reportiori.ge - ლალი ეგაძე: ჭორებზე პასუხის გაცემას არ ვთვლი მიზანშეწონილად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:46
ინტერვიუ
ლალი ეგაძე: ჭორებზე პასუხის გაცემას არ ვთვლი მიზანშეწონილად!
22 იანვარი, 2014. 16:25

TV-3“-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გენერალური დირექტორის კახა ბაინდურაშვილის გრიგოლ ბაიბურთის ჩანაცვლებას უკავშირდება, გავესაუბრეთ „TV-3“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქალბატონ ლალი ეგაძეს.

 

ქალბატონო ლალი, თქვენ  TV 3-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანდებით... არ მიგაჩნიათ, რომ ძალიან ხშირად იცვლება პროცესები თქვენს ტელეკომპანიაში... რატომ შეცვალეთ დირექტორი, რამე პრობლემები იყო? არ გაამართლა ასევე ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა ბაინდურაშვილმა?


– გიორგი, სატელევიზიო სფეროში ეს პროცესები თანმდევია და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ბატონი კახა დაკავებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობით, იგი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს საქართველოში ბიზნესის განვითარების კუთხით... ამასთან, იგი არის უჭკვიანესი ფინანსისტი და ეკონომისტი... ასევე, ძალიან დადებითი პიროვნება... ასე რომ, სადაც არ უნდა იყოს ბატონი კახა ბაინდურაშვილი, ყველგან ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ასეთი პროფესიონალები თითზე ჩამოსათვლელია და ამას მოფრთხილება სჭირდება. მეტიც: ვთვლი, რომ ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებში უძლიერესი ექსპერტია! ჩვენ, დამფუძნებლები შევიკრიბეთ და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ხელმოცარული, არშემდგარი ადამიანებისთვის სალაპარაკო არ გამხდარიყო, – თან სავაჭრო პალატის ხელმძღვანელია და თან TV 3-ის დირექტორიო...

ჩვენი, როგორც დამფუძნებლების ინტერესია, რომ არხმა არ დაკარგოს ბიზნესის და ეკონომიკის ნიშა. ეხლა ვამუშავებთ პროექტებს, ვიღებთ პილოტებს, არხი ახლა იდგამს ფეხს და ვცდილობთ, პროექტები ეკონომიკასა და ბიზნესის სფეროებს მოიცავდეს... ბიზნესმენების დამცავი ანუ ჯავშანი არხი იყოს, წარმოჩინდეს ის პრობლემატიკა, რაც რეალურად აწუხებთ ბიზნესმენებს. ვნახოთ, რა გამოგვივა, ყოველ შემთხვევაში, სურვილი ასეთია ჩვენი მხრიდან...



– ქალბატონო ლალი, TV 3-ს ახალი დირექტორი ჰყავს – გრიგოლ ბაიბურთი, ჟურნალისტის, გაზეთ „ვრასტანის“ ყოფილი რედაქტორისა და სააკაშვილის პირადი მრჩევლის ვან ბაიბურთის შვილი. არ გაგჩენიათ კითხვა – ტელევიზია ესმის კი ამ ადამიანს?


– როგორც ამბობენ, ბატონი გრიგოლი კარგი მენეჯერია... ვნახოთ, როგორ გაამართლებს. იმედი გვაქვს, რომ TV 3 საინტერესო ტელევიზია გახდება უახლოეს მომავალში. დანარჩენი დროს მივანდოთ.


– მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბაინდურაშვილს არ სჯერა, პირდაპირ გეტყვით: გრიშკა, იგივე გრიგოლ ბაიბურთი გახლდათ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ სპეცოპერაციებისა, გიგი უგულავას ბრძანებით 2007 წლის აგვისტოში რომ ჩაატარეს სააკაშვილის სპეცრაზმელებმა! დიახ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაარბიეს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოჰყარეს ჟურნალისტები და რედაქციები 2007 წლის 10 აგვისტოს! დიახ, სწორედ  მისი ხელმძღვანელობით გამოჰყარეს მწერლები მწერალთა კავშირიდან! თუმცა, თქვენი საქმისა თქვენ უკეთ იცით. გნებავთ, სისხლის სამართლის დამნაშავეს დანიშნავთ ტელევიზიის ხელმძღვანელად, გნებავთ – საშაურმე ვირს! თუმცა, სხვა თემაზე გადავალ და იმედია, ბაიბურთს არ დარჩება ბურთი და მოედანი... ეს პროცესი ხომ არაა მიზეზი გიგი უგულავასი და ლაშა ჩხენკელის დაპირისპირებისა? როგორც ვიცით, უგულავამ რამდენიმე ხნის წინ ლაშა ჩხენკელი დაადანაშაულა, თითქოს იგი ზეწოლას ახორციელებდა სასამართლოზე და TV 3-ს იარაღად იყენებდა...


– ბაიბურთზე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ... რაც შეეხება ჩხენკელს... ლაშა ჩხენკელს იარაღი არ სჭირდება, მითუმეტეს TV 3-ის სახით! მისი იარაღი გონება, უნარი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარულია. გნებავთ ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვალეთ, მაგრამ ჰკითხეთ უგულავას, რამდენჯერ იყო TV 3-ში ინგა გრიგოლიასთან სტუმრად და რამდენჯერ გამოიყენა ჩვენი ეთერი ხელისუფლების კრიტიკისთვის?!... მაშინ არ იყო ლაშა ჩხენკელისთვის TV 3 იარაღი? არც კი ჩარეულა! და საერთოდ, ლაშა ჩხენკელი არ ერევა ტელევიზიის შემოქმედებით საქმიანობაში და მითუმეტეს, პოლიტიკაში! უბრალოდ, ვიღაცას ყელზე დაადგა ეს არხი...  მეტიც: თავის დროზეც დიდი მცდელობები იყო ამ არხის ხელში ჩაგდებისა! და, ლაშა ჩხენკელს ვერავინ ვერ ასწავლის ვერც კანონმდებლობას, ვერც ვაჟკაცობას! უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები, ქვეყანას ახლა ეკონომიკის განვითარება სჭირდება, უჭირს ხალხს, უჭირს ბიზნესს და კარგი იქნება, თუ ამ კუთხით დავიხარჯებით...


– ამბობენ, თითქოს თქვენს არხს პრემიერი ღარიბაშვილი პატრონობს...


– კარგი იქნება, თუ დააცდიან ამ ადამიანს მუშაობას! ჭორებზე პასუხის გაცემას კი არ ვთვლი მიზანშეწონილად... მეც, ლაშასაც, კახასაც თითქმის ყველგან გვყავს მეგობრები და მათ არც არასოდეს დავყოფთ პოლიტიკური ნიშნით... პირიქით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა, ერი არ უნდა იყოს მარტივ მამრავლებად დაშლილი! დავიღუპებით ასე...


– ინგა გრიგოლიაც წავიდა თქვენი არხიდან...

 


– იცით, რას გეტყვით? – ინგა გრიგოლია უნიჭიერესი ჟურნალისტია და რომელ არხზეც არ უნდა იყოს, ყველგან თავის სიტყვას იტყვის! ინგაც დაადასტურებს ამას – ჩვენ, დამფუძნებლები მის თემაში არ ჩავრეულვართ! დიახ, მას ჰქონდა თავისუფლება და ჩვენგან განსაკუთრებული პატივისცემა! რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია სად, რომელ არხზე იმუშავებს და რას გააკეთებს, ჩვენ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ მას!

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016