დავიჯერო ამხელა სამყაროში არ მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც გასაგებ ენაზე ამიხსნის, რას აკეთებს ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია? ეს დალოცვილი ყოველ ჯერზე ისეთ „ფოკუსს" გამოაგდებს, სულ მცირე, იფიქრებ, ამ კაცს ფეხბურთი ცხოვრებაში არ უთამაშიაო. თანმიმდევრობით მივყვები: ვინმე ნაცნობმა იქნებ უთხრათ, რომ გურამ კაშია ამპლუით ცენტრალური მცველია და ჰოლანდიის ერედივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ამ პოზიციაზე კარგი თამაშით მოხვდა. ჩვენი ნაკრების თავკაცი კი უკვე მერამდენედ(!) საყრდენად ათამაშებს. შეიძლება ვინმემ მითხრას, სავარაუდოდ, საბა კვირკველიას გამოუცდელობის გამო, კაშიას მისი დაზღვევა დაევალებოდაო. ვერც ამ მოსაზრებას დავეთანხმები, რადგან საბა კვირკველია საკმაოდ მაღალი რანგის ჩამპიონატში ასპარეზობს და იმდენად კარგად, რომ რუსეთის ნაკრების იტალიელ დამრიგებელ ფაბიო კაპელოს მისი თავის გუნდში ხილვა სურდა.
გუშინდელი შეხვედრა ქეცბაიამ ერთი ნომინალური და ისიც ფლანგის თავდამსხმელით დაიწყო (ამ კაცის ექსპერიმენტებმა მოკლედ წაგვლეკა), დამისახელეთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თუნდაც ერთი მსგავსი პრეცენდენტი და გავჩუმდები.
მარცვალაძეს სამი შემტევი ეხმარებოდა - კობახიძე, ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი. ორი მათგანი გუნდის იმედად მესახება, კომახიძეს რაც შეეხება, ვერც გუშინდელ და ვერც ლიხტენშტეინთან გამართულ შეხვედრაში ვერ გავიგე რა ფუნქცია აკისრია.
მეორე ნახევარში ჩვენმა მწვრთნელმა კიდევ ერთი ორიგინალური სვლა გააკეთა: მოედნიდან შემტევები გაიყვანა და ხუთი(!!!) საყრდენი ნახევარმცველით გააგრძელა თამაში, არც მსგავსი რამ მსმენია. აქვე უნდა გავიხსენო ბატონი თემურის კიდევ ერთი „გამოგონების" შესახებ, როცა ხორვატიასთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში 7(!) მცველი ათამაშა; მაშინ დავწერე ბარემ ორი მეკარით თამაში ეცადა-მეთქი. რადგან მეკარე ვახსენე, არ შემიძლია საქებარი სიტყვები არ ვთქვა ლორიას მისამართით, რომ არა მისი ოსტატობა, მორიგი სირცხვილი გარანტირებული გვქონდა.
ხალხო და ჯამაათო! ამიხსენით რა ვალი გვაქვს ამ კაცის, რას ერჩის ქართულ ფეხბურთს?! გავიჭირვოთ ბატონებო, შევაგროვოთ სრულიად ქართული ფეხბურთის ქომაგებმა მისთვის გადასახდელი ორი წლის ხელფასი და წავიდეს, კვიპროსული ფეხბურთი ააღორძინოს; ქართულს, რომ ვერაფერ სასიკეთოს შემატებს, უკვე ცხადზე უცხადესია.
P. S. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი კრიტიკა გადამეტებულია, სიამოვნებით მოვუსმენ. დამისაბუთეთ, დამიმტკიცეთ, რომ ვცდები და მერწმუნეთ, თუ ამას მოახერხებთ, ალალად გამიხარდება.
P.P.S. წერილს ფოტო ახლავს, სადაც ბატონი თემური თავის ბრძნულ მოსაზრებას გვიზიარებს ლეო მესიზე. წაიკითხეთ? ჰოდა, მეც ზუსტად მაგ აზრის ვარ, რაც ახლა თქვენ გაიფიქრეთ.