ესპანეთის ქალაქ ხერესში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჩვენებურების მეტოქე ფიფას რეიტინგში 75-ე ადგილზე მყოფი საუდის არაბეთის ნაკრები გახლდათ.
შეხვედრაში ქართველები სრულად დომინირებდნენ. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეტევას, ბურთი მეტწილად მოედნის საუდის არაბეთის მხარეს ატარებდა დროს. მსაჯის მიერ პირველი ტაიმის დამატებულ დროში, შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით, თორნიკე ოქრიაშვილმა ბურთი შორეულ „ცხრიანში"გაახვია. 71-ე წუთზე იმავე ოქრიაშვილის გონივრული პასით დასწრებაზე კარგად ითამაშა ვლადიმერ დვალიშვილმა, ბურთი კარის მაჯვენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.
„მიხარია,რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. რთული სეზონის მიუხედავად ყველას მიზანია, რომ ეროვნულ გუნდში წარმატებით ითამაშოს. საუდის არაბეთთან იოლი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ეს ჩემი მეორე სანაკრებო გოლი იყო. დარწმუნებული ვარ ამხანაგური თამაშები დაგვეხმარება, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. დიდი მოლოდინი მაქვს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპისადმი", - შეხვედრის შემდეგ განაცხადა მატჩის უდაო გმირმა თორნიკე ოქრიაშვილმა.
საქართველო - საუდის არაბეთი 2:0
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: ლორია, ლობჟანიძე (77' სალუქვაძე), ხუბუტია, კვირკველია, კაშია (46' ძარია), გრიგალავა, კანკავა, ყაზაიშვილი (58' კაკუბავა), კობახიძე (69. პაპავა), ოქრიაშვილი (74' ხმალაძე), მარცვალაძე (46' დვალიშვილი)
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (47'), 2:0 დვალიშვილი (71')
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია