reportiori.ge - თურქები ოშკისა და იშხანისათვის რელიგიური ფუნქციის აღდგენაზე მოლაპარაკებას გვთავაზობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:10
ინტერვიუ
თურქები ოშკისა და იშხანისათვის რელიგიური ფუნქციის აღდგენაზე მოლაპარაკებას გვთავაზობენ
ავტორი:
14 მაისი, 2014. 13:39



გურამ ოდიშარია: „თურქეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამის უფლებას უკვე იძლევა“

 

„იშხანზე განხორციელებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე პრეზენტაციას ქართველ კოლეგებს თურქები უახლოეს პერიოდში ადგილზევე მოუწყობენ. სანაცვლოდ ქართული მხარე გაითვალისწინებს თურქი კოლეგების მოსაზრებებს აჰმედიეს მეჩეთთან (ახალციხის რაბათი) დაკავშირებით, რომელიც მათთან 2013 წელს შევათანხმეთ, კერძოდ კი დრენაჟის, გადახურვისა და ქვედა ფანჯრების საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.

 

მისივე თქმით, ორმხრივი მოლაპარაკებისას თურქული მხარე დათანხმდა,რ ომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაცია აუცილებლად ქართველ სპეციალისტებთან ერთად განხორციელდება, ისევე, როგორც ოსმალური ძეგლების საქართველოში. ასევე, უკვე არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ იშხნის რესტავრაციისას დაშვებული ხარვეზები ქართველი სპეციალისტების შენიშვნების გათვალისწინებით აღმოიფხვრება, ეს პროცესი კი 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

„მთელი კვირა“: რა ეტაპზეა ახლა იშხნისა და ოშკის რეაბილიტაციის საკითხი, როდის დასრულდება საბოლოოდ იშხანზე მუშაობა და თუ შეძლებენ ოშკზე მუშაობას ქართველი სპეციალისტები? აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში მათი ჩართვა თურქეთში ვიზიტისას პატრიარქმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 311 მოქმედი მეჩეთია, თურქეთში არც ერთი ქართული ტაძარი არ ფუნქციონირებს...

 

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მორნასტრების რეაბილიტაციის საკითხი ყველასათვის აქტუალური თემაა, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქართველებისთვის. სწორედ ამას ეძღვნებოდა საქართველოს პატრიარქის ვიზიტიც საქართველოში. დღეს ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო პოლიტიკისთვის. დღევანდელი ხელისუფლება, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, მის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.

 

საქართველოს პატრიარქის თურქეთში ვიზიტს წინ, აპრილში ქალაქ ანკარაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უძღოდა. ოფიციალურმა მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გეგმაც დაისახა.

 

გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად ოშკის ტაძრის რესტავრაციის პროექტი გადაეცემა. მოლაპარაკებისას თურქულმა მხარემ შესაძლებლად მიიჩნია, იშხნის ეკლესიის ფრესკების რესტავრაცია ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელონ. ასევე, გაიზრდება ექსპერტების ორმხრივი შეხვედრების რაოდენობა.

 

რაც ყველაზე მნშვნელოვანია, თურქული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებისა საქართველოს უფლებამოსილ ორგანოებთან, რომ ქართულ რესტავრირებულ ძეგლებს აღუდგინონ ისტორიული რელიგიური ფუნქცია. თურქეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამის უფლებას უკვე იძლევა.

 

„მ.კ.“: რა აზრის ხართ პროექტ „პანორამა თბილისზე“ და თუ ჩაერთვება კულტურის სამინისტრო მის განხორციელებაში?

 

– ჯერჯერობით ეს პროექტი სამინისტროში არ შემოსულა, ამიტომ წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ზოგადად, თბილისის ისტორიული უბნების დაცვა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის განვითარება გარდაუვალი ურბანული პროცესია. ეს ყველგან ასეა, მთელ მსოფლიოში – ქალაქების განახლებისთვის დაგეგმილი პროექტი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას, ქალაქის განახლებასა და ქალაქში მცხოვრები მოქალაქეების კეთილდღეობას ერთდროულად მოიცავს.

 

კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის დარგობრივი სამუშაო ჯგუფები აუცილებლად შეიქმნება. პროექტში ჩაერთვებიან სპეციალისტები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტები და, რა თქმა უნდა, საზოგადოება. ჩვენ ყველას საერთო მიზანი უნდა გვქონდეს: ძველი თბილისის კულტურული მემკვიდერობის დაცვა და ამავე დროს, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის განვითარება.

 

„მ.კ.“: საგულისხმოა, რომ გასულ წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი „იუნესკოს“ სიაში შევიდა. რა გეგმები აქვს წელს კულტურის სამინისტროს ამ მიმართულებით? თუ არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ახალი ნუსხა შედგენილი?

 

– არამატერიალური კულტურის მნიშვნელობა უდიდესია. ამას ადასტურებს „იუნესკოს“ მრავალწლიანი ძალისხმევა არამატერიალური კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ 2001 წელს „იუნესკოს“ მიერ შექმნილ „კაცობრიობის ზეპირი სიტყვიერებისა და ხელთუქმნელი საგანძურის შედევრების“ ნუსხაში 19 ნიმუშს შორის ერთ-ერთი სწორედ ქართული მრავალხმიანი სიმღერა შეირჩა, ხოლო 2013 წლის 4 დეკემბერს „იუნესკოს“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა შეემატა კიდევ ერთი ქართული ნიმუში – „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“.

 

დღეისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს შემდეგ უნიკალურ ელემენტებს: „ლაღიძის წყლების“ ტექნოლოგია და კულტურა, მესხური ტენილი ყველის ტექნოლოგია, საყმაწვილო ჟურნალის უწყვეტი ტრადიცია – ჟურნალი „დილა“, ლიტერატურული ჟურნალის უძველესი ტრადიცია – ჟურნალი „ცისკარი“, „ხორუმი“, „ბერიკაობა“, კახური „მრავალჟამიერი“, ქალაქური „მრავალჟამიერი“, „ფერხული“, სტუდენტური ტრადიცია – გრიმის ცხების რიტუალი, იაკობ გოგებაშვილისეული სწავლების მეთოდი – „დედაენა“.

 

სულ ახლახან კი იაკობ გოგებაშვილისეული სწავლების მეთოდს – „დედაენას“ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ასევე „იუნესკოსთან“ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები რეპრეზენტატიულ სიაში ნომინირებისათვის რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია „ქართული ჭიდაობა“ და „ხორუმი“.

 

„მ.კ.“: რა ხდება კინოცენტრში, ბოლო დროს მათ მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა... ზოგიერთი რეჟისორი კინოცენტრის დირექტორს კონკურსების დარღვევით ჩატარებაში სდებს ბრალს. თქვენ რა შეხედულების ხართ ამ თემაზე?

 

–  სამწუხაროდ, ერთ-ერთი მხარის უკმაყოფილება, რომელმაც აღნიშნულ კონკურსში დაფინანსება ვერ მოიპოვა, ნებისმიერი კონკურსის თანმდევი პროცესია. ამ ეტაპზე კინოცენტრის მუშაობა ნამდვილად დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია, უფრო მეტიც – არსებული დაფინანსების პირობებში, კინოცენტრმა საინტერესო პროექტები წამოიწყო. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროში პროექტის პრეზენტაცია „კინო სკოლებში“ ჩატარდა.

 

კინოცენტრის წარმატებებზე მეტყველებს სწორედ იმავე კონკურსებით შერჩეული ფილმების ჯილდოები საერთაშორისო ფესტივალებზე, მაგალითად, ფილმი „გაიღიმეთ“ (რეჟისორი რუსუდან ჭყონია), ფილმი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ (რეჟისორი თინათინ გურჩიანი), ფილმი – „მანდარინები“ (რეჟისორი ზაზა ურუშაძე).

 

კინოცენტრის მუშაობის შეფასებისას, უკმაყოფილო სუბიექტური აზრების ნაცვლად, მაყურებლის რეაქციებითა და საერთაშორისო ფესტივალების ჯილდოებით უნდა ვიმსჯელოთ. პირადად თქვენ არ მოგწონთ ეს ფილმები? კონკურსი ხომ იმიტომ ტარდება, რომ საუკეთესო გამოარჩიოს. შესაბამისად, უკლებლივ ყველა მონაწილე ვერ დაფინანსდება.

 

გარდა ამისა, კონკურსის ჟიური პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული: მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, ზურაბ ინაშვილი და სხვანი. თუ ვინმეს სუბიექტური პრეტენზიები აქვს, პარალელური ობიექტური სიმართლე არ უნდა უგულებელვყოთ. აღნიშნული პრობლემის სამართლებრივ მხარეზე დასკვნებს ასევე შესაბამისი კომპეტენტური ორგანო წარმოადგენს.

 

„მ.კ.“: ძალიან ბევრი თეატრი დღეს სავალალო მდგომარეობაშია, მსახიობებს და რეჟისორებს შენობის მოვლა საკუთარი სახსრებით უწევთ. მაგალითად, თოჯინების თეატრი, რომელსაც დღეს შენობაც კი არ აქვს და სპექტაკლებს ნაქირავებ ფართობში მართავს. რა გეგმები აქვს ამ კუთხით სამინისტროს?

 

– სამინისტროს სისტემაში შედის როგორც თბილისის, ასევე რეგიონების პროფესიული სახელმწიფო თეატრები. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ განსაკუთრებით რეგიონებში თეატრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სავალალოა. სამინისტრო ცდილობს, ეტაპობრივად განაახლოს სასცენო აპარატურა.

 

სადადგმო, საგასტროლო და ტექნიკური ბაზისთვის გამოყოფილი თანხით რეგიონული თეატრები ყოველწლიურად ფინანსდება. გაცილებით რთულად გადასაჭრელია შენობების პრობლემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. მაგალითად, თბილისის თოჯინების თეატრის შენობაზე ზრუნვა ჩვენთან ერად თბილისის მერიის საზრუნავიცაა.

 

 

სალომა სარიშვილი

გაზეთი „რეზონანსი“

 

14 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016