რომელ ფეხბურთის განვითარებაზე და კლუბების რაოდენობის გაზრდაზეა საუბარი მაშინ, როცა უმაღლესი ლიგის შინაგანაწესიც კი არაა მოწესრიგებული. თქვენს ყურადღებას ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ. რამდენიმე დღის წინ „დინამო" თბილისის ერთ-ერთი უცხოელი ფეხბურთელისგან, დარკო გლიშიჩისგან შევიტყვე, რომ საქართველოს 2013/2014 წლების მოქმედ ჩემპიონ თბილისის „დინამოში" ოქროს მედლები ყველა ფეხბურთელს არ მიუღია. დარკოსგან ამ ფეხბურთელთა ზუსტი ჩამონათვალი ვერ მივიღეთ, მაგრამ მისი თქმით, თავად მაკედონიელსა და იანს იენსეს, რომლებთან სამომავლო თანამშრომლობაზეც ქართულმა კლუბმა უარი განაცხადა, საჩემპიონო მედლები არ აუღიათ.
ამ ფაქტის დასაზუსტებლად თბილისის „დინამოს" მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ მედლების საკმაოდ შეზღუდული, მცირე რაოდენობა გადაეცათ და ბევრმა ფეხბურთელმა მედალი ვერ მიიღო. იმ დროისათვის „დინამოს" ძირითად გუნდში 24 ფეხბურთელი ირიცხებოდა, აქედან მხოლოდ 19-მა მიიღო ოქროს მედალი, დანარჩენი კი, გუნდის 6 მწვრთნელს გადაეცა. კლუბის წარმომადგენელთა თქმით, გასაკვირი არაა რომ იენსე 19 რჩეულში ვერ მოხვდა, მას ხომ ფაქტობრივად არც უთამაშია. რაც შეეხება დარკოს, მაკედონიელმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა „დინამოს" გაჩემპიონებაში, თუმცა, როგორც ჩანს, „დინამოს" მესვეურებმა ლეგიონერი 19 საუკეთესოში მოხვედრის ღირსად არ მიიჩნიეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამასთან დაკავშირებით განგვიმარტეს, რომ არსებული წესდების თანახმად, ამ შემთხვევაში კლუბის მხრიდან არავითარი წესი არ დარღვეულა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობის დროს, განაწესი ითვალისწინებდა, რომ თუკი ფეხბურთელს ჩემპიონატის თამაშების 50%-ში (ნახევარში) ექნებოდა მონაწილეობა მიღებული, მას გამარჯვების შემთხვევაში, ოქროს მედალი გადაეცემოდა. უმაღლესი ლიგის ამჟამინდელ განაწესში კი, როგორც ირკვევა, არცერთი პუნქტი არ განსაზღვრავს რომელ ფეხბურთელს უნდა გადაეცეს მედალი და რომელს არა. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ჩემპიონ გუნდს გადაეცემა 25 ოქროს მედალი, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით, ძალიან მცირე ოდენობაა, თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უმაღლეს ლიგაში ამჟამად მოასპარეზე 12 გუნდიდან ყველაზე ნაკლებიანის ძირითად შემადგენლობაში 20 ფეხბურთელი ირიცხება. მაგალითად, „ზესტაფონსა" და გორის „დილაში" კი, ამჟამად, 26-26 ფეხბურთელია.
საინტერესოა, თუ რა პრინციპით უნდა გადანაწილდეს გუნდის ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და კლუბის სამუშაო ჯგუფის სხვა წარმომადგენლებზე მხოლოდ და მხოლოდ 25 ოქროს მედალი. თავად განსაჯეთ, იქნებ ჯობდეს განაწესში რაიმე დამატებითი პუნქტის შეტანა, რათა არცერთი უმედლოდ დარჩენილი, განაწყენებული არ დარჩეს.