reportiori.ge - „დინამო“ თბილისი: შეცდომები, გაუმართლებლობა და უცნაური შეხედულებები (2011-2014)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 13:36
სპორტი
„დინამო“ თბილისი: შეცდომები, გაუმართლებლობა და უცნაური შეხედულებები (2011-2014)
30 მაისი, 2014. 17:14


რომან ფიფიას მოსვლის დღიდან, „დინამო" თბილისმა მგონი ფეხბურთელზე მეტი მწვრთნელი გამოიცვალა. ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად, კლუბის გენერალურ დირექტორად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა, სპორტულ დირექტორად კი - გიორგი ნემსაძე. შემუშავდა სამომავლო გეგმა, რომელიც „ბარსელონას" სათამაშო სტილ „ტიკი-ტაკაზე", იმდროინდელ ახალ სიტყვას თანამედროვე ფეხბურთში, იყო მორგებული. ქართული ფლაგმანის გაწვრთნა კატალონიიდან ჩამოყვანილ ალექს გარსიას დაევალა, რომელსაც მანამდე „ბარსელონას" არაერთ ასაკობრივ ნაკრებთან ჰქონდა ნამუშევარი და არაჩვეულებრივად იცნობდა ამ სათამაშო სტილს. ალექსმა თან 4 ფეხბურთელი: ხისკო, ალვარო, კოტო და იაგუე ჩამოიყვანა.


ესპანელის მოსვლის წინ, 2010/2011 წლების სეზონში „დინამომ" ჩემპიონობა „ზესტაფონს" დაუთმო, თავად ევროპის ლიგის შესარჩევზე განითესა იმერლებისგან განსხვავებით, ევროპის ლიგაზე მოსახვედრად შეცდომის დაუშვებლად გასვლა დასჭირდა. აქაც არ გაუმართლათ თბილისელებს. უკანასკნელ ეტაპზე, „აეკთან" ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით (0:1 - აღსანიშნავია რომ გოლი ბოლო წუთებზე გავიდა) დასრულდა, ჩვენებურებმა „დინამო არენაზე" საკმაოდ აგრესიული თამაში შემოგვთავაზეს და მე-2 წუთზე კოშკაძის გოლით ორმატჩიან დუელში წონასწორობა აღადგინეს. დარჩენილ ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და გულშემატკივარი პენალტების მოლოდინში იყო, მაგრამ უკანასკნელ დამატებით ტაიმში ფრთები გამოისხა გამოცდილმა ეიდურ გუდიონსენმა, ერთ-ერთი შეტევის დროს, რომლის შეჩერებაც კაკუბავას პენალტის ფასად დაუჯდა. ბერძნებმა გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანეს და ევროპის ლიგაზე გავიდნენ, „დინამო" კი ევროსარბიელს გამოეთიშა.


ალბათ ფეხბურთის  არც ერთი მოყვარულისთვის ახალი არ არის, რომ თითქმის შეუძლებელია საქართველოში მოასპარეზე კლუბში, მოსვლიდან 2 თვეში გუნდი ევროასპარეზზე გაიყვანო. გარსიაც არ არის გამონაკლისი. საქართველოში „ტიკი-ტაკას" შემოღებამ თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, თუ რამეს აკეთებ, ეს საქმე ბოლომე უნდა მიიყვანო. აქედან დაიწყო უსიამოვნებათა კორიანტელი ქართული კლუბისთვის. გარსიამ გუნდის ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა, იმედისმომცემი ფეხბურთელებით დააკომპლექტა. უმაღლესი ლიგის პირველი წრის უკანასკნელ მატჩებში „დინამოს" ფეხბურთელთა უმრავლესობა გადაიწვა. კლუბმა „ზესტაფონთან" გამანადგურებელი მარცხი იგემა (1:5), რასაც ბილბაოში გამართულ შეკრებაზე მარცხების კორიანტელი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, შეკრებაზე ფეხბურთელები სათანადო კონდიციებით არ ჩასულან, რის გამოც ალექსი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ამან თავი მალე იჩინა და ბილბაოში გამართულ უკანასკნელ მატჩში „დინამოს" 16 ფეხბურთელმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ერთადერთი, რასაც იგი ითხოვდა, იყო დრო შედეგის მისაღებად. ესპანელს ძალების სრული რეალიზება არ დასცალდა.


მე პირადად პირველად ვნახე მწვრთნელს შეკრებაზე წაგებული თამაშების გამო უშვებდნენ, მაგრამ ხელმძღვანელობამ ესპანური პროექტი დახურა. ალექს გარსია ახლა კვლავ  „ბარსელონაში" მუშაობს, ზურაბ პოლოლიკაშვილი კი ესპანეთში საქართველოს ელჩია.


გარსიას მიერ ჩამოყვანილი ხისკო ეროვნული ჩემპიონატის უდავო ვარსკვლავი და მრავალგზის ბომბარდირია. ალვარო ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ვისაც კი საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია. კოტოს გამოყენება ქართველებმა ბოლომდე ვერ შევძელით. ამ ფეხბურთელს ჰქონდა საკმაოდ კარგი თვისებები, როგორიცაა სისწრაფე, ბურთის კარგად მიღება და კარგი დარტყმა, მაგრამ ამ პერიოდის „დინამო" ფლანგებზე ორიენტირებულ თამაშს, ცენტრიდან შეტევას ამჯობინებდა. ამის გამო კოტოს მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევდა. რაც შეეხება იაგუეს, ეს ჩემი აზრით გარსიას ერთადერთი შეცდომაა. ფეხბურთელმა ევროასპარეზზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში სეზონი მთლიანად ჩააგდო.


აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ გარსიას „დინამოში" დახვდა „ძველი ბიჭების ბანდა", რომელთა უმეტესობაც მწვრთნელის მოსმენასა და ვარჯიშს თავის ნებაზე პარპაშსა და ხელფასის უშრომელად აღებას ამჯობინებდა. ბილბაოში გამართულ შეკრებაზე ისმოდა ერთმანეთისა და ესპანელი ლეგიონერების მისამართით ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ლანძღვა-გინება, ასეთი „ერთ მუშტად შეკრული" გუნდი წარმატებას ვერასდროს აღწევს!


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ „დინამოს" ხელმძღვანელობა ხშირად აწარმოებს ხმამაღალ ტრანსფერებს მწვრთნელის მოსვლამდე, შემდეგ კი „რატომღაც" ეს ფეხბურთელები მწვრთნელის მონახაზში ვერ ჯდებიან და ან დაბალეფექტიანობით, ანდა სულაც შედეგის არქონით გამოირჩევიან. სწორედ ამ დროს „დინამოს" გიორგი მერებაშვილი და გოგიტა გოგუა შეუერთდნენ. მერებაშვილი დღესაც ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, თუმცა მისი „პადსებიებითა" და ინდივიდუალური ფეხბურთით (რომელიც ევროდონეზე ნამდვილად ვერ ამართლებს, ამის მაგალითი „სტიაუასთან" შეხვედრაც იყო, არაფერი რომ არ ვთქვათ „ტოტენჰემთან" დაპირისპირებაზე) რამდენად შესაძლებელია გუნდური და დალაგებული ფეხბურთის თამაში თავად განსაჯეთ, გოგუა კი ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გუნდიდან გააგდეს.


მსგავს პრობლემებს წააწყდა გარსიას შემცვლელი, ნამდვილად ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი დევდარიანი. მას მანამდე წარმატებები ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობაში ჰქონდა, „დინამოში" კი „კაი ბიჭებმა" საკუთარი ავტორიტეტის დაცვა შეძლეს. შედეგად გადაბმულად 9 ფრე და „დინამო" მეოთხე ადგილით, ევროასპარეზს მიღმა დარჩა.


დევდარიანი გუნდიდან გაუშვეს, მის დროებით შემცვლელად კი ნესტორ მუმლაძე დაინიშნა, რომელსაც განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი გაუკეთებია და სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა.


აქვე იმასაც დავამატებ, რომ დევდარიანმა გასულ წელს გორის „დილა" ჩაიბარა. დაშლის პირას მყოფმა კლუბმა ევროსარბიელზე საოცრად გუნდური და დალაგებული ფეხბურთი შემოგვთვაზა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დევდარიანი ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია... თუ მას უსმენენ!


2012 წლის სეზონის დასაწყებად „დინამოს" ხელმძღვანელობამ ესპანური საფეხბურთო სტილის შემდეგ, ჩეხურ სტილზე გააკეთა აქცენტი. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მწვრთნელად, მისი ყოფილი თავკაცის დუშან უჰრინის (2006-2008 წლებში) ვაჟი - დუშან უჰრინი (უმცროსი) დაინიშნა. „დინამომ" სეზონი ჩეხ სპეციალისტთან ერთად კარგად დაიწყო. შემტევი და ლაღი ფეხბურთის წყალობით, გუნდმა ჩემპიონობაზე საფუძვლიანი პრეტენზია სეზონის დასაწყისშივე გამოთქვა. უმაღლეს ლიგაში კარგი თამაში საკმარისი არ გამოდგა. ამასთან დუშან უჰრინს (უმცროსს) ნამდვილად ეტყობოდა გამოცდილების ნაკლებობა და სწორხაზოვნად მართავდა გუნდს. გაშვებული გოლის შემდეგ „დინამოელებს" რეაბილიტაცია უჭირდათ და გადაწყობას ვერ ახერხებდნენ.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ბუბა ტყავაძე, რომელიც „დინამოში" სატრანსფერო პოლიტიკა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, წარმატებით ვერ წარმართა. დუშან უჰრინის მოთხოვნით კლუბმა შეტევის გაძლიერება გოგათი (რომელიც დიდი ვერაფრით გამოირჩევა) და პატრიკ ვუოთი გადაწყვიტეს. ამ უკანასკნელზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. ფეხბურთელმა, რომელმაც სრულიად კვიპროსი აალაპარაკა, „დინამოში" გადმოსვლამდე „აელის" მაისურით სეზონში 20 გოლის გატანა შეძლო (აქედან მხოლოდ ერთი იყო შორეული დარტყმულით, დანარჩენი კი კარის ხაზიდან 1-2 მეტრი დაშორებიდან). ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ვუო ძალიან კარგი პოზიციური ფორვარდია.  ფიზიკური ძალა და ალღო ეხმარება საჯარიმოში კარგად გახსნასა და მეტოქის კარში ბურთის გადაგზავნაში. სამწუხაროდ საქართველოში როცა ტანმაღალ ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ფორვარდს ხედავენ, მისგან მუდამ „ტარანის" ტიპის ფორვარდის გამოყვანა სურთ. ეს მაშინ, როცა საქართველოში არასდროს დაზრდილან კარგი „ტარანები", სამაგიეროდ არაჩვეულებრივი პოზიციური სტილის მოთამაშე ფორვარდები გვყავდნენ, იგივე შენგელია და შოთა არველაძე თუნდაც რად ღირს?! ვუო როგორც მოსალოდნელი იყო ვერც „ტარანად" გამოდგა და ვერც შემქმნელ ფორვარდად. ბოლოს გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში როდის იხილა ალბათ არავის ახსოვს.


სამაგიეროდ კარგი „ტარანის" შეძენის შანსი ჰქონდა „დინამოს" დუშანის მოსვლის პერიოდში. კლუბში დარკო გლისიჩი და კონე ისინჯებოდნენ. მაკედონელი დღესაც თბილისელთა მაისურით თამაშობს (თუმცა უმეტესად შეცვლებზე), კონესთან მოლაპარაკება კი გაუგებარი მიზეზების გამო ჩაიშალა. ეს იყო სუფთა სისხლის „ტარანი" - მაღალი, ძლიერი დარტყმით, კარგი ფიზიკური ძალითა და სისწრაფით, ამასთანავე ახალგაზრდა განვითარების პერსპექტივით. ტყავაძეს ეს ტრანსფერი ეუდისის მსგავსად არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი ტრანსფერი პეტერ გრაიციარის გადმოყვანა იყო, რომელიც მალე ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.


სწორედ ამ დროს მოხდა ის, რის გამოც „დინამო" გასულ წელს ევროასპარეზს მიღმა დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობამ და ბუბა ტყავაძემ გადაწყვიტეს, რომ გრაიციარის თამაშით ალვაროს (ნახევარმცველის რომელიც მოედანზე გამოსვლის მომენტიდან თამაშს ალაგებდა და რომელმაც 12 გოლი გაიტანა სეზონში და მათი უმეტესობა გადამწყვეტი გახლდათ) გუნდში დარჩენის საჭიროება აღარ იყო. ალვაროს კონტრაქტის მიხედვით „დინამოს" მაისურით აგვისტოს ბოლომდე უნდა ეთამაშათ, მაგრამ შესარჩევი ეტაპის წინ ფეხბურთელი ბაქოს „ინტერში" გადაბარგდა. ეს ყოველივე ბუბა ტყავაძემ იმით ახსნა, რომ ალვაროს გაშვების საკითხი მაისშივე გადაწყვეტილი ყოფილა და „უმოტივაციო" ფეხბურთელი ევროსარბიელზე არ გამოგვადგებოდა. პირადად ჩემთვის საინტერესოა რომელი ფეხბურთელი თამაშობს ევროსარბიელზე უმოტივაციოდ, თანაც მაშინ, როცა გუნდიდან გაგდებენ და გინდა როგორმე თავი გამოიჩინო, რათა სხვა კლუბი დაინტერესდეს შენით.


ამ ყველაფერს დაემატა სრულიად გაურკვეველი ამხანაგური მატჩი მოსკოვის „დინამოსთან", რომელიც იმ წელს ევროპის შესარჩევ ეტაპს მიღმა დარჩა და ჩვენთან თამაშში დასაკარგი არაფერი ჰქონდა. შეეძლოთ გუნდის სრული შემადგენლობა მთელი ზაფხული ლაზარეთში გადაეყვანათ. იმავეს ვერ ვიტყვით თბილისურ კლუბზე. ევროშესარჩევიდან 1 კვირით ადრე „დინამო არენაზე" ორი „დინამო" დაუპირისპირდა ერთმანეთს. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქართველი გულშემატკივარი მუდამ ითხოვს რუსების წინააღმდეგ (სხვადასხვა მიზეზების გამო) მხოლოდ გამარჯვებას. ჩვენმა ბიჭებმა მართლაც ბოლომდე იბრძოლეს და გაცილებით მდიდარ კლუბს 1:1 დაუმთავრეს. სამწუხაროდ ამ შეხვედრაში პეტერ გრაიციარი დაიმტვრა. ერთი კვირის შემდეგ, „სტრეიმურთან" დაპირისპირებისას ძარიამ „კრასნოდართან" მიღებული მიკრო ტრავმა გაიუარესა და ლაზარეთში გადაბარგდა. „დინამო" თავისი ძლიერი მხარის, ცენტრალური ნახევარდაცვის გარეშე დარჩა (გრაიციარი და ძარია ლაზარეთში, ალვარო - ბაქოში). დანაკლისის შესავსებად უჰრინმა ცენტრისკენ ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაწია, რომელიც ტიპური გარემარბია და სხვა პოზიციაზე რბილად რომ ვთქვათ - ვერ თამაშობს. ნახევარდაცვაამოგლეჯილი „დინამოს" გაგდება „სტიაუასთვის" რთული აღარ ყოფილა. „დინამო" ევროპალიგის შესარჩევზე გადავარდა, სადაც „ტოტენჰემმა" დაუნდობლად გაგვანადგურა.


დუშან უჰრინს შემდეგი სეზონის დასრულება „დინამოში" არ დასცალდა. „ვიქტორია პლზენმა" მას კარგი კონტრაქტი შესთავაზა, რომელზე უარის თქმაც ჩეხმა ვერ შეძლო და თბილისი დატოვა. მის შემცვლელად მალხაზ ჟვანია დაინიშნა. ჟვანია „დინამოს" ნახევარი წლის მანძილზე წვრთნიდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი დაქვემდებარების ქვეშ ფეხბურთელებმა დუბლი შეასრულეს და უმაღლესი ლიგისა და დავით ყიფიანის თასს დაეუფლნენ, ჟვანიას ფორმაციის გუნდი მეტწილად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდა ფონს. ამასთანავე, კლუბმა სუპერთასის ფინალი „ჩიხურასთან" დათმო.


რამდენიმე დღის წინ რომან ფიფიამ განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უცხოელ კანდიდატებს მოიაზრებენ. ფორუმებზე და პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მიხალ ბილეკის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. იგი ბოლოს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა. „დინამო" კვლავ ჩეხურ სტილს უბრუნდება.


ბოლო 3-4 წლის განმავლობაში „დინამოს" ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან კიდევ ბევრი უცნაური და მიუღებელი რამ მოხდა (ლოგოს დიზაინის ყოველწლიური ცვლა, კლუბის ტრადიციული ფერების აღრევა და ა.შ.), თუმცა კარგიც უნდა ითქვას - „დინამო" თბილისი დღეისათვის საქართველოში საუკეთესო ბაზასა და აკადემიას ფლობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016