reportiori.ge - კობა ნარჩემაშვილი: დღემდე არ ვაპირებდი ამის თქმას...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:03
ინტერვიუ
კობა ნარჩემაშვილი: დღემდე არ ვაპირებდი ამის თქმას...
25 თებერვალი, 2014. 20:44

შინაგან საქმეთა ექსმინიტრი კობა ნარჩემაშვილი  ამჟამინდელ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის ტემპს უწუნებს.


რა პრობლემებს ხედავს სამართალდამცველ ორგანოებში ნარჩემაშვილი, რა აფერხებს სამართლიანობის აღდგენის ტემპს  ქვეყანაში  და რა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას მთავარი პროკურატურა - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „რეპორტიორი" კობა ნარჩემაშვილს ესაუბრა:


ბატონო კობა, საზოგადოება უკმაყოფილოა სამართლიანობის აღდგენის ნელი ტემპის გამო. როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ამ პროცესის  ნორმის ფარგლებში წარმართვას?

- ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლით დავიწყო, არც კი ვიცი...  ყველაზე დიდი პრობლემა სისტემაში გლობალური ხედვის არქონაა. ზოგადად, სამართალდამცველ სისტემას  გარკვეული ხიბლი აქვს,  ერთპიროვნული მართვის ხიბლი. როცა ახალი მენეჯერები მივიდნენ სტრუქტურებში, ისინიც ჩავარდნენ  ამ ხიბლში და სამწუხაროდ ვერ გამოდიან. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთ წელიწადში დამთავრდებოდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მაგრამ მცირე მოძრაობასაც ვერ ვხედავ.


- კონკრეტულად, რა პრობლემებს ხედავთ სამართალდამცველ სტრუქტურებში?

- სამართალდამცველ სტრუქტურებში ისევ  დასაქმებულნი არიან ძველი კადრები, შეიძლება მათ ეს არც უნდათ, მაგრამ ქვეცნობიერად საბოტაჟის რეჟიმში მუშაობენ. ზოგი შეგნებული საბოტაჟის რეჟიმში, ზოგი დეკვალიფიცირებულია. მათ, ამ წლებმა არაფერი ახალი არ ასწავლა. ადრე თუ სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იყო ორიენტირებული, დღეს ეს, ასე არ არის და სასამართლო ამბობს: მე მჭირდება მტკიცებულებები! ამ მტკიცებულებების შეკრებისთვის,  გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკების ის დეკვალიფიცირებული კორპუსი, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ, არ აღმოჩნდნენ მომზადებულნი.

სისტემაში არსებული პრობლემები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ქვეცნობიერი საბოტაჟი, ღია საბოტაჟი, დეკვალიფიცირებული კადრები და გლობალური ხედვების არარსებობა. დღემდე არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ გეტყვით - ვერ გავიგე რატომაა ცალ-ცალკე საქმეებად წამების საქმეები; იგივე შემიძლია გითხრათ ჩამორთმეულ ქონებებზე... ყველა მსგავსი საქმე გაერთიანებული უნდა იყოს ერთ საქმედ, რადგან ის იყო სისტემის გადაწყვეტილების შედეგი, ამიტომ ერთი დიდი სისხლის სამართლის საქმედ უნდა იყოს წარმოდგენილი.  ამჟამინდელი ხელისუფლების მთავრობაში ყოფნა განპირობებულია შიდა მხარდაჭერით, რაც პირდაპირპროპორციულია სამართლიანობის აღდგენისა. თუ სააკაშვილის მთავრობა საგარეო მხარდაჭერით არსებობდა, დღევანდელ მთავრობას  შიდა მხარდაჭერა გააჩნია. ამიტომ, თუ საზოგადოების მთავრი მოთხოვნა - სამართლიანობის აღდგენა არ დაკმაყოფილდება, ეს შიდა მხარდაჭერაც დაიკლებს.


- ბატონო კობა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილის ცნობით,  სამართალდამცველ სისტემაში ძველი ხელისუფლების დროინდელი კადრები სჭარბობენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აფერხებს ეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნის შესრულებას, სამართლიანობის აღდგენის ტემპს?

- მთავარ პროკურატურაში მყოფი ძველი  კადრები განაპირობებენ იმ მოლოდინის შეუსრულებლობას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია.  როცა „ნაციონალური მოძრაობა" ძალადობას, წამებას  ახორციელებდა და ამას ვიდეოკამერით იღებდა, აკეთებდა იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, მაქსიმალურად ჩართულები ყოფილიყვნენ მანკიერ წრეში, რათა მათ არასოდეს გაებედათ და გადაეწყვიტათ ამ წრიდან გამოსვლა. ის კადრები, წამების და ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის კი არ იწერებოდა, არამედ იმათთვის, რომლებსაც ამაში სპეციალურად აღებინებდნენ მონაწილეობას. ამიტომ, ძნელია ასეთი ადამიანები გამოვიყენოთ სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი ასეთი ადამიანია გამოყენებული დღეს ამ მიზნის მისაღწევად. მათ ახსოვთ, რა აქვთ ჩადენილი, რომელიც გადაღებულია და სადღაც ინახება, რაც მათ შესრულებულ სამუშაოზე საზოგადოებისთვის უარყოფითად აისახება.


- ფარული ჩანაწერების ათასობით ფაილი, საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდა. როგორ ფიქრობთ, უნდა გასაჯაროებულიყო თუ არა აღნიშნული  ფარული ვიდეოჩანაწერები?

- ამ თემას ტაბუ დაადეს  და გვითხრეს - არ გაქვთ ამ კადრების ნახვის უფლებაო. რატომ არ უნდა ვიცოდეთ სიმართლე, როცა ამის უფლება ვიღაც კომისიის წევრს აქვს?! როგორ, მას უფრო მაღალი ზნეობა აქვს?!  მით უმეტეს მაშინ, როცა იმ კადრებში ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ან ვინ გადაწყვიტა ეს ყველაფერი, ვის აქვს ამ კადრების ნახვის უფლება და ვის არა?! მე მიმაჩნია, რომ შინაარსი, რა ხდებოდა გასულ წლებში, რას აკეთებდნენ, - ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. ასევე ცუდია, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემასთან დაკავშირებით, არ არსებობს  საზოგადოებრივი დისკუსია. საზოგადოება აქტიურად უნდა იხილავდეს - რა ხდებოდა ქვეყანაში  2004-2012 წლებში.


- ელით თუ არა,  სკანდალური კადრების გასაჯაროების მორიგ ტალღას?

- ის ფაილები დუბლირებულია.  ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა, რადგან ეს კადრები როცა გამოჩნდება ხოლმე, საყვედურობენ ხელისუფებას - რატომ გამოჩნდაო. ამაზე პასუხისმგებელი კი არავინ არაა. ხელისიუფლება ამბობს, რომ გაანადგურა,  ძველი ხელისუფლება კი ამბობს, რომ მათ აღარაფერი აქვთ. ასეთი  კადრები მიმოფანტულია და არავინ არაა დაზღვეული იმაში, რომ ეს კადრები პერმანენტულად არ მოხვდეს საჯარო სივრცეში.


- პოლიტიკოსთა ნაწილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არ გამორიცხავს, რომ  ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის და შს  ექს-მინისტრი, ბაჩო ახალაია გისოსებს გამოღმა აღმოჩნდნენ. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ აღნიშნული ვარაუდი?

- მეჩვენება, რომ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის პატიმრობით, ხელისუფლება ხარკს უხდის მოსახლეობას, თორემ მათი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდნენ ორივეს. არ გამოვრიცხავ, რომ მათ საწინააღმდეგოდ გამოძიებულ მასალებს კვალიფიციურობაც აკლდეს, მაგრამ ნაკლებად მგონია, ისინი თავისუფლები აღმოჩნდნენ. ამის შანსი ნაკლებადაა.


- ბატონო კობა, თქვენ მთავარი პროკურატურის საქმიანობაში კარგად ჩახედული ხართ. როგორ ფიქრობთ, რა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას აღნიშნული უწყება?

- ძალიან დიდი დრო მე ამ უწყებაში გავატარე და ამიტომ პროკურატურაზე  ძალიან შემტკივა გული. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნებსით თუ უნებლიედ, ამ სისტემის დისკრედიტირება მოხდა. მგონია, რომ პროკურატურის ავტორიტეტის ამაღლებას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016