პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო ელის. ბრაზილიაში 2014 წლის მუნდიალზე 32 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.
დღევანდელი ჩვენი სტუმარი F ჯგუფის უკანასკნელი წევრი ბოსნიის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არგენტინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა. ბოსნიელებს საფეტ სუშიჩი წვრთნის. „პსჟ“-ს ყოფილი ვარსკვლავი მწვერთნელად საფრანგეთსა და თურქეთში მუშაობდა. ბოსნიის ნაკრები სუშიჩმა 2009 წელს ჩაიბარა.
„დრაკონები გულში, დრაკონები მოედანზე!“ - ბოსნიელთა 2014 წლის სამუნდიალო სლოგანი.
შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა საბერძნეთსა და ბოსნიას შორის. საბოლოოდ, ერთნაირი ქულებით გასულებს შორის, დამატებითი მაჩვენებლებით ბოსნიელებმა პირდაპირ მოიპოვეს ბრაზილიის საგზური. საბერძნეთს კი პლეი ოფის თამაში მოუწია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოსნია მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტია, გუნდს საკმაოდ დიდი შანსები აქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ამას ორი რამ განაპირობებს: 1) საკმაოდ გაუმართლა კენჭისყრისას და არგენტინის გარდა, ძლიერი მეტოქე ჯგუფში არ ჰყავს, 2) გუნდი კარგი ფეხბურთელებითაა დაბალანსებული, რომლებმაც შესარჩევ ციკლში ნამდვილად კარგი შედეგი აჩვენეს (10 მატჩში 25 ქულა, 30 გატანილი და 6 გაშვებული გოლი).
სუსტ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ბოსნიელი მწვრთნელისა და ფეხბურთელების საერთაშორისო ასპარეზზე გამოუცდელობა. ამასთანავე, გუნდის დაცვითი ხაზი სიძლიერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
სუშიჩმა 2014 წლის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: ასმირ ბეგოვიჩი („სტოკ სიტი“); იამინ ფეიზიჩი („აალენი“), ასმირ ავდუკიჩი („ბორაცი“).
მცველები: მუჰამედ ბეშიჩი („ფერენცვაროში“), ემირ სპაჰიჩი („ლევერკუზენი“), სეად კოლაშინაჩი („შალკე“), ოგნენ ვრანიეში („ელიაზიგსპორი“), ერვინ ზუკანოვიჩი („გენტი“), ერმინ ბიჩაკჩიჩი („ბრაუნშვაიგი“), მანსურ მუიჯა („ფრაიბურგი“), ტონი შუნიჩი („ზარია“).
ნახევარმცველები: სეიად სალიჰოვიჩი („ჰოფენჰაიმი“), მირალემ პიანიჩი („რომა“), სენიად იბრიჩიჩი („ქაისერი“), იზეტ ჰაიროვიჩი („გალათასარაი“), ჰარის მედუნიანინი („გაზიანთები“), სენად ლულიჩი („ლაციო“), ავდია ვრშაიევიჩი („ჰაიდუკი“), ზვეზდან მისიმოვიჩი („გუანჯოუ ჟენჰე“), ანელ ჰაჯიჩი („შტურმი“), ედინ ვიშცა („ისტამბული“), ტინო სუშიჩი („ჰაიდუკი“).
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო („მანჩესტერ სიტი“), ვედად იბიშევიჩი („შტუტგარტი“).
გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარ ბოსნიის ძირითად შემადგენლობას:
ბოსნია ჯგუფური ეტაპის მსგავსად 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზებს.
კარს ბეგოვიჩი დაიცავს. ცენტრალურ დაცვის ხაზში სპაჰიჩი და ბიჩაკჩიჩი განთავსდებიან. მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს კოლაშინაჩი და ვრშაევიჩი გააკონტროლებენ.
ნახევარდაცვის ცენტრში სალიჰოვიჩისა და პიანიჩის ხილვა ალბათ არავის გაუკვირდება. მარცხენა ფლანგიდან ლულიჩი შეუტევს, მარჯვნიდან კი ჰაიროვიჩი.
ბოსნია ორი ფორვარდით თამაშობს და მათი შემცვლელი სათადარიგოთა სკამზეც კი არ ზის. ამის გათვალისწინებით უდავოა, რომ შეტევაში ჯეკო და იბიშევიჩი შეწყვილდებიან.
ბოსნიის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
16 ივნისი 02:00 არგენტინა - ბოსნია (რიო-დე-ჟანეირო)
22 ივნისი 02:00 ნიგერია - ბოსნია (კუიაბა)
25 ივნისი 20:00 ბოსნია - ირანი (სალვადორი)