თეა წულუკიანი მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ კადრებს გამოეხმაურა. როგორც იუსტიციის მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პირველ რიგში, საზოგადოების უფლებაა, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი მერაბიშვილის მოთხოვნასთან და ადამიანების ჩაცხრილვის ფაქტს შორის.
„კადრები, რომლებიც ვიხილეთ, არის უაღრესად შემაშფოთებელი. უნდა შემოწმდეს და დადგინდეს, არსებობდა თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი მერაბიშვილის მოთხოვნასთან და იმ ჩაცხრილულ ადამიანებს შორის. ფაქტია, რომ კრიალაშვილის საქმეს ზედმიწევნით გამოკვლევა სჭირდება. მთავარია, დადგინდეს ყოფილი მინისტრის ამ უკანონო ბრძანებას მოჰყვა თუ არა შედეგი. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების უფლება, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილთან ერთად რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანიც არის. ყოფილი შს მინისტრი აღნიშნულ ვიდეოში „ორ გვამს“ ითხოვს.