კიევსა და ყირიმში მიმდინარე პროცესები აქტუალობას არ კარგავს, მოვლენები კი ელვის სისწრაფით ვითარდება. მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც საუბრობენ. მათი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასეთი ტიპის კონფლიქტები თითქმის ერთიდაიგივე სცენარით მიმდინარეობს.
„ის, რომ სოციალური და ეკონომიური პრობლემები გახდა საბაბი უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა, ცალსახაა,თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არსებული პრობლემები სათავეს იღებს გაცილებით ადრე, ვიდრე იანუკოვიჩი მოვიდოდა ქვეყნის სათავეში. უკრაინას დღემდე ახსოვს ის სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური თუ საპრივატიზაციო კომპანიების ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ბოლო 23 წლის განმავლობაში, მაგრამ სათანადო წინსვლა, ქვეყნისთვის არ მოუტანია, რაც სამწუხაროდ, სტანდარტად აღმოჩნდა უმრავლეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის!
ის, რომ დაპირისპირება მიიღებდა ასეთ ფორმას, იქიდანაც ჩანდა, რომ არცერთ მხარეს შექმნილ ვითარებაში არ გაუთვალისწინებია უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის და კერძოდ, აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესები. პრობლემას ამძაფრებს ღრმა ფესვების მქონე რელიგიურ-ენობრივი დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთ რეგიონებს შორის. თუმცა, შეიარაღებული ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელი ფორმირებების გამოჩენამ არსებულ ვითარებას აშკარად არაერთგვაროვანი ელფერი შესძინა.
უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დამატებითი კონტინგენტის შესვლამ ყირიმის ნახევარკუნძულზე, იქ განვითარებულმა მოვლენებმა, სამხედრო, ადმინისტრაციული შენობების და საკომანდო პუნქტების დაკავებამ, ვითარება გადაიყვანა კონფლიქტურ ფაზაში, ხოლო კონკრეტულად რომელში, ეს დამოკიდებული იქნება იმ ძალებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან საკითხის მოგვარებაში და ბუნებრივია, გააჩნიათ გეოსტრატეგიული ინტერესები აღნიშნულ რეგიონში! დღეისათვის იმ ძალების და საშუალებების თავმოყრით, რომელიც კონცენტრირებულია ყირიმის ნახევარკუნძულზე, გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოდ, რომ გამწვავების შემთხვევაში, კონფლიქტმა შესაძლოა მიიღოს ლოკალური ომის ფორმა. ასეთი კონფლიქტები მოიცავს ძალების და საშუალებების ფართო გამოყენებას საბრძოლო მოქმედების თეატრზე, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გამოყენებით, რაც რასაკვირველია, საყურადღებოს ხდის ჩვენი ქვეყნისთვის და მოითხოვს სწორად გათვლილ, დიპლომატიურ და ლოგიკურ ქმედებებს!
კავშირი აღნიშნულ დაპირისპირებასა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებს შორის რთული მოსაძებნი არ არის, რადგან ლოკალური ომები თუ შეიარაღებული კონფლიქტების გაღვივება ხორციელდება სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ და ტერიტორიულად საკამათო რეგიონებში!
რაც შეეხება საფრთხეებს, ასეთი ფორმის პოლიტიკურ-ტექტონიკური ცვლილებები რასაკვირველია, სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონალურ და არა მარტო რეგიონალურ პროცესებზე. მას თან სდევს იმ ძალების გააქტიურება, რომლებისთვისაც შეიარაღებული კონფლიქტები საუკეთესო საშუალებაა თავიანთი ვიწრო პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ რელიგიური მიზნების განსახორციელებლად და გასააქტიურებლად. ასეთი ძალების საქმიანობა წარსულშიკარგად გვახსოვს როგორც ჩვენთან - აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დღემდე. ეს ძალები სერიოზულ მხარეებს წარმოადგენდნენ და დღემდე წარმოადგენენ შეიარაღებულ კონფლიქტებში ერაყში, ლიბიასა თუ სირიაში. მითუმეტეს, ყირიმში უკვე გაიჟღერა რელიგიური შინაარსის მოწოდებებმა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მხარეს, შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური ყურადღება აქვთ გასამახვილებელი და ყველა ზომაა მისაღები იმისათვის, რომ ეს ძალები არ მოხვდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ან არ იქნას გამოყენებული საქართველოს ტერიტორია დროებით გადასასვლელ ბაზებად, ან ტრანზიტად თავიანთი ძალებისა და საშუალებების გადასასროლად კონფლიქტის რეგიონში. ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებული მხარეების მხრიდან მიმდინარეობს სახალხო რაზმების ფორმირება და შეიარაღება, თავისთავად მიანიშნებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისეების მოზიდვას, რაც დამატებითი პრობლემის მატარებელია როგორც კონფლიქტის მსვლელობის, აგრეთვე მისი დამთავრების შემდეგ“, - აცხადებს ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი, ალიკა ტალიური.