reportiori.ge - საქართველოს ნაკრებს პატრონი არ ჰყავს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 16:15
სპორტი
საქართველოს ნაკრებს პატრონი არ ჰყავს?
04 ივნისი, 2014. 17:07


საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაში შეკრების უკანასკნელი მატჩი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან - 0:1 წააგო.


პირველ ტაიმში თემურ ქეცბაიამ გუნდი ნომინალური ფორვარდის გარეშე გამოიყვანა. გასაგებია, რომ ოთარ მარცვალაძეს ტრავმა აწუხებს, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე კიდევ ორი ფორვარდი იმყოფებოდა: დვალიშვილი და ცხადაძე.


ფორვარდის არყოფნამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველები შორიდან დარტყმას ანიჭებდნენ უპირატესობას. ვაკო ყაზაიშვილმა ორჯერ ძალიან არაზუსტად და სუსტად დაარტყა ბურთი მეტოქის კარისკენ, ირაკლი ძარიას შორეული დარტყმული კი არაბთა მეკარემ მოიგერია.


პირველ ნახევარში არაბებს უფრო რეალური შანსი ჰქონდათ, როცა საბა კვირკველიას ფეხი დაუცდა, მაგრამ არაბთა ფორვარდმა მომენტით ვერ ისარგებლა.


მეორე ტაიმში ქეცბაიამ დვალიშვილი გამოიყვანა და პირველივე წუთებში ქართველები ბურთს დაეუფლნენ. შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა დასაწყისშივე გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრმა თამაშგარის გამო გააუქმა. გამეორებაზე ისე ჩანდა, თითქოს მცველი ოდნავ უფრო ახლოს იდგა კარის ხაზთან.


57-ე წუთზე „ლეგიას" ფორვარდს კიდევ მიეცა იდეალური შანსი, მაგრამ კარის ხაზიდან 3 მეტრიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია. ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას ფორვარდმა, მაგრამ წაგებული მატჩის დვალიშვილზე დაბრალება ნამდვილად არ იქნება უპრიანი.


მეორე ტაიმში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენს რიგებში კობახიძე იყო, რომელიც აქტიურად ცდილობდა მეტოქისთვის შეეტია, თუმცა შეტევების სასურველად დასრულებას ქართველი ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ.


მეტოქე მეორე ტაიმში უფრო გააქტიურდა. 74-ე წუთზე, გურამ კაშიამ საჯარიმოს მისადგომებთან, ფლანგზე წააქცია არაბი ფეხბურთელი. ალ ამოუდიმ რბილად ჩააწოდა და ჰაბიბ ფარდანმა თავურით ბურთი ლორიას კარში გადაგზავნა - 0:1.


ეს არაბთა კარის ჩარჩოში პირველი დარტყმა იყო. დარჩენილ დროში არაბები უფრო მეტად უტევდნენ, ვიდრე ჩვენი ბიჭები, რასაც რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ გიორგი ლორია დამაჯერებლად იდგა.


ძალიან ბევრის თქმა შეიძლება ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე, რომელიც ნამდვილად არ პროგრესირებს. ლიხტენშტაინთან და საუდის არაბეთთან თამაშებმა კარგად გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს გოლები ფეხბურთელთა ინდივიდუალური კლასის ხარჯზე გააქვს. ჩვენი ბიჭები გუნდურად ნამდვილად ვერ თამაშობენ. ძალიან სუსტია დაცვის ფლანგები. კვლავ გაუგებარია კაშიას როლი საყრდენ ნახევარმცველად. დაცვით სტილზე და ფორვარდის გარეშე თამაშზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი, შენგელია ალბათ საფლავში ტრიალებს, გუცაევი კი, ამ თამაშის შემხედვარე, გულის შეტევას როგორ გადაურჩა საკვირველია.


პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ არაბთა სათამაშო სქემა სრულიად იყო დაფუძნებული 22 წლის ომარ აბდულრაჰმან ალ ამოუდიზე, რომელიც ამ ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება. იგი საკმაოდ კარგ ტექნიკას ფლობს, თუმცა ფიზიკურად საკმაო სისუსტით გამოირჩევა. გაურკვეველია ასეთ დროს რატომ არ უნდა დაუყენო მას პერსონალური ამყვანი, თანაც მაშინ, როცა გუნდში კანკავასნაირი „ცოფიანი ძაღლი" გყავს.


პირველ ტაიმში ოქრიაშვილისა და კობახიძის ფლანგურ გარღვევებს არანაირი შედეგი არ ჰქონდათ, რადგან პასის მიმღების გარეშე, ფლანგიდან შეტევა თითქმის ყველანაირ აზრს კარგავს.


ეს მატჩი კიდევ ერთი მტკიცებულება იყო , რომ ქართველ ფეხბურთელებში საჩემპიონო ხასიათი და სულისკვეთება არაა. პირადად ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი სიმშვიდით გავიდეს მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან განცდილი მარცხის შემდეგ, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში.


კიდევ ერთ რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, შეხვედრა მაყურებლის სიმცირით გამოირჩა და ამიტომაც ფეხბურთელთა და მწვრთნელთა გადაძახილი რეპორტაჟის დროს კარგად ისმოდა. ყურადღებიანი მაყურებელი მოისმენდა ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან, ერთმანეთის მისამართით უცენზურო სიტყვების გადაძახილს. ამგვარმა ერთმანეთის უპატივცემულობამ გასულ წელს თბილისის „დინამო" სადამდეც მიიყვანა ყველას კარგად გვახსოვს, იმედია ამ პრობლემის მოგვარებას მთავარი მწვრთნელი უახლოეს დროში შეეცდება.

 P.s. თუმცა, პირადად მე, ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს.


ერთ საინტერესო ფაქტზეც გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. თბილისის „დინამოში" მიხალ ბილეკი იმუშავებს, რომლის წლიური ანაზღაურებაც, Idnes-ის ცნობით, 300 000 ევრო იქნება. მან ჩეხეთის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა, იმ დროს, მისი წლიური ანაზღაურება 185 000 ევრო იყო.


თემურ ქეცბაიას ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 1 000 000 დოლარია. იქნებ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რატომ აქვს ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ამხელა ხელფასი მაშინ, როცა საქართველოს ჩემპიონატში კლუბების უმეტესობა მთლიანად არ ფლობს ამხელა ბიუჯეტს. იქნებ დასაწყისისთვის მეტი ყურადღება და ფინანსები დავუთმოთ ინფრასტრუქტურასა და კლუბებს, სადაც მომავალი თაობა იზრდება, თუ არადა ვუყუროთ მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი როგორ წუწუნებს, რომ ფეხბურთელები არ ჰყავს და როგორ მოიგოს?! გუშინ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან დავმარცხდით, ესეც ესპანეთი ხომ არაა? ფედერაციაში კი ამხელა ხელფასს იმით ხსნიან, რომ ტოპმიოლერსა და კუპერსაც ბევრს ვუხდიდით. გასაგებია, მაგრამ ერთი და იმავე შეცდომას 3-ჯერ რომ გაიმეორებ, ჩვენც მე-4-ის მოლოდინში ვართ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016