პორტუგალიურ „ბენფიკას" თავის ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ აქვს ევროპული ტურნირი საკლუბო დონეზე მოგებული და ორივე მათგანის მოპოვებაში ლომის წილი უნგრელ მწვრთნელ ბელა გუტმანს მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ 1961 და 1962 წელს კლუბმა თასი ზედიზედ მოიპოვა. ამის შემდეგ ბელა გუტმანმა კლუბი დატოვა და თქვა სიტყვები, რომლის შედეგსაც „ბენფიკა" დღემდე იმკის.
„კიდევ 100 წელი „ბენფიკა ვერ მოიგებს ვერც ერთ ევროპულ თასს" - სწორედ ასეთი იყო გუტმანის წასვლისას ნათქვამი სიტყვები. შედეგი სახეზეა, უნგრელის წყევლის წყალობით, „ბენფიკა" 1962 წლიდან მოყოლებული ევროტურნირების ვერც ერთ თასს ვერ დაეუფლა. უფრო მეტიც, კლუბმა 8-ჯერ ითამაშა ფინალური მატჩი და ყველა წააგო.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ფინალი პორტუგალიურმა კლუბმა გუშინ, ევროპის ლიგის ფინალში, „სევილიას" წინააღმდეგ პენალტების სერიით დათმო.
ფეხბურთს ცრურწმენების სჯერა, ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა და თუ „ბენფიკას" ფინალური მარცხები მართლა გუტმანის წყევლის ბრალია, პორტუგალიელები ოქროს მედალს კიდევ მინიმუმ 48 წელი ვერ მოიპოვებენ.