელი" (ზაქრაძე).


კლავს თავისუფლების ნებასო.


ფალსიფიცირებაა!

აგვიხსნას ზაქრაძემ - დათა თუთაშხიას პოზიცია „ადამიანმა თავის თავს თვითონ უნდა მისცეს თავისუფლება" - თავისუფლების და დამოუკიდებლობის ჩაკვლაა?!


„დათა თუთაშხია" პარტიულ-პოლიტიკური ტრაქტატი არ არის, საგაზეთო პუბლიკაციის ავტორის კრიტიკული მოთხოვნა რომ დააკმაყოფილოს: „(რომანში) ერთი სიტყვაც არ არის იმის შესახებ, თუ რანი უნდა ვიყოთ".

არც უნდა ყოფილიყო.


ჯერ ერთი, იმიტომ, რომ „დათას პოლიტიკა და პარტიები არ წამდა, არ ესმოდა, პოლიტიკურად უსწავლელი და ბნელი კაცი იყო, მაგრამ მეფეს და ჟანდარმებს რომ ყველაფერი ჯობდა, ეს იცოდა კარგად" (იქვე, გვ. 106).


მაგრამ მთავარი მაინც სხვაა, რასაც პროფესიონალი ლიტერატორები გვიმტკიცებენ - რომანის დედააზრი შინაგანი, სულიერი, ჭეშმარიტი თავისუფლების დამკვიდრებაა, რისი მიღწევაც შეუძლებელია საკუთარ თავთან მუდმივი და შეუპოვარი ბრძოლის გარეშე.

ესეც მეორე.


რევაზ თვარაძე რომანის წინასიტყვაობაში შენიშნავს: „ემპირიულ პლანზე გათამაშებული ტრაგედია შესაძლოა, წაკითხული იქნას... როგორც კაცთა მოდგმის თუ ყოველი ცალკეული ადამიანის სულში აღძრული ბრძოლა მისი შინაგანი საწყისებისა, როგორც კაცთა მოდგმის თუ ცალკეული სუბიექტების არსებაში, მის წიაღში გათამაშებული ტრაგედია" („ბედი საღმრთო რაინდისია", იქვე, გვ. 8-9).


და უფრო გასაგები რომ იყოს, განაგრძობს: „დათა თუთაშხიას მსგავს კაცებსო, ამბობს ელიზბარ კარიჭაშვილი ირაკლი ხურციძის ოჯახში გამართულ სუფრაზე, „ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ - საკუთარი არსება! ესენი დაუნდობლად, უკომპრომისოდ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან თავის თავს... ყველაზე კეთილშობილ, ხანგრძლივ და ულმობელ ომს გაუმარჯოს - ომს საკუთარ თავთან" (იქვე, გვ. 10).


თუ რამ კიდევ გაუგებარი დარჩა, დავუმატოთ: „ყოველი არსი მოვალეა, საკუთარი სრულყოფისათვის იღვაწოს. აქ არის საკუთარ თავთან ბრძოლის პრინციპის საფუძველი" (იქვე, გვ. 11).

რომანის დედააზრიც ესაა.


და თუ ხსენებული „კრიტიკული" გამოხდომის ავტორი რომანის ამ სიღრმისეულ შრეებს ვერ ჩაწვდა, ეტყობა, ძალიან შორს ყოფილა იმ მოთხოვნილებისგან, რომელსაც აკაკი ბაქრაძე „დათა თუთაშხიას" მისეულ წინათქმაში გვთავაზობს:


„როგორც ჩანს, ყოველი კაცის გვამში ღვთაებრივი სიყვარული უნდა ჩასახლდეს, ის ზნეობრივი იდეალი რომ განხორციელდეს, რომელსაც დათა თუთაშხიას პირონვება განასახიერებდა" („ტარიგი ღმრთისაი", იქვე გვ. 42).


ეტყობა, შორსა ვართ ამ იდეალისგან, რადგან უზნეობის ის ნიმუში, თუნდაც ერთადერთი, თუნდაც გამონაკლისი, მაინც და მაინც, იმ დღეს გამოქვეყნდა, როცა გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი - ბერი დავითი.

ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016