2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ამჟამდ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია, მეუღლის ანი ნადარეიშვილის facebook- ის საშუალებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ზუსტად ხუთი წლის წინ, ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფი ქართული არმია გადაეღობა თავის ქვეყანას, საკუთარ მოქალაქეებს და ამაყად აღუდგა წინ 21-ე საუკუნეში ამ რეგიონისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო მანქანის მქონე სახელმწიფოს სამხედრო აგრესიას. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, მტერმა ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს მიწასთან გაესწორებინა ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ვერ გააჩერა ქვეყნის განვითარება და წინსვლა, ვერ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენს ისტორიაში ეს იყო წყალგამყოფი მომენტი - იარსებებდა თუ არა საქართველო საერთოდ. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოცდა, რომელიც საქართველომ ჩააბარა.
მე-20 საუკუნიდან მოყოლებული არ მახსენდება შემთხვევა, რომ საბჭოთა იმპერიას ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა წარმატებით არ დაესრულებინა, არ დაეპყრო, დამამცირებელ კაპიტულანტურ ზავზე არ დაეთანხმებინა ოპონენტი. საქართველომ ეს ავადსახსენებელი ტრადიცია დაარღვია - არათუ არ დანებდა, არამედ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ შეტევაზე გადავიდა და გააგრძელა განვითარების ევრო-ატლანტიკური კურსი. ეხლა მთავარია, რომ რაც გარე ოპონენტმა ვერ შეძლო, შინაურმა მოღალატემ არ გააკეთოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საამებლად.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც 2008 წელს ამ ქვეყნისათვის საბედისწერო მომენტში უკან არ დაიხია, არ შეშინდა, არ დაფრთხა გადაწყვეტილებების მიღებისას, ხელი არ მოაწერა ქვეყნისათვის მიუღებელ ზავს, უკან არ დაიხია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის. განსაკუთრებით ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე, ვინც თავი გასწირა და ვინც მომავალში მზად არის თავი დადოს საქართველოსათვის,"-ნათქვამია განცხადებაში.