reportiori.ge - ეს ეხება ოჯახს და ამის გახმაურება არ შეიძლება - ჩემს თვალწინ ზვიადი დგას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:06
ინტერვიუ
ეს ეხება ოჯახს და ამის გახმაურება არ შეიძლება - ჩემს თვალწინ ზვიადი დგას!
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 18:08

შეიარაღებული ოპოზიციის მიერ მოწყობილმა სამხედრო გადატრიალებამ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა, 1992 წლის 6 იანვარს საქართველო დაეტოვებინა. სომხეთის რესპუბლიკაში 9-დღიანი მძიმე ოდისეის შემდეგ ის უკვე გროზნოში მიიღო ჩეჩნეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ დღეს იხსენებს ვეტერანი მფრინავი ზაურ ბედია, რომლის ეკიპაჟმაც (თვითმფრინავი „ტუ-134", ბორტის ნომერი 65893) ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობის წევრები ერევნიდან გროზნოში ჩაიყვანა:


- 1992 წლის 10 იანვარს გამომიძახა სოხუმის აეროპორტის მაშინდელმა უფროსმა და მეორე სართულზე ამიყვანა. ოთახში დამხვდა 15-20 ფაფახიანი მამაკაცი, მითხრეს: დავალება გაქვთ, უნდა ჩახვიდეთ გროზნოში, შეხვდეთ ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევს, მოილაპარაკოთ და ზვიად გამსახურიას უშველოთო. მოგეხსენებათ, მაშინ რა მდგომარეობაც იყო - თბილისში მოხდა გადატიალება, ზვიადსა და მის მთავრობის წევრებს დატოვებული ჰქონდათ საქართველო... სამწუხაროდ, აზერბაიჯანელებმა ისინი არ მიიღეს, არც თბილისში გამოუხატავთ მფრინავებს ენთუზიაზმი, დახმარება გაეწიათ პრეზიდენტისთვის. თავს არ ვიქებ, მაგრამ უკან არ დავიხიე და დავალების მისაღებად ჩემი ეკიპაჟის წევრებთან - ოთარ შენგელიასთან, გალაქტიონ ნემსაძესთან და ვალოდია არუთინოვთან ერთად გროზნოში გავემგზავრე. ჩაფრენიდან ორი დღის შემდეგ ჯოჰარ დუდაევს შევხვდი. გულთბილი მიღების მერე მითხრა, რა მისიაც გვეკისრებოდა და მე და ჭემს ეკიპაჟს. ორი დღის განმავლობაში ვამუშავებდით ვარიანტებს, როგორ და რა გზით განგვეხორციელებინა უსაფრთხო ფრენა გროზნოდან ერევანში და პირიქით.


- გვიამბეთ ჯოჰარ დუდაევთან საუბრის დეტალები.

- ჯოჰარმა მითხრა - როგორც ქართველი, ამ ოპერაციას შენ უხელმძღვანელებო. პარალელურად, სამი დღის განმავლობაში ჯოჰარის ხალხი მოლაპარაკებას აწარმოებდა ერევანში სომხეთის პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანთან. მახსოვს, ჯოჰარმა ტელეფონით საუბრის დროს ტერ-პეტროსიანს უთხრა: „სლუშაი, მუჟიკ, ესლი ს პრეზიდენტსკოი გოლოვი უპადიოტ ხოტ ოდინ ვოლოსოკ, ია ტებე კისლოროდ პერეკროიუ".


- როდის ჩაფრინდით ერევანში და ეკიპაჟის წევრების გარდა, ვინ გახლდათ?

- 15 იანვარს ერევანში ჩავფრინდით. ჩემი ეკიპაჟის გარდა, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ოთხი ახალგაზრდა ჩეჩენი და ჩეჩნეთის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს იყო ურთულესი რეისი, როდესაც საქართველოს საჰაერო ზონაში შემოვედით, დისპეტჩერს მოვატყუე, კალინინგრადის თვითმფრინავია-მეთქი, ხომალდში ყველა მაჩვენებელი თითქმის გამორთული მქონდა. სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ კი მათ დისპეტჩერს ვაცნობე, სატვირთო რეისია-მეთქი. მკითხა, აქედან რა უნდა წაიღოო? ვუპასუხე, კონიკაის მეტი რა გაქვთ წასაღები-მეთქი?


- ერევანში ვის მიაკითხეთ?

- მე და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აეროპორტის დირექტორს მივმართეთ - კაზარიანი იყო გვარად. ორი მანქანა მოგვცა და პირდაპირ მოსალაპარაკებლად გაგვიშვა. აეროპორტიდან რეზიდენცია შორს იყო, ზყიადს აცნობეს ჩემი ჩასვლის შესახებ და, ჩემი ვარაუდით, ზვიადმა დაადასტურა, რომ მე მელოდეოდა. ადგილზე მისულებს დიდხანს მოგვთიხდა ლოდინი, დილის 5 საათზე მე და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რეზიდენციის ეზოში შეგვიყვანეს (შესვლამდე ათჯერ მაინც გაგვჩხრიკეს). აუზთან დავინახე ძალიან დასუსტებული, ფერმკრთალი, მაღალი კაცი („პლაშჩი" ეცვა) - ეს იყო ზვიად გამსახურდია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი, ზვიადს პირადად არ ვიცნობდი, ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მასთან. გვერდით ედგნენ მეუღლე, შვილები, მანანა ძოძუაშვილი და დაცვის 19 წევრი. აქვე ხმამაღლა უნდა განვაცხადო - ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ზვიად გამსახურდიამ საქართველოდან მილიარდები გაიტანა, საშინლად ცდება, საქართველოს პრეზიდენტს აქედან არაფერი წაუღია. ახლაც თვალწინ მიდგას შიმშილისგან დასუსტებული ზვიადი, რომლის მხლებლებსაც ერთ „ბუხანკა" პურში „კალაშნიკოვის" ავტომატს სთხოვდნენ.


- რა ინფორმაცია ჰქონდა ზვიად გამსახურდიას თქვენს შესახებ?

- ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა! ვინ მიაწოდა ინფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ ჩემი იმედი ჰქონდა და მე ეს იმედი გავამართლე.


- როგორ გაემგზავრეთ რეზიდენციიდან აეროპორტში?

- ტერ-პეტროსიანმა რვა მანქანა მოგვცა. აეროპორტში მივედით არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი გზით. ჩვენს თვითმფრინავთან ტრაპი აღარ იყო, გვერდით იდგა 4-ძრავიანი „ან-12" მარკის თვითმფრინავი. იქაურობა სავსე იყო რუსული ჯარით, მაგრამ რატომღაც არც გვიყურებდნენ. ვუბრძანე, თვითმფრინავთან ტექნიკური კიბე გაეკეთებინათ - აი, ამ კიბით ავიდნენ ზვიადის თანმხლები პირები, ბოლოს კი - მე და ზვიადი. სანამ თვითმფრინავში ავიდოდით, კამერით ვიღაც რუსი ჟურნალისტი მოვიდა, ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა. ზვიადი დათანხმდა, მაგრამ დრო არ ითმენდა, გავბედე და ვუთხარი - ბატონო ზვიად, თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, წუთები დათვლილი გვაქვს-მეთქი. ზვიადი გადამეხვია, მიტრიალდა და კიბეზე ავიდა. ის ჟურნალისტი უკან გამომყვა - ვინ ხართ, ინტერვიუს აღებაში ხელს რომ მიშლითო? ზემოთ იდგა ერთ-ერთი ჩეჩენი ბიჭი, დაუყვირა, შეასრულე, რასაც მეთაური გეუბნებაო. ჟურნალისტი, მგონი, კიბიდან ძირს ჩავარდა. ავიღე კიბე, მივხურე კარი და ასაფრენად მოვემზადე.


- სად იჯდა პრეზიდენტი?

- მგზავრთა სალონში, მფრინავების კაბინაში არ შემოსულა. აფრენამდე დისპეტჩერმა გამაფრთხილა, სანამ 6 ათას მანეთს არ გადაიხდით, ვერ გაგიშვებთო. 6 ათასი კი არა, 6 მანეთიც არ გვქონდა. ჩემს გვერდით იჯდა აეროპორტის დირექტორი კაზარიანი - გადმომიგდე „ნაუშნიკებიო", - მითხრა და სომხურ ენაზე დისპეტჩერს რაღაც დაელაპარაკა.


- მალევე აფინდით?

- დიახ. უკანა გზაზეც ხერხს მიმვმართე, თვითმფრინავში გავთიშე ყველა მაჩვენებელი. თბილისს არ ვიყავით მიახლოებული, რომ ოთარ შენგელიამ მეგრულად მითხრა, მეზობლები გვაცილებენო - გვერდით მოგვყვებოდა ორი ავიაგამანადგურებელი. წესით, სამეულო უნდა ყოფილიყო, ალბათ, ერთი ჩვენი თვითმფრინავის ზემოთ მოფრინავდა. არავისზე ნაკლები მფრინავი არ ვარ, ჰაერთში ისეთი ილეთები გავაკეთე, იფიქრებდნენ, ვიღაც გიჟიაო. ყველა დაძაბული იჯდა, როგორც იქნა, ჩამოვიშორე ის გამანადგურებლები. თბილისის დისპეტჩერს ვუთხარი, დასავლეთისკენ მივფრინავთ-მეთქი, მაგრამ კურსი ავიღე ჩრდილოეთისკენ. როცა ლოკატორმა სხვა მიმართულება აჩვენა, დისპეტჩერმა მითხრა, რატომ მომატყუეო, ყაზბეგისკენ როგორ მოხვდითო? - მეორე პილოტი ახალგაზრდა მყავს, იმას შეეშალა-მეთქი. ახლა მარტივად გიყვებით, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული რეისი!


- ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტი თქვენს კაბინაში არ შემოსულა?

- არა. თბილისის თავზე როდესაც ვიყავით, ვთქვი, პრეზიდენტი შემოვიდეს, თბილისს გადახედოს-მეთქი, მაგრამ ზვიადი კაბინაში არ შემოვიდა. რუსეთის საჰაერო სივრცეში როდესაც შევედით, დისპეტჩერმა ისევ გამაფრთხილა, მინერალური წყლების აეროპორტში დაჯექით ან როსტოვშიო. ისევ გამოვრთე ყველა მაჩვენებელი და კავკასიონის ქედს გავყევი. როგორც იქნა გროზნოში ჩავფრინდით.


- რამდენ ხანს გაგრძელდა ფრენა?

- 40 წუთი, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო 40 წელი. ზვიად გამსახურდია გროზნოში ჩავიყვანე „ტუ-134"-ით, რომლის ბორტის ნომერიც იყო 65893. ეს თვითმფრინავი შემდეგ რუსებმა ჩამოაგდეს ომის დროს... თვითმფრინავიდან გადმოსულები მიწას კოცნიდნენ. იმავე ღამეს „ვრემიაში" ჩემი გვარი და სახელი ახსენეს, აჩვენეს ერევნის აეროპორტში გადაღებული სურათები, აცხადებდნენ, ბედიას თვითმფრინავი გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდაო. დილით გაუგიათ, გროზნოში რომ ჩავფრინდით.


- პრეზიდენტს ნერვიულობა თუ შეატყვეთ, ან მიიღო თუ არა რაიმე დამამშვიდებელი ფრენის წინ?

- პრეზიდენტი სუსტად კი იყო, მაგრამ დამამშვიდებელ აბებსა და ასეთ რაღაცებზე საუბარი ზედმეტია, ჩვენ ყველანი სიკვდილზე მივდიოდით.

გროზნოს აეროპორტში მანქანები დახვდნენ და უცებ წაიყვანეს რეზიდენციაში. დილის 5 საათზე ერთად მოვიყარეთ თავი. პრეზიდენტს მივმართე - ბატონო ზვიად, სოხუმში წამოხვალთ-მეთქი? მიპასუხა - არა, ბატონო ზაურ, ვრჩები, თქვენ უნდა გაემგზავროთო.

დილის 6 საათზე გროზნოდან სოხუმისკენ გამოვფრინდი. გივი ქობალია გვახლდა, სუსტი და მაღალი კაცი. ვიფიქრე, სოხუმის აეროპორტში აუცილებლად გადაგვიღებენ, ზვიადის მსგავსად ქობალიას პლაშჩი ჩავაცვათ და ისე გავიყვანოთ-მეთქი. მართლაც ჩავაცვით, მარცხნივ და მარჯვნივ ბიჭები ამოუდგნენ და ასე გავიყვანეთ აეროპორტიდან, ყველას ზვიადი ეგონა. ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ის მე ჩავიყვანე სოხუმში. საერთოდ კი, მე და ზვიად გამსახურდია მოლაპარაკებული ვიყავით - როცა დრო მოვიდოდა, გროზნოდან თბილისში მე უნდა ჩამომეყვანა. მაგრამ ასე არ მოხდა.


- ვინ ჩამოიყვანა ზვიად გამსახურდია საქართველოში?

- ჩეჩნებმა ჩამოიყვანეს სენაკში. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსულ ზვიადს სამშობლოს მიწისთვის უკოცნია.


- თქვენ მის ჩამოყვანაზე უარს იტყოდით?

- არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვიყვანდი. ეს იყო ღალატის ტოლფასი. პროვოკატორები ჩავიდნენ და ზვიადს უთხრეს, რომ აქ ხალხი ელოდებოდა და სიტუაცია მომწიფებული იყო. მე ვასრულებდი გროზნო-თბილისის რეისებს, მქონდა დავალება - თბილისში ჩამოსულ მუხრან მაჭავარიანთან მივდიოდი, რომელიც მატყობინებდა, მზად იყო თუ არა ხლხი ზვიადთან შესახვედრად. მუხრანმა კატეგორიული უარი მითხრა ზვიადის ჩამოყვანაზე. ყველგან მოღატალეები იყვნენ. აქვე გეტყვით, ზვიადს არ უყვარდა სიტყვა „ზვიადისტი", ამიკრძალა ამის თქმა. ხალხის დაყოფა ზვიადისტებად ან შევარდნაძიტსებად ნიშნავს მათ ერთმანეთთან დაპირისპირებასო. ახლა შემადარეთ სააკაშვილს, რომელმაც დამარცხების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციაში გადავდივარო და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება მოინდომა.


- ბოლოს როდის ნახეთ პრეზიდენტი?

- ზუგდიდში შევხვდით 1993 წლის 20-დან 25 დეკემბრამდე.


- ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას იზიარებთ?

- კატეგორიულად არა, თავს არ მოიკლავდა, მას ისეთი უბედურება მოუწყვეს, შეუძლებელი იყო, იიმ სიტუაციაში გადარჩენილიყიავი. ზვიადის ცხედარიც არ მინახავს. როდესაც გროზნოში უნდა გავფრენილიყავი (მახსოვს, იმ დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილი მიფრინავდა, ავთო მარგიანიც), აეროპორტში ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, სპეციალურად შემაყოვნეს, როდესაც გამომიშვეს, თვითმფრინავი უკვე გაფრენილი იყო.


- არის თუ არა ფაქტები, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არასოდეს გითქვამთ?

- დიახ, მაგრამ ეს ეხება ოჯახს და ამის გახმაურება არ შეიძლება - ჩემს თვალწინ ზვიადი დგას, რომლის მსგავსიც საუკუნეებში ერთხელ იბადება!


ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016