NBA-ს ფინალურ დაპირისპირებაში, შარშანდელის მსგავსად, „მაიამი ჰიტი“ და „სან ანტონიო სპურსი“ იბრძოლებენ ტიტულისთვის. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის სერიაში ერთნაირი ანგარიშით - 4:2, ფლორიდელებმა „ინდიანა პეისერსს“ სძლიეს, ტეხასელებმა კი - „ოკლაჰომა სიტი თანდერს“.
გუშინ ფინალისტთა პირველი დაპირისპირება გაიმართა. „სან ანტონიომ“ „მაიამი“ მიიღო და გამარჯვებას დაეუფლა - 110:95 (26:20, 28:29, 20:29, 36:17).
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მესამე მეოთხედის ბოლოს, „მაიამი“ 4 ქულით წინ იყო, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში მასპინძლებმა ფრთები გამოისხეს და ტაიმი 36:17 მოიგეს.
„სპურსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი დანკანი აღმოჩნდა, 21 ქულითა და 10 მოხსნით. „ჰიტის“ მაისურით კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯეიმსმა, რომელმაც 25 ქულა და 6 მოხსნა განახორციელა, თუმცა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
„სან ანტონიო“: დანკანი (21 ქულა, 10 მოხსნა), პარკერი (19 ქულა, 8 გადაცემა), ჯინობილი (16 ქულა, 5 მოხსნა, 11 გადაცემა), სპლიტერი (14 ქულა), გრინი (13 ქულა), ბელინელი (9 ქულა), ლეონარდი (9 ქულა), დიაო (2 ქულა, 10 მოხსნა, 6 გადაცემა).
„მაიამი“: ჯეიმსი (25 ქულა, 6 მოხსნა), უეიდი (19 ქულა), ბოში (18 ქულა, 9 მოხსნა), ალენი (16 ქულა, 5 მოხსნა), ლუისი (10 ქულა).
გთავაზობთ „სან ანტონიოსა“ და „მაიამის“ პირველი დაპირისპირების ვიდეო მიმოხილვას: