"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს ხმაურიანი, მაგრამ დეპუტატებმა უნდა დაიცვან ეთიკის ნორმები.
,, თუ ეთიკის ნორმებს ყურადღებას არ მივაქციეთ, ეს არც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს და არც საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს", _განაცხადა უსუფაშვილმა.
გასულ წელს, საპარლამენტო ეთიკის თემასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, მნიშვენლოვანია, პარლამენტში განახლებული ეთიკის კოდექსის ამოქმედება.
" ხშირად პარლამენტარები ერთმანეთს არაეთიკურად მიმართავენ. ვხედავთ , რომ ადგილი აქვს ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც ასევე პრობლემატურია და ქცევის კოდექსში ეს ყველაფერი უნდა იყოს ასახული", - მიიჩნევს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ეკა გიგაური.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პარლამენტის წევრების უმრავლესობა არსებული სისტემის შენარჩუნებას ამჯობინებს, ნაწილი კი - დაინტერესებულია ახალი კოდექსის მიღებით.
თავად ორგანიზაცია საკუთარ რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ ეთიკის კოდექსი პარლამენტის რეგლამენტის ნაწილი უნდა გახდეს.
ამ წუთებში უმრავლესობის, უმცირესობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სწორედ, აღნიშნულ თემებზე მსჯელობენ.
დღევანდელი შეხვედრა დემოკრატიული ინსიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ODIHR მიერაა ორგანიზებული.