ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე 48 დევნილ ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ახალი ბინების გასაღებები გადასცა.
შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები დევნილთა სამინისტრომ ჩაუტარა და საცხოვებლად გადააკეთა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად სულ 195 განაცხადი შევიდა, რომელთაგან საბოლოოდ 48 ოჯახი შეირჩა. შესახლებამდე ორი დღით ადრე ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. შენობაში სულ 48 ბინაა, აქედან 16 ერთ ოთახიანი და 32 ორ ოთახიანი.
„უპირველესად მინდა მივულოცო 48 ოჯახს, რომელმაც მიიღო თავისი მუდმივი საცხოვრებელი, ეს ჩვენი უკვე 30-ე ობიექტია, ჩვენ გადავცდით 1200-იან მიჯნას, ანუ უკვე 1200-ზე მეტ ოჯახს გადავეცით ბინა და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეულ ოჯახს გადავცემთ ბინას", - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.