„ქართული ლუდის კომპანიის“ ორგანიზებით, მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთგზის მონაწილე, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი თბილისს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. გერმანელმა დაათვალიერა ლუდსახარში „ზედაზენი“ და ქართული ლუდის წარმოებას ადგილზე გაეცნო. Konig Pilsener-ის ინიციატივით, გაიხსნა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ფანკლუბი, რომლის საპატიო პრეზიდენტიც სწორედ ლოთარ მათეუსი იქნება.
„ჩემთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის პრეზიდენტი ვარ. რაც შეეხება ლუდს, უკვე დავაგემოვნე და ძალიან კარგი გემო აქვს, ძალიან მომეწონა. შესანიშნავი ქარხანაა. სიურპრიზი იყო ჩემთვის როდესაც ასეთი ხარისხის კომპანია ვნახე. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ გერმანია როგორც ყოველთვის ფავორიტებს შორის არის, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ არგენტინა გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, საქართველო გაიმარჯვებდა, რომ მონაწილეობდეს, მაგრამ ეს ასე არ არის“, - განაცხადა ლოთარ მათეუსმა.
სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართველებს გაფეტიშებული ცნობილი უცხოელი ჩამოგვყავს, ის კი ჩვენი ქვეყნისა და ერისადმი ცინიკური ფრაზებით გვამკობს და წასვლის წინ ისევ ქართული მხარე უხდის მადლობას დაფასებისა და პატივისცემისთვის. საინტერესოა, რომ გერმანელი (!) ქართულმა ლუდმა აღაფრთოვანა, და საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მის ნათქვამს რაც შეეხება, საკმაო ცინიზმითაა გაჯერებული, თუმცა რა უნდა გეწყინოს ისეთი არაპატრიოტისგან, რომელიც გერმანელთა პრინციპულ მეტოქეს „ქომაგობს“ და ამას სახალხოდაც არ მალავს.