reportiori.ge - საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ავტორი:
21 იანვარი, 2014. 16:40

ღვთიური ძალა აქვს ბავშვობაში შთაგონებულ პირველ ლექსს: „მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი". ამ უბრალოდ ნათქვამ სიტყვას ისეთივე ძალა, სიდიადე და მშვენიერება ახლავს, როგორც თავად კავკასიის ზეცად აწვდილ მწვერვალებს, ბავშვობაში სიცოცხლით რომ გავსებს და სიჭაბუკეში - სიამაყით, რომ ამ ბუნების ლაღი და თავისუფალი შვილი ხარ. ეს თავისუფლება და სიამაყე სიცოცხლის ბოლომდე მოგვყვება, მაგრამ ამ ბოლო დროს, სიბერის ჟამს, გვარწმუნებენ: „თუ ვარ ქართველი, ესე იგი ვარ ევროპელი". საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენი წინაპარი ამ მიზნისათვის მიისწრაფოდა ევროპისაკენ; ეს სიყვარულით თქმული ფრაზაა და ამ სიყვარულს დასავლეთში არავინ გაიზიარებს. პირიქით, ქართულ სიყვარულსა და ტრადიციას ზოგჯერ გვიფერმკრთალებენ, ქართველთა დელეგაციას სერიოზულ შეხვედრაზე „შალახოთი" ხვდებიან, როცა მთელმა მსოფლიომ იცის, ქართული სიმღერა „ჩაკრულო" კოსმოსში რომ არის გაგზავნილი. ისიც ძალიან კარგად იციან, რომ თბილისში ქართული, სომხური ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ რომ დგანან საუკუნეთა მანძილზე. მაგრამ ევროპელი მაღალჩინოსანი სტუმრები ხშირად გვახსენებენ და გვმოძღვრავენ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სხვადასხვა რელიგიის მქონე უმცირესობაში მყოფ ხალხს. და, ამავდროულად, ოსტატურად, ურცხვად, გვიქადაგებენ ერთსექსიანთა ქორწინების მხარდაჭერას. ჩვენ, ქართველებს, ვერავინ გვასწავლის, სხვადასხვა რელიგიის მქონე უმცირესობას როგორ მოვექცეთ, ამაზე ჩვენი ისტიორია საუბრობს, ძალიან საწყენია, როცა ევროპელი მაღალჩინოსანი სტუმარი საქართველოს აღიქვამს პრიმიტიულ ქვეყნად და საზოგადოებას ესაუბრება მდაბიო ლექსიკით დემოკრატიაზე.



ყველამ შეიგნოს და დასჯერდეს იმას, რომ საქართველო დიდი კულტურის ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ქრისტეს მცნების მიმდევარნი, მტკიცე ნების ვაჟკაცები, ღვთისნიერი დედები, სათნო ქალბატონები, გონიერი და ლაღი ახალგაზრდები.



საქართველო არ დაუშვებს ტრადიციულ ქვეყანაში ერთსექსიანთა თავაშვებულ ქცევას! ეგღა გვაკლია, თბილისში მტკვარზე „ტივზე" მოქეიფე ერთსექსიანთა ქორწილი ვნახოთ! ერთხელ და სამუდამოდ პარლამენტმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს ხალხის ნება და დაუსვას წერტილი ამ პრიმიტიულ შთაგონებებს.



მართალი გითხრათ, გასული წლის პირველი ოქტომბრის დიდი გამარჯვებისა და დიდი სიხარულის შემდეგ მეგონა სხვა საქართველოში ვიცხოვრებდი, არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკის უეცარ ზრდასა და სიუხევს ველოდი. არა! მე მეგონა, ქუჩაში პირმცინარ ქართველს შევხვდებოდი. უსახურია და ბურუსით მოცული დღევანდელი ყოფა, ყოველი მხრიდან ისმის გოდება, წუხილი, ბორგავს საქართველო. უსახლკაროდ დარჩენილი, შეურაცხყოფილი, ღირსებააყრილი, ნაწამები ხალხი გაშმაგებულია. ის სხვა საქართველოს ელოდა. დღევანდელი მისი მდგომარეობა ჰგავს მეწყერს, მდინარეს კალაპოტს რომ ჩაუკეტავს და მოძალებული ბრდღვიალა მდინარე როდის გახეთქავს, გაარღვევს გზას, როდის წალეკავს ყველაფერს, არავინ იცის. ხალხი დაჟინებით ითხოვს, აღსრულდეს დანაპირები, ითხოვს მწვალებლების, მკვლელების, მძარცველების და კრიმინალების კანონიერ დასჯას. ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ხელისუფლება დუმს, პარლამენტი დუმს. საოცარია, პარლამენტში დასავლეთის ქარით მოტანილი ჩურჩული ესმით, და პასუხსაც სანაქებოს უგზავნიან. მაგრამ საქართველოში ხალხის წივილ-კივილს, როგორც ჩანს, მავანი ახშობს. უხერხულია, არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტში უწმიდესსა და უნეტარესზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე ილაპარაკო ქილიკით. ქილიკი წამგებიანია ჭეშმარიტებასთან, „რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილი არს ყოველი" (დავით აღმაშენებელი). არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტში დანაშაულებრივი კასტა ადამიანებისა იყოს მოკალათებული, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. ეს ის ხალხია, რომელიც გაუთავებლად ერთსა და იმავეს იმეორებს, თავიანთ უზომო ჩადენილ დანაშაულს თქვენ გდებთ ბრალად, თქვენ კი დღემდე თავისმართლების პოზიციაში იმყოფებით. აი ეს არის, ეგრეთ წოდებული, „კოაბიტაცია", რამაც ხალხში უნდობლობა გამოიწვია. სანამ ქვეყნის წინსვლის შეფერხების მიზეზი შეფასებული არ იქნება, სანამ ქვეყანას ვიზუალურად რაღაც სიახლეს არ შეჰმატებთ, დაანახვებთ, თქვენ ყველაფერზე დუმილი მოგიწევთ და თქვენს სათქმელს სხვები იტყვიან, ტყუილად ხომ არ მომრავლდნენ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები.



ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს კულტურის მნგრეველი ნაციონალური ხელისუფლების მიერ ჩადენილ სიავეს დღემდე უყურადღებოდ დატოვებდით. ქართული კულტურის მონაპოვარს ასე არ ექცევიან. მეგონა, ბრწყინვალე ქანდაკებას - „ამირანს", ვერაგულად ღამით ამწით რომ დაანგრიეს, თქვენ აღადგენდით და ააშენებდით იმავე ადგილას. მეგონა, ფოთის მაღალმხატვრული ძეგლი „კოლხეთის დედა" და ზესტაფონში მიგდებული „დაჭრილი არწივი" თავის ადგილს იპოვიდა, სარაჯიშვილის შესანიშნავ ქანდაკებას ძველ ადგილზე ვნახავდი, მეგონა, მოპარულ და დანგრეულ ძეგლებს მოიძიებდით, მეგონა, დიდგორის ორივე მხრიდან დანგრეულ მისასვლელ გზას აღადგენდით, ქართველ ახალგაზრდობას, მომავალ თაობებს, მისცემდით საშუალებას ამ საამაყო ადგილის მონახულების და აღადგენდით დიდგორობას. ვერ წარმომედგინა, ქუთაისის მემორიალის აფეთქებაზე სისხლის სამართლის საქმეს თუ არ აღძრავდით, ეს ხომ სახელმწიფოებრივი დანაშაული იყო. და, ამავე დროს, ამ უგუნურ საქმეს, ორი ადამიანის, ახალგაზრდა დედისა და ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე შეწირეს. მეგონა, რიყეზე უაზროდ აგებულ რკინის უაზრო ნაგებობას, ვითომ თანამედროვეობის სახელით აშენებულს, მოაცილებდით მეტეხისა და გორგასლის გარემოს. ვერ წარმოვიდგენდი, „კოროჟნას ქოლგის" მსგავს უაზრო ხიდს, რომ იქ დატოვებდით. ვერ წარმომედგინა, რომ „ველოსიპედი" კვლავ იმ ადგილას დარჩეოდა, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა. ეს ცინიზმია! ამ საკითხებზე უამრავი წერილი ქვეყნდებოდა პრესაში, იყო საუბრები ტელევიზიით. სწორედ ამის თაობაზე ოცამდე გენერალმა გამოაქვეყნა მოთხოვნა, დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნების შესახებ. ეს ის პიროვნებებია, მთელი სიცოცხლე ქვეყნის კეთილდღეობისა და ხალხის სადარაჯოზე რომ დგანან, „ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო".



გასული წლის 2-8 დეკემბერს გამოქვეყნდა პრესაში, „ასავალ-დასავალში", ხოლო შემდეგ „საქართველოს რესპულიკაში", იმავე ხასიათისა და მოთხოვნის დიდი მოცულობის წერილი, რომელსაც სამოცდაათამდე ადამიანი აწერდა ხელს. მოთხოვნა იყო, აეღოთ დავით აღმაშენებლის ძეგლი იმ მიუვალი ადგილიდან და დაებრუნებინათ ძველ ადგილას. ეს პიროვნებები ქართველი ხალხის საპატივცემულო და უსაყვარლესი ადამიანები არიან, მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნებები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, თეატრისა და კინოხელოვნების მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორები, მსახიობები, მსოფლიოსთვის ცნობილი მუსიკოსები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, არქიტექტორები, მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო ხელოვნების უდიდესი მომღერლები, ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი სპორტსმენები, მათ შორის, ოცი წლის მანძილზე ჭადრაკის ჩემპიონი, ჭადრაკის დედოფალი, პოლიტიკის მოღვაწენი და ასე შემდეგ. „ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო".

 

 

არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება მსგავს მოთხოვნას უპასუხოდ არ დატოვებდა. საზოგადოება განცვიფრებულია, რატომ დარჩა პასუხი დღემდე გაუცემელი და გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ეს თქვენს სახელზე გამოგზავნილი წერილი არ მიგიღიათ, ან არ მოგაწოდეს. იქნებ, აქაც მავანთა ხელი ურევია და ცდილობენ, ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს დააცილონ.



ბატონო ირაკლი! თქვენ მაღალი კულტურისა და განათლების პიროვნება ბრძანდებით, მაღალი მრწამსის ქართველი პოლიტიკოსი, ამიტომ შესძელით, მცირე დროში ურთულესი უბნის - სხვა გზაზე მდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა და ჭეშმარიტ, სანიმუშო სამინისტროდ ქცევა. ეს ხალხმა კარგად იცის და კარგად შეაფასა. იმან, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჩაიბარეთ, საზოგადოებაში დიდი აღტაცება გამოიწვია და მომავლის ძალიან დიდი იმედი გააჩინა. ამიტომ გვჯერა, ამ ხალხის თხოვნას გაარკვევთ და აღასრულებთ.



ადამიანს, როდესაც სამშობლო უყვარს და, ამავე დროს, მისი ხელისუფლებაც მოსწონს, მაშინ ხარობს ქვეყანა, მაშინ აღწევს იგი ყოველგვარ წარმატებას. ეს ჭეშმარიტება წინა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ან არ გაიგო. საზოგადოებაში თქვენი იმიჯი ძალიან მაღალია. გულწრფელად გთხოვთ, ნუ დაკარგათ მას. სიყვარულია ყველაფრის შემძლე, თავად ბრძანდებით მოწმე, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიზნის მისაღწევად ხალხი სიყვარულით კლდესავით დაუდგა გვერდზე და გამარჯვებამაც არ დააყოვნა.

 

 

P. S.

ბატონო ირაკლი, „ურწმუნო თომა" არა ვარ, რომ ვერ ვხედავდე, რამდენი რამ გაკეთდა, რამდენი რამ სიკეთისკენ შეიცვალა. ეს ჩემი წერილი ჩემი გულწრფელი განცდაა, არ ჩათვალოთ შეგონებად, ამას თქვენ არ გკადრებთ და არც ჩემს თავს ვკადრებ. სიტყვა მკვეთრია, ხალხის გამოძახილია და სიმართლეა, რამდენჯერმე ჩემს წერილში ჩემს ნამუშევარს შევეხე, თავს უფლება მივეცი იმიტომ, რომ იგი დღეს ხალხს ეკუთვნის, რომელიც მასზე წუხს, და მე ამ წუხილს ვიზიარებ. თუმცა, მეც მაქვს ჩემი პირადი სათქმელი.



დიდი პატივისცემით მერაბ ბერძენიშვილი

15 იანვარი, 2014

„საქართველოს რესპუბლიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016