„ჩელსისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ რომელუ ლუკაკუს კლუბის შეცვლა უახლოეს მომავალში სურს.
გასული სეზონი ბელგიელმა, არენდის წესით, „ევერტონში" გაატარა, სადაც 34 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ჩელსიში" დაბრუნება მოუწია.
მიუხედავად ამისა, ამჯერად ლუკაკუ ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას არ აპირებს. ფეხბურთელმა კლუბის მესვეურებს განუცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.
„ჩელსი" ყოველწლიურად ყიდულობს ახალ თავდამსხმელებს. გასულ წელს შევედი გასახდელში და დემბა ბა და სამუელ ეტო'ო დავინახე.
თუმცა არანაირი პრობლემა არაა. ბევრი კლუბია ჩემით დაინტერესებული. ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად უნდა ვითამაშო. ეს კარგი შესაძლებლობაა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ტრანსფერის მოლოდინში არიან. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ და „ჩელსიმ" ეს უნდა იცოდეს", - განაცხადა ლუკაკუმ.
ლუკაკუს შეძენის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი მადრიდის „ატლეტიკოა", საიდანაც „ჩელსიში" წელს დიეგო კოსტა გადავა. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ კლუბები ფორვარდების გაცვლა-გამოცვლას. ბელგიელის საკუთარ რიგებში ხილვა „ტოტენჰემსა" და „ევერტონსაც" სურს.