შოტლანდიის ჩემპიონმა ნილ ლენონის შემცვლელის თანამდებობა ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამხმარესა და ირლანდიური ფეხბურთის მეფეს - როი კინს შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ლენონმა თავად გადაწყვიტა კლუბის დატოვება.
ირლანდიის ნაკრების თავკაცი მარტინ ო'ნილი, რომელიც წლების განმავლობაში თავად წვრთნიდა „სელტიკს", ძალიან კმაყოფილია თავისი თანაშემწის მუშაობით, თუმცა იგი ნამდვილად არ შეეცდება უარი ათქმევინოს ირლანდიელს შემოთავაზებულ ვაკანსიაზე.
„როიმ ბევრი რამ უნდა გააანალიზოს. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა დერმოტ დესმონდი („სელტიკის" მფლობელი) და მკითხა, შეუძლია თუ არა როისთან გასაუბრება. მე რა თქმა უნდა ამის შესახებ კინს შევატყობინე.
დარწმუნებული ვარ, რომ იგი არ იტყვის უარს ამ შემოთავაზებაზე, რადგან ისეთი კლუბები როგორიც „სელტიკია", ყოველ დღე არ ამახვილებენ შენზე ყურადღებას. თუმცა, რა თქმა უნდა, გული დამწყდება, თუკი როი ჩვენგან წავა", - განაცხადა ო'ნილმა.
„მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი, ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობამდე, „იპსვიჩსა" და „სანდერლენდს" თავკაცობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ „სელტიკი" „გლადიატორული", ბრძოლისუნარიანი საფეხბურთო სტილის მოყვარული გუნდია, თავად როი კინიც, ფეხბურთელობის პერიოდში, მუდამ მსგავსი სტილის თამაშს დემონსტრირებდა.