reportiori.ge - „ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, „შალახოს" გარდა“ (ექსკლუზივი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:35
ინტერვიუ
„ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, „შალახოს" გარდა“ (ექსკლუზივი)
ავტორი:
31 დეკემბერი, 2013. 15:16

ცალკე პრაქტიკის გამოგონება, მერაბიშვილისათვის, არ შეიძლება"

ნებისმიერი ასეთი საქციელი არც ლამაზია და არც საინტერესო" 

ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, შალახოს" გარდა

 

გასული წელი საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების წლად შევა. შეიძლება ითქვას, რომ ახალ წელს ახალარჩეულ, რიგით მეოთხე პრეზიდენტთან ერთად ვხვდებით. კოალიცია ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი ამომრჩევლების 62%-მა დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილი მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, 17 ნოემბერს შეუდგა. როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი განვლილ წელს, რა მიაჩნია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევად და რისი გაკეთება ვერ შეძლეს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კვირის პალიტრას" საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსკლუზიურად ესაუბრა.

 

- რა მიგაჩნიათ ამ წლის ქართული ოცნების" ყველაზე დიდ მიღწევად, წარმატებად და რას მიიჩნევთ მმართველი პოლიტიკური გუნდის სისუსტედ?

- 2013 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ფაქტობრივად, ეს იყო ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წელი და ჩვენ თავიდანვე უნდა გვეჩვენებინა ჩვენი პრიორიტეტები. 

ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ ჩვენი დამოკიდებულება. სოციალური მიმართულების პროექტები აყვანილ იქნა პრიორიტეტის რანგში. ეს იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, საყოველთაო დაზღვევა და შესაძლებლობის ფარგლებში სოციალური ხარჯების უზრუნველყოფა. ჩვენ განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო პროგრამა. ეს გახლდათ ბიზნესსოციალური პროექტი, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო სოციალურ კომპონენტზე და რომლის შედეგიც არის  სოფლად დასაქმებისა და ბიზნესის ზრდა. 

კიდევ ერთი სოციალური პროექტი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა, განათლების მიმართულება იყო, რომელსაც მე, როგორც მაშინდელი განათლების მინისტრი, ვკურირებდი და რაც ჩემ შემდეგაც გაგრძელდა. ეს გახლდათ სახელმძღვანელოების დარიგება მოსწავლეებისთვის, უფასო ფაკულტეტები, უფასო პროფსასწავლებლები, სკოლების რეაბილიტაცია... პარალელურად გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო წინა ხელისუფლების დროსაც. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმაჩნია, რომ ჩვენ ობიექტურად შევაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა - ეკონომიკური სიდუხჭირე და ის, რომ ამ სიდუხჭირის მყისიერი გამოსწორება შესაძლებელი იყო მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ქვეყანაში ეკონომიკურ სიდუხჭირესა და უმუშევრობის პრობლემას ბიუჯეტი ვერ გადაწყვეტს, რადგან ის მხოლოდ ბიზნესის განვითარებამ შეიძლება გადაჭრას.

თუ შევხედავთ საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ძალიან მცირეა, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფონზეც კი. გარდა ამისა, შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობა ცხადყოფს, რომ დოვლათის გადანაწილება მოსახლეობაში ძალზედ არათანაბარია. 

ასევე მცირეა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი - ის დაახლოებით 20%-ის ფარგლებში მერყეობს. მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 40-60% მაინც უნდა იყოს. ასევე თუ ჩვენ შევხედავთ ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, დავინახავთ, რომ ბიზნესი, ძირითადად, ფუნქციონირებდა საბიუჯეტო ინვესტიციების ხარჯზე და არც ეს არის მდგრადი ეკონომიკის მაჩვენებელი. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო რთულად და გრძელვადიანად მოსაგვარებელი პრობლემებია, რაც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და ამას დრო სჭირდება. შესაბამისად პირველ წელს, სანამ ეკონომიკა გაძლიერდებოდა, სოციალური პროექტებით მყისიერი შვება მივეცით ხალხს იმით, რომ არ გადაიხდიდნენ ფულს სახელმძღვანელოებში, მკურნალობაში, ხელი შევუწყვეთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რისი გაკეთებაც შევძელით, დემოკრატიული რეფორმების გატარება გახლდათ. 2013 წლის მეორე ნახევრიდან, როცა გამოცხადდა საარჩევნო კამპანია, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია დემოკრატიული, თანამედროვე, დასავლური სახელმწიფოს მშენებლობაზე. ეს გამოჩნდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების პროცესში და ამას ადეკვატური შეფასება მისცა როგორც ქართველმა საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა. საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დემოკრატიული პროცესის სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციას. 2013 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ამნისტიის ფონზე ქართველმა სამართალდამცავებმა შეძლეს ვითარების სრულად და კანონის ფარგლებში გაკონტროლება, რითიც უზრუნველყვეს ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და მშვიდი ფონი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის. 

აღსანიშნავია ასევე მასმედიის თავისუფლების ხარისხი და თუ გავიხსენებთ, როგორი წნეხი იყო მედიაზე წინა ხელისუფლების დროს, ეს განსხვავება თვალსაჩინოა.
შედეგების თვალსაზრისით, კიდევ ერთი ფაქტობრივი მაჩვენებელი ვილნიუსში პარაფირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, რამაც გახსნა ერთწლიანი გზა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. პარალელურად ჩვენ შევქმენით პოზიტიური დინამიკა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით.

ფაქტობრივი შედეგების გარდა, არსებობს ე. წ. ირიბი მაჩვენებლებიც, რაც შეიძლება პოზიტიურ მიღწევად ჩაითვალოს. ეს არის ბიზნესის გარემოს გაჯანსაღება, რაც გამოიხატა მთელ რიგ ქმედებებსა და პოლიტიკურ ნაბიჯებში. ჩვენ მოვახდინეთ ბიზნესის დეპოლიტიზაცია, მოიხსნა სახელმწიფო ზეწოლა ბიზნესზე, დაფუძნდა საინვესტიციო ფონდები, რამაც უნდა მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რასაც ბიზნესის მყარ და ჯანსაღ ფუნდამენტზე აშენება ჰქვია. 

ჩვენ მოვახერხეთ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, რაც არ ახსოვს ქართულ პოლიტიკას. კოალიციურ რეჟიმში ჩვენ მოვახერხეთ კოაბიტაციის გავლა სერიოზული ექსცესების გარეშე, დავასრულეთ კოაბიტაცია და არც კოალიცია ჩამოყალიბებულა ერთ პარტიად და არც დაშლილა. დასასრულ, 2013 წელს საქართველოში მოხდა ნებისმიერი ქვეყნის პოლიტოლოგებისთვის ძალიან საინტერესო ფაქტი - ბიძინა ივანიშვილის წასვლა თანამდებობიდან. ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა შესწავლის თვალსაზრისით, რადგან ასეთი რამ არათუ ყველა ქვეყანაში, ყველა ეპოქაშიც არ ხდება. არა მგონია, რომ ეს მოვლენა ჯერჯერობით სათანადოდ შეაფასა ქართველმა საზოგადოებამ, თუნდაც მისმა ინტელექტუალურმა ნაწილმა. ამას უფრო სპონტანური რეაქციები მოჰყვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ქართველ საზოგადოებაზე, პოლიტიკასა და სახელმწიფოზე მრავალი წლის განმავლობაში. აი, ასეთი იყო ჩემთვის გასული 2013 წელი. 

- თქვენ მხოლოდ მიღწევები ჩამოთვალეთ, მაგრამ რისი გაკეთება ვერ შეძლო მმართველმა გუნდმა გასულ წელს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვერ შევძელით, ბიზნესის განვითარებაა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა ერთ წელიწადში. დარწმუნებით კი იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოს ბიზნესპოტენციალი ბოლომდე არ არის ათვისებული და გამოყენებული. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა საბიუჯეტო ხარჯებზე კი არ იყოს დამოკიდებული, არამედ მათ უნარსა და ცოდნაზე. 
ჩვენ ასევე ვერ შევძელით გარკვეულწილად პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ამას ხშირად არასწორად უწოდებდნენ პიარს. 

ალბათ, ბევრჯერ გაგიგიათ დაახლოებით ასეთი ფრაზა: მიშას რომ ეს თემა ჰქონოდა, სხვაგვარად გააპიარებდაო. ეს არ არის მხოლოდ პიარის საქმე და ვფიქრობ, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ჩვენ უკეთ შეგვეძლო. მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი ის იყო, რომ ვხვდებოდი უამრავ ადამიანს და ვუყვებოდი მათ, რა გააკეთა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში და ეს უაღრესად პოზიტიურად მოქმედებდა აუდიტორიაზე, რაც გამოიხატა იმ მხარდაჭერაში, ამომრჩეველთა პროცენტულ რაოდენობაში, რამაც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამარჯვება მოგვიტანა არჩევნებში. შესაბამისად, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ აქტორებს ნაკლები დრო უნდა დაეთმოთ ოპოზიციის მიერ შემოგდებული, მეორეხარისხოვანი თემების განხილვისთვის, არამედ თავად შექმნა დღის წესრიგი. 

შენი ქვეყნის მოსახლეობა არა პიარისათვის, არამედ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად უნდა იყოს ინფორმირებული იმ საქმეების შესახებ, რასაც მისი ხელისუფლება აკეთებს. 

- სარგებლობთ საპრეზიდენტო კორტეჟით, თუ ისევ ფეხით დადიხართ სამსახურში?

- მე აქვე ვცხოვრობ, 50 მეტრში მთავრობის კანცელარიიდან. შესაბამისად, ხშირად დავდივარ სამსახურში ფეხით და ეს არ არის არც პოლიტიკური პრანჭიაობა და არც ჩემი თავმდაბლობა. 

ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად შეიძლება სახლიდან კანცელარიამდე ფეხით მოსვლა, ვიდრე მანქანით. 

- საინტერესოა იმ ადამიანების რეაქცია, ვინც დილაობით სამსახურში ფეხით მიმავალ პრეზიდენტს ხედავს... 

- ქუჩაში უმეტესად ისინი მხვდებიან, ვისაც ბოლო 40 წელია ყოველდღე ვხვდები და ვხედავ. ამიტომ სულაც არ უკვირთ ჩემი დანახვა. 

- პრეზიდენტის რეზიდენციაზე უარის თქმა "ქართული ოცნების" პრინციპული საკითხი იყო, თუ მართლა ფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის ასეთი სასახლე ძალიან პომპეზურია?

- ვფიქრობ, პომპეზურია. ელემენტარულად, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალობის ადეკვატური და თუ რამე უკვე აშენებულია ხალხის ფულით, ხალხს უნდა მოხმარდეს. ამ საკითხის განხილვა არჩევნებამდე ბევრად ადრე მოხდა. მაშინ მე ვთქვი პოლიტსაბჭოზე, რომ ეს სასახლე არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ფიგურის საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ფიგურა რეალურად ხალხის საკუთრებაა.  დიდი სახსრები შეიძლება დაიხარჯოს პარკებზე, მუზეუმებსა და სხვა საზოგადოებრივ სიკეთეებზე, მათ შორის სასწავლებლებზე. ჩემი ვერსია, რომ ამ შენობაში უნდა განთავსებულიყო სასწავლებელი, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გაიზიარა და არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი. დასანანია, რომ ეს საკითხი ზედაპირული დებატებისა და განხილვის საგანი გახდა. მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი არ იყო მიმართული არც პრეზიდენტის, არც სახელმწიფო ინსტიტუტის შესუსტებისკენ და არც მიშას ან სხვა ვინმეს მიმართ ჯიბრში ჩადგომას ემსახურებოდა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და იმავე აზრზე ვრჩები ახლაც. 

- თქვენი, როგორც პრეზიდენტის, უფლებამოსილება რამდენად შეესაბამება თქვენს სურვილებს? იქნებ გსურთ, უფრო აქტიურად იყოთ ჩართული ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და კონსტიტუციის ახალი რედაქციით გაწერილი უფლებები გზღუდავთ?
- არა მგონია, ასე იყოს. დაბალანსებული უფლებამოსილებები აბალანსებს მოლოდინსა და ვალდებულებებს. კონსტიტუციის დეტალების დახვეწა, ალბათ, შესაძლებელია, ამაზე ფიქრობენ კიდეც კონსტიტუციონალისტები. თანამედროვე სახელისუფლებო სისტემები მაშინ კი არ არის კარგი, როცა ისინი დიდი უფლებამოსილებებით არიან აღჭურვილი, არამედ მაშინ, როცა ეს უფლებამოსილებები დაბალანსებულია. მეტი უფლებამოსილება არასდროს ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, რომ რაღაც გააკეთო. 
მეტი უფლებამოსილება ნიშნავს მეტ ვალდებულებას და არასტაბილურობას, განსაკუთრებით საქართველოსთანა ქვეყანაში. 

- რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს საერთაშორისო დონის ოფიციალურ მიღებებსა და შეხვედრებზე? ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ეტიკეტის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს, რაც, ბუნებრივია, გამოცდილებასთან ერთად მოდის. რამე კონფუზი ხომ არ მოგსვლიათ, რასაც ახლა ღიმილით იხსენებთ?

- ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრები, რომელზეც პრეზიდენტის რანგში გახლდით, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შედგა. სამიტზე იყვნენ ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, მაგრამ გარემო ნაკლებად იყო პროტოკოლზე ორიენტირებული, უფრო მეტი იყო მსჯელობა, მოსაზრებების გაცვლა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. ამ ყველაფერს მიმდინარე აქტუალურმა მოვლენებმაც შეუწყო ხელი - ერთი მხრივ, უკრაინის მოვლენებმა, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და მოლდავეთის როლის წამოწევამ. ასეთი ხასიათის შეხვედრები ყოველგვარ კონფუზს ხსნიდა და ბევრად ნაკლები იყო ფორმალიზმი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩემთვის უფრო რთული იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ფორმალობები კიდევ ასათვისებელი მაქვს. ვილნიუსში იყო შემთხვევა, როცა სამი ქვეყნის ლიდერს ჩამოვართვი ხელი და მიმითითეს, რომ ფოტოს გადაღებისას სხვა მხარეს უნდა დავმდგარიყავი, მაგრამ ეს არც კონფუზს ქმნის და არც სახალისოა გასახსენებლად. 

- რა რეაქცია გქონდათ, როცა ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე ხელმოწერისას დარბაზში შალახო" და სულიკო" გაისმა?
- სიმართლე გითხრათ, არანაირი რეაქცია არ მქონია, რადგან ბევრი სხვა საფიქრალი მქონდა. იმ დროს, როცა შენ ირგვლივ სხედან ქვეყნების პრეზიდენტები, თითოეული მათგანისთვის ხელის ჩამორთმევა, მეგობრულად ორი-სამი სიტყვის გადალაპარაკება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ გარემოში ვიყავი და ვფიქრობდი სრულიად სხვა რამეზე და თითქმის არ მიმიქცევია ყურადღება, რა მელოდია ჟღერდა დარბაზში ხელმოწერისას. 

შესაძლოა, ეს გამოუცდელობის გამო მომივიდა. მხოლოდ შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ იმ დროს, როცა ვფიქრობდი ევროპული სახელმწიფოს მეთაურებისთვის რა მეთქვა, თურმე ისეთი რამ გამომრჩა, რაც ამაზე უფრო „მნიშვნელოვანი" იყო. როცა დავბრუნდი საქართველოში და ვნახე, რომ ერთი-ორი კვირა საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობდა იმით, რომ სიღრმისეულად განიხილავდა ამ საკითხს, დავდარდიანდი. ვილნიუსში მართლაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა და უმნიშვნელოვანესი ერთი წელი გველის წინ. ამ დროს კი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა მელოდია სჯობდა დაეკრათ დარბაზში.

- ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული და შეიძლება ითქვას, გაწერილია, მაგრამ არის საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში?

- ჩვენ ვნახეთ, როგორ განლაგდა გეოპოლიტიკური სურათი სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებით. ევროპას ჰქონდა ამ პროცესის სხვა ხედვა. ევროპული პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპის ეკონომიკური, სავიზო, კულტურული, პარტნიორული გაფართოებითა და გააქტიურებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ექვს ქვეყანაში იქმნებოდა საერთო-კონტინენტური სიკეთე. ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, კულტურული პროცესების ევროპულ რეჟიმში წარმართვა, გარდა იმისა, რომ ქმნის სიკეთეს თავად ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, სასიკეთოა ამ ქვეყნების მეზობლებისთვისაც და მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვისაც. ასეთი იყო ევროპელი ლიდერების შეფასებები ვილნიუსის სამიტზე არაფორმალურ  შეხვედრებზე. 

ევროპელი ლიდერები გულწრფელად ამბობდნენ: შევხედოთ ევროპის ბოლოდროინდელ ისტორიას, ჩვენ ვფართოვდებით, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი იზრდება, იზრდება სიკეთე, რომელსაც ჩვენი ხალხი მოიხმარსო. ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერი საუბრობდა თავისი ქვეყნის გამოცდილებაზე, თუ როგორ გაიზარდა ბოლო 15 წლის განმავლობაში მათი ვაჭრობა, საშუალო ხელფასი, მთლიანი შიდა პროდუქტი. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციისათვის ყველაზე უსაფრთხო საზღვრები სწორედ ის საზღვრებია, რომელიც რუსეთს ევროპასთან აქვს. რუსეთის ფედერაციისათვის ყველაზე ნაკლებად პრობლემური მეზობელი, რომლისგანაც არ ელის თავდასხმას, სწორედ ევროპაა. მაშ, რატომ შეიძლება, რომ ევროპის გაფართოების ეს პარადიგმა, რომელიც თავადაც არ აძლევს ხელს რუსეთს, შეცვალოს იმ პარადიგმით, სადაც უკრაინისთვის ევროპამ და რუსეთმა უნდა იბრძოლონ? მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ დავინახეთ რუსეთის ფედერაციის ლოგიკა უკრაინის საკითხში, რომელიც ამბობს - ან ჩემია, ან სხვისიო. ამან დაგვანახა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხედვა შესაძლოა გავრცელდეს აღმოსავლეთპარტნიორობის სხვა ქვეყნებზეც.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, არც განგაშს ვტეხთ და არ ვამბობთ, რომ მგელი მოდის, მაგრამ წინარე გამოცდილება, უკრაინის მაგალითი, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ასეთი ხედვა არსებობდეს. მაგრამ ამ საფრთხეებს რომ ავწონით, ვხედავთ, რომ რუსეთს ამოწურული აქვს საქართველოზე ზეწოლის, ასე ვთქვათ, ზეწოლის პოზიტიური პოტენციალი, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნებთან აქვს შემორჩენილი. ჯერჯერობით, რუსეთ-საქართველოს შორის არ არსებობს ისეთი პოზიტივი, რაზეც პედალირებით ის შეძლებს საქართველოს თავისუფალი არჩევანის შეცვლას. და კიდევ, მე არ ვიცი სხვა სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელიც ასე კონსოლიდირებული იქნებოდა თავის ევროპულ არჩევანში. 

- .. მცოცავი ოკუპაცია არ შეიძლება იყოს აღქმული როგორც რუსეთისგან ზეწოლის მექანიზმი?

- ალბათ, ამას უფრო მცოცავი ბორდერიზაცია ჰქვია, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ნაკლებად არის ამ თამაშის ნაწილი. მე მავთულხლართების გავლებაში რამე სერიოზულ ან სამხედრო-სტრატეგიულ, გეოპოლიტიკურ შტრიხებს ნაკლებად ვხედავ. ნათელია ყველასთვის, რომ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით სასაცილოა მავთულხლართის გავლება. მავთულხლართი ივლება ადამიანებისთვის და არა ტანკებისა და ჰაუბიცებისთვის. ეს მავთულხლართები იმისთვის არის, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, ვისაც სჭირდებათ ჩვენთან ურთიერთობა, გართულდეს მიმოსვლა და კომუნიკაცია.

- თუ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი მკაფიო და ნათელია, სამაგიეროდ, ბუნდოვანებაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში... 

- ჩემი აზრით, ამ ორი ქვეყნის მომავალი, ისევე როგორც ეს ისტორიულად იყო, რთულია. თუმცა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ, ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვითარდება - ანუ ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის ორი ფორმატი: ჟენევა და პრაღა. პრაღა, ძირითადად, ორიენტირებულია კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც თავისთავად პოზიტიურია. ამ ორი ფორმატის განცალკევება სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ნელ-ნელა ღვინის, მინერალური წყლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა რუსეთის ბაზარზე, რაც ქმნის დადებით ფონს და ამ ფონმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა ჩვენ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ საკითხებზე. პოლიტიკურ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ ომს, რომელიც წარმოებს ორ სახელმწიფოს შორის, ლოგიკა უნდა ჰქონდეს. წამიკითხავს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომ თემური წყობილების დროს გასართობად ომობდნენ.

მას შემდეგ, რაც ადამიანები გადავიდნენ ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე, ომს აწარმოებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესებისთვის. შესაბამისად, ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაპყრობას თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს. 2008 წლის ომი ამ თვალსაზრისით უპრეცედენტო ომი იყო, რომლის შედეგადაც რუსეთის საერთაშორისო იმიჯი შეილახა, როგორც მეზობელი ერის მჩაგვრელისა, რომელთანაც აკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული თანაცხოვრება. არც ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ყოფა გაუმჯობესებულა, ვინც მავთულხლართებს მიღმა დარჩა. საქართველოსთვის ეს იყო ტრაგიკული და მძიმე დარტყმა. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ვითარების შენარჩუნება არავის უნდა აძლევდეს ხელს. საქართველოს დემონიზაცია ვეღარ მოხდება, ვერ მოხდება საქართველოს წარმოჩინება როგორც აგრესორისა, რადგან საქართველოს მთავრობა ძალიან რაციონალურ, მშვიდ პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, არსებულ ვითარებას მშვიდად თუ შევხედავთ, რუსეთის ფედერაციას უნდა აძლევდეს ხელს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური მეზობელი, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეზობელი ქვეყნის, მის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. შესაბამისად, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისკენ, სიტუაციის დამშვიდებისა და გარემოს დაწყნარებისკენ. ასეთია ლოგიკური სცენარი.

- მაგრამ რუსეთი ხშირად იქცევა ალოგიკურად...

- პოლიტიკური ლიდერები ხშირად იქცევიან ალოგიკურად და არ მინდა დავასახელო, კონკრეტულად ვინ და როდის. მაგრამ ერთია გარკვეული მოქმედებები და მეორე ამ დე ფაქტო ვითარებიდან ყველა ჩვენგანის გამოსავალი. ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ ჩვენი პოლიტიკური ვექტორი მსოფლიოს. 

საქართველო არ იქნება მეზობელი, რომელიც პრობლემებს შექმნის, თუმცა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და ამას მოითხოვს ყველა მეზობლისგან. ამ გზიდან ჩვენ ვერ გადაგვიყვანენ. 

- თქვენი ხელფასი 9.000 ლარამდე იზრდება. აქამდე რამდენი გქონდათ და არ გყოფნიდათ?

- ხელზე ავიღებ 7.200 ლარს. მანამდე დაახლოებით ამის ნახევარი ჰქონდა წინა პრეზიდენტს. ეს თემა, ისევე, როგორც "შალახო" ვილნიუსის სამიტზე და ჩემი არშესვლა პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართული საექსპერტო საზოგადოების ღრმა კვლევის საგანი გახდა. შემიძლია მარტივად ავხსნა, რამ გამოიწვია ჩემთვის ხელფასის გაზრდის საჭიროება და დასამალიც არაფერია. 

4 ათასი ლარი არ იყო ის თანხა, რითაც რეალურად ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორც კი შევუდექი მოვალეობის შესრულებას, გადავწყვიტე, რომ საზოგადოების მოტყუება და პრეზიდენტის ხარჯების სხვა უწყებებზე გაწერა უნდა დასრულებულიყო. პირდაპირ ვთქვი, რომ როცა გაქვს ასეთი სტატუსი, შესაბამისად, გაქვს ხარჯები, რისთვისაც 3-4 ათასი ლარი არ არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ თანხით ვიცხოვრო, თუმცა ჩემი ხელფასი პოლიტიკაში მოსვლამდე მეტიც ყოფილა, არამედ იმიტომ, რომ  ამ სტატუსით ვერ შეძლებ ამ თანხით ცხოვრებას. ან უნდა მოიტყუო... 

- როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადასვლამდე რამდენიმე თვე ისვენებს. თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა და რა საკითხებზე?

- ბიძინას ვხვდები ხოლმე. იცით, ალბათ, რომ ის ჩემი მეგობარია. ვლაპარაკობთ ყველაფერზე და, ბუნებრივია, ამ დისკუსიების ნაწილი არის პოლიტიკაც. ვლაპარაკობთ ყველაფერზე, „შალახოს" გარდა...

- ჯერ კიდევ განათლების მინისტრად ყოფნისას ჩემს გადაცემაში თქვით: პლასტელინის კაცი ვარო. შემდეგ, ძალიან მალე, პრეზიდენტობის კანდიდატად დაგასახელეს და ამ ფრაზას მედია და თქვენი პოლიტიკური ოპონენტები აქტიურად იყენებდნენ სულ სხვა კონტექსტში. ხომ არ ნანობთ მაშინ ნათქვამ ამ სიტყვებს?

- მახსოვს, მოხვედით და თქვენმა გადამღებმა ჯგუფმა ჩემს კაბინეტში სრული ქაოსი მოაწყო, ყველაფერი გადააადგილეთ და მერე მკითხეთ, ნუთუ თქვენი წინამორბედის შემდეგ არაფერი შეგიცვლიათო და მეც გიპასუხეთ, რომ ადვილად ვეწყობი იმ გარემოს, რომელიც მხვდება. ნამდვილად არ მინანია ეს სიტყვები, რადგან ამ ფრაზას თუ არა, სხვა რამეს გამოიყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტები. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე ვთქვი კიდეც, რომ ეს იქნებოდა პიროვნულ შეურაცხყოფაზე აგებული პიარკამპანია, რადგან რეალური პოლიტიკური არგუმენტები ოპოზიციას ჩემს წინააღმდეგ არ ჰქონდა. 

- რას უკავშირდება ბოლო დროს პროკურატურის გააქტიურება? ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მასზე ზეწოლაა, და გიგი უგულავასთვის წაყენებული ახალი ბრალდება. უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მერაბიშვილის განცხადებაზე და საზოგადოდ, როგორი უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია, რათა საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს?

- მინდა დეტალურად მივყვე თქვენს შეკითხვას. ჩვენი ოპონენტების იდეოლოგია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობდა ისტერიკული განცხადებების გაკეთებაში იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური დევნაა. მათ ახლა კი არ დაუწყიათ ლაპარაკი „რეპრესიებზე", უბრალოდ, ისინი ყოველთვის ეძებენ საბაბს იმისა, რომ პედალირება მოახდინონ „პოლიტიკურ დევნაზე".

ერთხანს შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ „ნაცმოძრაობას" საკუთარი თავის ისეთ პრივილეგირებულ კასტად გამოცხადება უნდოდა, რომელსაც კანონები შერბილებული ვერსიით უნდა შეხებოდა და თუ ეს ასე არ მოხდებოდა და კანონი მათთვისაც ისეთივე იქნებოდა, როგორიც ყველასთვის, პოლიტიკურ დევნაზე მოჰყვებოდნენ ლაპარაკს. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში უაღრესად რთულ კოაბიტაციურ რეჟიმში ჩვენ შევძელით ქართველი საზოგადოებისა და  უცხოელი პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოში  კანონები ერთნაირად ეხება ყველა მოქალაქეს, მათ შორის როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების წევრებსაც. 

ახლა რაც შეეხება მერაბიშვილის საქმეს.

არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს შემთხვევა ცალკე უნდა გამოიყოს, იმიტომ, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს ეხება. შესაბამისად, რაიმე ცალკე პრაქტიკის გამოგონება ყოფილი ან მოქმედი  თანამდებობის პირებისთვის ან, მაგალითად, ვანო მერაბიშვილისათვის, არ შეიძლება. გამოძიება კონკრეტულად უნდა იყოს დამოკიდებული იმ პროცედურულ ნორმებზე, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. არაფრისდიდებით არ შეიძლება ამ ნორმებიდან გადახვევა პოლიტიკური მოტივაციით. 

ამ საქმის გახმაურების პირველივე წუთებიდან განცხადებებს აკეთებდნენ არა იურისტები, არამედ პოლიტიკოსები, რითაც ყოველივეს პოლიტიკური ელფერი მიეცა. არადა, ეს ყოველივე არის სამართალდამცავების, იურისტების კომპეტენცია და შესაბამისად, მათ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით უნდა განახორციელონ პროცესი. 

- საინტერესოა, როგორ შეაფასა პრეზიდენტმა ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში? 

- ნებისმიერი ასეთი საქციელი არც ლამაზია და არც საინტერესო, მაგრამ ამ ფაქტის ზედმეტად დრამატიზება მოხდა, თითქოს დაინგრა ქვეყანა. ეს გარკვეულწილად „შალახოს" სერიალის გაგრძელება იყო. 

- რა იქნება თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო საახალწლო საჩუქარი და ვის მიულოცავთ პირველად ახალ წელს?

- არასდროს არავინ მჩუქნიდა საახალწლო საჩუქრებს... 

- დარწმუნებული ვარ წელს სხვაგვარად იქნება და ბევრ საჩუქარს მიიღებთ...

- გასულ წელსაც მივიღე ფორმალური საჩუქრები როგორც განათლების მინისტრმა. ვახარისხებ ხოლმე და ტკბილეულს ბავშვებს ვურიგებ. ისე კი ჩემს ოჯახში არ ყოფილა ახალ წელს საჩუქრის გაკეთების ტრადიცია. პირველად, ალბათ, ახალ წელს ოჯახის წევრებს მივულოცავ. 

- რას უსურვებთ საქართველოს მოსახლეობას ახალ 2014 წელს?

- არა მხოლოდ ვუსურვებ, არამედ მინდა, ამ ყველაფერს მივაღწიოთ. ის უნიკალურობა, რაც არის ჩვენს ერში და რომელსაც ძირითადად ქმნიდნენ ინდივიდები - ანბანი, „ჩაკრულო" და „მრავალჟამიერი", ვაჟა და ბარათაშვილი, ჯვარი და დიდგორი, 26-საუკუნოვანი ებრაული დიასპორა, რომელიც საქართველოში არსებობს, სულიერება, რომელიც ქართულმა ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახა, ტოლერანტობა და სიყვარულის გაცემის არაჩვეულებრივი უნარი. სულ ახლახან მომხდარი ამბავი მახსენდება. თუ არ ვცდები, სტალინის დროს გადასახლებული ქისტები როდესაც უკან დაბრუნდნენ, მათ სახლებში ჩასახლებულმა ქართველებმა არა მარტო სრულად დაუბრუნეს სახლები, არამედ ქონება და ჩაუმქრალი კერა; ასეთი უნიკალური მაგალითები აღგაფრთოვანებს. ჩემი მიზანია, სწორედ ეს უნიკალურობა, რომელიც ინდივიდებში არსებობს, სახელმწიფოებრივ ტრადიციებში გადავიდეს, რათა ჩამოყალიბდეს სტაბილური სახელმწიფოებრივი სისტემა და ამ განსაკუთრებულობას მიეცეს გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობა.  


ემა ტუხიაშვილი

კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016