reportiori.ge - მეუფე იობი: გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:58
ინტერვიუ
მეუფე იობი: გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას...
ავტორი:
11 ივნისი, 2014. 11:02

...მივუყვებოდი ძამის ხეობას და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული მადლითა და სიხარულით... ამ მიდამოებში ათი წლის წინანდელი ჩემი პირველი მოგზაურობა გამახსენდა და კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე,რა ძალა აქვს უფლის სიყვარულს, რა მოწყალეა შემოქმედი, როცა შენი მავედრებელი მზერა მისკენ არის მიპყრობილი, რა ბედნიერი ხარ, როცა დედა ღმრთისმშობლის თბილი კალთა გიფარავს... სიხარულით სავსე მივიჩქაროდი იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს, რომელმაც ეს ხეობა მკვდრეთით აღადგინა და ბერ-მონაზვნების დიდ სავანედ აქცია. ვიდექი კლდეში ნაკვეთი შიო მღვიმელის ტაძრის წინ და ვგრძნობდი, რა ახლოს იყო უფალი! ვგრძნობდი,რომ ზეცა აქედან,მიწიდან იწყება, თუ ასეთი უნაპირო სიყვარული გაქვს, თუ უფლისთვის, მოყვასისთვის ასეთი თავგანწირვა შეგიძლია!.. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მისაუბრია მასთან? რამდენჯერ ვუნუგეშებივარ, იმედი მოუცია... ვიჯექი მის პირდაპირ სარკინეთის რეზიდენციაში და ასე მეგონა, სხვა სამყაროში ვიყავი, სადაც არც შურია, არც ბოროტება, არც მოყვასის გაცემა და ღალატი, არც შურისძიებით აღსავსე გულები... რამდენჯერ დავფიქრებულვარ, რა ძალა აქვს ასეთი, ბოროტების ლეგიონებს რომ ამარცხებს, როგორ შეუძლია, მის ყველაზე მოსისხლე მტერს, ავისქმნელს, სიკვდილისთვის გამმეტებელს შეუნდოს და მისთვის ილოცოს... უყვარდეს!.. ეს ძალა ის ღვთიური სიყვარულია, რომელიც დღეს დედამიწაზე მინავლულ მზეს დაემსგავსა, მაგრამ ამ უდიდესი ადამიანის სულში, გულში მარადიულ სხივად ჩაიღვარა... მე ვუყურებდი და ვუსმენდი ადამიანს, რომელიც თხემით ტერფამდე სიყვარულს აფრქვევდა! ისე თბილოდა მის ირგვლივ, იმდენი სინათლე იყო!!! რა დაცულად ვგრძნობდი თავს! ვუსმენდი მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) და მინდოდა, ეს საათები უსასრულოდ გაგრძელებულიყო...


- მეუფეო, პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ,რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. ჩემი ბოლო საუბარი თქვენთან 2006 წლის 24 ოქტომბერს შედგა. საუბარს ყბადაღებულ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე, ე.წ. ID ბარათებზე დავიწყებ, ვინაიდან თქვენ ყველაზე ხმამაღლა მოუწოდებთ მრევლს, თავი შეიკავონ მისი აღებისგან და მიმართავთ ხელისუფლებას, დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწმობები. თუმცა, ელექტრონული პირადობის მოწმობის მომხრეები აცხადებენ, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში ამ ბარათების საწინააღმდეგო არაფერი წერია.

 

- პირველ რიგში, მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, და გაგაძლიეროთ! ID ბარათებზე უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, წმინდა მამათა სწავლებებში და დაინტერესებული ადამიანისთვის მისი მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს. მხედველობაში მაქვს პაისი ათონელის ეპისტოლარული საუბრები თავის სულიერ შვილებთან, სადაც გარკვევით განმარტავს, რომ ეს ბარათი არის ანტიქრისტეს ბეჭდის წინა სახე და მხეცის რიცხვის მატარებელი საბუთი. ამასთან დაკავშირებით გამოიცა კინოტის დადგენილებაც (კინოტი, ესაა ათონის ბერთა რესპუბლიკის მთავრობა, ოცივე მონასტრის წინამძღვრისგან შემდგარი სათათბირო), ამასთან დაკავშირებით, ასევე არსებობს ელადის სინოდის დადგენილებაც. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი საქართველოში მაინც სადავო გახდა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდზე განსახილველად გამოვიტანეთ. წმინდა სინოდზე შემოიგზავნა მორწმუნე მრევლის ასი ათასი ხელმოწერა ამ ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ და მივიღეთ ასეთი დადგენილება: „რადგანაც საზოგადოებაში ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ხელისუფლებას ეთხოვოს, დაუშვას ალტერნატიული საბუთი. სინოდის ოქმში ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ სიტყვებით შევიდა. თუმცა, როცა სინოდის დადგენილება გამოქვეყნდა, ტექსტი შეცვლილი იყო. დადგენილებაში ჩაუმატეს სიტყვები: „თუ შესაძლებელია, ეთხოვოს ხელისუფლებას". „თუ შესაძლებელია" ჩაემატა პირველ მუხლში და მეორე მუხლში კი - ფრაზა,რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია აიღოსო. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ასეთი რამ სინოდზე არ თქმულა და სინოდის დადგენილების ამ ფორმით მიღება სახარებისეული სწავლების წინააღმდეგ წასვლაა. სახარებაში წერია - ხო, ხო და არა, არა! მეამე ეშმაკისაგან არის! ამ გამოქვეყნებულ დადგენილებაში კი „ხოც" იყო და „არაც". ასეთი ფორმით მისი გამოქვეყნება არაფრით შეიძლებოდა - სინოდის ოქმში ასეთი ორაზროვანი ფრაზა არ ჩაწერილა. ამას რამდენიმე მღვდელმთავარიც დაადასტურებს.


- მეუფეო, იქნებ სწორედ სინოდის მიერ მიღებულმა ამ ორაზროვანმა, გაურკვეველმა გადაწყვეტილებამ დააბნია და ერთმანეთს დააპირისპირა მრევლი - ამ ბარათების მომხრენი და მოწინააღმდეგენი, რაც ნათლად გამოჩნდა გადაცემაში „რეაქცია"...

 

- კიდევ გიმეორებთ, რომ სინოდმა ძალიან გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ოქმი შეცვალეს. გაურკვეველი კი ისაა, ვინ შეცვალა... სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლებას ეთხოვოს ალტერნატიული პირადობის მოწმობებიო.


- მრევლის დაბნეულობას ისიც იწვევს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი, მათ შორის, დიდი იერარქებიც, პირდაპირ მოუწოდებენ მრევლს, რომ შეუძლიათ, თავისუფლად აიღონ ID ბარათები - ამაში არაფერი საგანგაშო არ არისო... ეს ხომ მრევლის ერთიანობაზე უარყოფითად მოქედებს და ხლეჩს მას, ხელს უშლის ეკლესიის მთლიანობას?

 

- ეკლესიის მთლიანობას ეს ხელს არ უშლის, გამომდინარე იქიდან, რომ არიან „მწყემსნი სასყიდლით დადგინებულნი" ეს სახერებაში გარკვევით წერია. მწყემსი კეთილი თავის „პირმეტყველ ცხოვართათვის", ანუ თავისი მრევლისთვის თავს დადებს. „მწყემსნი, საყიდლით დადგინებულნი" კი, როცა განსაცდელი მოაწევს, თავის სულიერ შვილებს ზურგს შეაქცევენ და გაიქცევიან. „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო", - ნათქვამია. ზოგიერთი სასულიერო პირი, ID ბარათს პირადი კეთილდღეობის გამო ამართლებს. ბევრი მათგანი მრავალშვილიანია, შვილებს ხომ პრობლემას არ შეუქმნიან? მათ მომავალზე ფიქრობენ და არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა დასრულდეს და რახან შვილები ჰყავთ და მიეცათ კარგად ცხოვრების საშუალება, ეს მუდმივად უნდათ, რომ გაგრძელდეს. გაურბიან იმაზე საუბარსაც, რომ უკვე აშკარად იკვეთება მეორედ მოსვლის ნიშნები.


ჩვენ ყველას მოგვცა უფალმა განსჯის უნარი - მე ჯანსაღ აზროვნებაზე, საღ გონებაზე ვამბობ, თორემ დღეს უმრავლესობას გონება ახდილი აქვს, როგორც ეზრა თავის მესამე წიგნში ამბობს - მეორედ მოსვლის წინ ადამიანებს გონებას ავხდიო, ანუ, ადამიანებს განსჯის, კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი დაეკარგებათ... დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი...


- სინოდის გადაწყვეტილების ოქმში შეცვლილი სახით შეტანაზე ადრეც საუბრობდნენ, როცა განიხილებოდა პარლამენტის მიერ მიღებული „კანონი რელიგიების შესახებ". მაშინაც თქვეს, ოქმი შეიცვალაო...

 

- სინოდზე იყო მსჯელობა პარლამენტის მიერ რელიგიების შესახებ მიღებული კანონის თაობაზე. დადგენილება მართლა იმ ფორმით იქნა მიღებული, როგორც გამოქვეყნდა, თუმცა, მე სინოდზე გამოვთქვი მოსაზრება, თუ რა საფრთხეების შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კანონი საქართველოსთვის, რომ ამას მოჰყვებოდა საქართველოს სულიერი დანაწევრება. მინდოდა, ეს ოქმშიც დაფიქსირებულიყო, მაგრამ ამაზე უარი მითხრეს...


- მეუფეო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე განმარტება არაერთგზის გაგიკეთებიათ, არ შემიძლია, არ გკითხოთ ჟურნალ „ქვაკუთხედში" (რომელიც თქვენი კურთხევით გამოდის) გამოქვეყნებულ მასალაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ,რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, განსაკუთრებით კი, სამაჩაბლოელი დევნილების გულისწყრომა გამოიწვია. ავტორის აზრით: „იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?!" „იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუმწუმა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და „ბუჩქების" იდეოლოგიას?!" (№ 8(27), სექტემბერი, 2008).

 

- პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ მე ჟურნალ „ქვაკუთხედის" რედაქტორის კურთხევა სასულიერო თემატიკასთან დაკავშირებით მივეცი. ჟურნალში განთავსებული ტექსტების შინაარსს მე არავინ მითანხმებს და ვერც შევძლებ ტექსტების გაცნობას. ასევე მოხდა მაგ გახმაურებულ მასალასთან დაკავშირებითაც. ესაა, მისი როგორც რედაქტორის, პირადი მოსაზრება და პოზიცია. მას აქვს ე.წ. „რედაქტორის გვერდი", სადაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პირად დამოკიდებულებას გამოთქვამს. კიდევ ერთხელ გიცხადებთ, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის და მსგავსი რამ არ მითქვამს! რაც შეეხება 2008 წლის ავადსახსენებელი ომის მიმართ ჩემ დამოკიდებულებას - მე სავსებით სხვაგვარად ვფიქრობდი. ვხედავდი, როგორ ეკიდა ცეცხლი ქართულ სოფლებს, როგორ იღუპებოდნენ ჩვენი შვილები, დები, ძმები... იმდენად აღშფოთებული, გულნატკენი ვიყავი, რომ მის უწმინდესობასაც კი ვუთხარი - იმდენად შემზარავია ჩემთვის ჩემი გამწარებული თანამოქალაქეების ყურება, რომ შეიძლება პუტინი და მედვედევი ანათემასაც კი გადავცე  იმის გამო, რასაც ისინი ჩვენი, მართლმადიდებელი ერის მიმართ სჩადიან-მეთქი.

...ისტორიასაც თუ გადავხედავთ (და ამას ყოველთვის ვამბობ), რუსეთი საქართველოს სულ ჩაგრავდა, გვავიწროვებდა, გადაღება ჩვენი უნიკალური ფრესკები... გაგვიძარცვეს ძვირფასი ხატები და საეკლესიო ინვენტარი ქვეყნიდან გაიტანეს და რაც ყველაზე გულსატკენია, ენა წაგვართვეს და ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აგვიკრძალეს! ამ ყველაფრის მერე, როგორ შეიძლება კარგი დამოკიდებულება მქონდეს რუსეთის მიმართ? ან როგორ შემიძლია, ეს ყველაფერი დავივიწყო?


- მეუფეო, საზოგადოებაში და, მათ შორის, მორწმუნე მრევლის გარკვეულ ნაწილშც, ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უწმინდესის ცნობილმა ნათქვამმა ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესახებ. ახალი ტალღა აგორდა ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ. მორწმუნე მრევლის ნაწილიც კი ამბობდა - სუროგაცია კიდევ გვესმის, რომ დაგმონ, მაგრამ ინ ვიტრო განაყოფიერებას რატომ არ უნდა მიმართოს უშვილო წყვილმაო? მეუფეო, ძალიან მკაცრი განაჩენი ხომ არ არის ეს უშვილო წყვილებისათვის?

 

- მახსენდება ჩვენი რვა წლის წინანდელი საუბარი, სადაც მე ძველი აღთქმიდან გავიხსენე ეზრას მესამე ეწიგნი, რომელშიც ავტორი ამბობდა - მოვა დრო და სამი-ოთხი თვეც კი საკმარისი იქნება ბავშვის გასაჩენადო. ამის გამო ლამის სასაცილოდ აგვიგდეს, თუმცა, წლების შემდეგ აი, რა რეალობის წინაშე დავდექით - სინჯარაშიც კი „გამოჰყავთ" ბავშვები!


მისმა უწმინდესობამ ამ საკითხთან დაკვშირებით ეკლესიის პოზიცია დააფიქსირა. რაც ღვთით დაშვებულია, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ. არის წყვილი უშვილო? ესე იგი ასეთია უფლის ნება! ჩვენ წმინდანთა ცხოვრებიდან უამრავი მაგალითი გვაქვს - უშვილო წყვილებს უფლისთვის შეუთხოვიათ - შვილი მომეცი, უფალო, მხოლოდ ერთი შვილი და მას შენ შემოგწირავო. ასეთი დამოკიდებულება თუ ექნებათ უფალთან, შვილიერებაც მიეცემათ, მაგრამ ეს პირობა უნდა შეასრულონ. ბევრი მაგალითია - ასე გამოთხოვილი შვილი მერე წმინდანიც კი გამხდარა.


...ვიცი, რომ ჩუკენობა ცოდვაა, სწორედ ამაზეა დაფუძნებული ეს ინ ვიტრო განაყოფიერება. თავიდანვე, დასაწყისშივე ცოდვა, ღვთის გზიდან გადახვევა უდევს საფუძვლად ასეთ შვილიერებას და განა შეიძლება, ცოდვა ბედნიერების სათავე გახდეს? ჩვენ უამრავი შემთხვევა ვიცით, როცა წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვის გამო შთამომავლებს ცხოვრება გართულებიათ. მინდა, გითხრათ, რომ საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა ეგოისტური დამოკიდებულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ოღონდ დაიკმაყოფილონ დედობის მოთხოვნილება, დედობრივი გრძნობა და ბავშვის მომავალი არ ანაღვლებთ.


პატრიარქის მოწოდება მიმართული იყო არა ურწმუნო, არამედ მორწმუნე მრევლის მიმართ. ასეთი მძაფრი, მწვავე რეაქცია სწორედ ურწმუნო ხალხისგან წამოვიდა, რომელსაც არ სჯერა სულის უკვდავების, რომელიც არ ფიქრობს ცხონებაზე.


- და მაინც, ეს რომ არ გითხრათ, საკუთარ თავთან მართალი ნამდვილად არ ვიქნები - მე მესმის იმ ქალის, რომელსაც წლებია, ოჯახი აქვს და უშვილოა. ვერ განვსჯი მათ, რომელნიც შვილიერებისთვის თუნდაც პაწია ალბათობას გამოეკიდებიან... ალბათ, ამ განსაცდელის დასატევად სულიერი გაზრდაა საჭირო... თუმცა, მინახავს ოჯახები, რომელთაც შვილი 20 წლის მერე მიეცათ...

 

- დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ - საჭიროა ასეთი ადამიანების სულიერი გაზრდა... მთავარია, რწმენა არ დაკარგოს ადამიანმა და შვილი ღვთით მიეცემა. ჩვენს ეპარქიაში სარკის წმინდა გიორგის უძლიერესი სალოცავია, რომელმაც უამრავ უშვილო წყვილს მისცა შვილიერების სიხარული (ეს სალოცავი სწორედ უშვილო წყვილების შემწეა და მას ოდითგან აკვნებსაც კი სწირავდნენ). ასევეა დედა ღმრთისმშობლის ტაძარი დირბში - სადაც მიდგომილი ღმრთისმშობლის ცნობილი ფრესკა და სასწაულმოქმედი ხატია, მათ უამრავ უშვილო წყვილს მიანიჭეს სიხარული.


- მეუფეო, ოპონენტები არა მხოლოდ ერში, არამედ სასულიერო წრეებშიც ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ თქვენ ძალიან ადრეულ ასაკში აღკვეცთ ბერებად,რომ მღვდლადაც მალე ასხამთ ხელს. ეს გამოუცდელი ადამიანები კი ამ მძიმე ჯვრის ზიდვას ვერ შეძლებენ.

 

- ჩვენ ბერად აღკვეცის ასაკის შესახებ დოგმატი არ გვაქვს, სჯულის კანონითაც არაა კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ადრე იყო წესი, რომ მორჩილება უნდა გაევლო სამი წლის განმავლობაში და იმ პერიოდის გავლის შემდეგ, მისი მოძღვარი გადაწყვეტდა, ადამიანი ბერად შესადგომად მზად იყო თუ არა. ჩვენ ვაფასებთ ადამიანის სულიერ მდგომარეობას, თუ იგი ბერად შესადგომად გამოცდილებიდან, საუბრებიდან, მორჩილებიდან გამომდინარე, უკვე მზადაა,  მაშინ აღვკვეცთ. ამ საკითხის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არ გვაქვს. ისეთი შემთხვევებიც გვქონია, რომ ოთხი, ხუთი წელი და კიდევ უფრო მეტხანს ყოფილან მორჩილად, მაგრამ მათი სულიერი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ბერად არ აღგვიკვეცავს. მე ჩემს სულიერ შვილებზე მოგახსენებთ. თუ სხვისი სულიერი შვილი აღმიკვეცავს, ამას ვაკეთებდი მისი მოძღვრის რეკომენდაციით. თუ ამ შემთხვევაში ბერად აღკვეცილმა ადამიანმა აღთქმას უღალატა, პასუხისმგებლობა მის მოძღვარს ეკისრება და არა იმას, ვინც აღკვეცის წესი აღასრულა. მოძღვრის გარეშე არც ბერს და არც მონაზონს არასოდეს აღვკვეც.


- თუმცა, თქვენი ოპონენტების გასაგონად მინდა აღვნიშნო - ისეც ხომ მომხდარა, რომ ოცი წლის კი არა, ორმოცის და მეტი წლის კაცი ბერად აღკვეცილა და მასაც დაურღვევია ბერობის აღთქმა? განა ასაკია მხოლოდ გადამწყვეტი ფაქტორი ბერად ან მონაზვნად აღკვეცის დროს?

 

- და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ბერობის აღთქმა დაურღვევიათ... კარგად უნდა ვიცოდეთ ეკლესიის ისტორია. წმინდანთა ცხოვრებიდან ვიცით, რომ ყოფილა ლოთი ბერი, რომელსაც მონასტერი მიუტოვებია და ცოლი მოუყვანია. თვითონ იოანე ოქროპირიც ერთ-ერთ ასეთ ცოდვილ ბერს ესაუბრება - ესაა ეპისტოლარული საუბრები, რომლითაც წმინდა მამა ცდილობს, ცოდვილი ბერი ეკლესიის წიაღში დააბრუნოს.


...საქართველოს ეკლესიას საბერმონაზვნო ტრადიციის სამოცდაათწლიანი წყვეტა ჰქონდა... და რომ ხედავენ ბერ-მონაზონთა დაცემას, გზიდან გადაცდომას, უღირს საქციელს, უკვირთ და ჰგონიათ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენს დროში ხდება. წარსულშიც ხდებოდა ასეთი შემთხვევები და ამაზე უარესებიც... ეს მხოლოდ დღევანდელობის სენი არაა...


- ურბნისისა და რუისის ეპარქიის გაყოფამ საზოგადოების, მორწმუნე მრევლის დიდი ინტერესი გამოიწვია, მეტიც, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ეპარქიის გაყოფა თქვენ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ურბნისისა და რუისის ეპარქია არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით გაიყო... ეს საკითხი დღის წესრიგში რვა წლის წინაც იდგა, მე მაშინ შეკითხვაც დაგისვით, რაზედაც თქვენ მიპასუხეთ, რომ ეპარქია იყოფა მაშინ,როცა მღვდელმთავარი მას სათანადოდ ვერ მართავსო... თქვენ არ იდექით ამ სირთულის წინაშე, თუმცა, ამ რამდენიმე თვის წინათ ეპარქია მაინც გაიყო, რატომ?

 

- ამჯერად, როგორც მისმა უწმინდესობამ განმარტა, ურბნისისა და რუისის ეპარქია - ეს არის დიდი ეპარქია, დიდი, თავისი მონასტრების და ბერმონაზვნების სიმრავლით და ამიტომაც საჭიროებს გაყოფასო. არც მღვდელმთავრებმა გამოთქვეს საწინააღმდეგო აზრი და მე დავთანხმდი, რადგან არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არც არასდროს, პატრიარქის წინააღმდეგ, მისი ნების წინააღმდეგ არ წავსულვარ...


- მეუფეო,როცა მორჩილებასა და კურთხევის შესრულებაზეა საუბარი, სულ ჩვენი საუბარი მახსენდება - ერთხელ მითხარით, ახლა კი არა, ჯარში, ჯერ კიდევ ელგუჯა რომ ვიყავი და უწმინდესმა კურთხევები მომცა, იმას ახლაც ვასრულებო. დღესაც ასე ხართ?

 

- დიახ, დღესაც... დღესაც ვასრულებ განა ახალ, არამედ ყველა იმ კურთხევას, რომელიც უწმინდესს ჩემთვის ოდესმე მოუცია...


...მე უწმინდესის წინააღმდეგ ვერასოდეს და არასოდეს წავალ. როგორც უფალი მწამს, ასევე მწამს პატრიარქის ლოცვა-კურთხევის. თუ რაიმე „კარგი" გამიკეთებია, თუ რაიმე სულიერი „სიმაღლისთვის" მიმიღწევია, ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევის ძალით! ამას ახლა ინტერვიუს გამო კი არ გეუბნებით, მართლა გულით ვამბობ! ეს უფალმა უწყის!..


...და საერთოდ, მხოლოდ უწმინდესის კი არა, ნებისმიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა - ესაა ღვთის ძალა და მას უნდა დავემორჩილოთ და აღვასრულოთ.


- შარშან პრივატულ საუბარში ბრძანეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სპეცსამსახურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაგიკავშირდათ, რომელმაც, ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის დანაშაული, რასაც წინა ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ სჩადიოდა - თქვენი ავტოავარია ძალიან გაურკვეველ ვითარებაში 2008 წელს, როცა თქვენს მანქანას მუხრუჭები გადაჭრილი ჰქონდა და სასწაულებრივად გადარჩით. ისიც, როგორ მოგწამლეს და თავადაც გაოცებულნი დარჩნენ, რომ ცოცხალი გადარჩით...

 

- მე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით... ვერც იმ ადამიანის ვინაობას გავამხელ, თუმცა, გამიხარდა, რომ მას სინანული გაუჩნდა... ღმერთმა შეუნდოს!..


- თქვენ საკმაოდ „საინტერესო" ვითარებაში, 2013 წლის დეკემბრის ბოლოსაც შეგემთხვათ ავტოსაგზაო შემთხვევა, ურბნისთან, რამაც საზოგადოებაში ეჭვი და ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა... რატომ?

 

- მე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი და ვერც ვერავის დავდებ ბრალს, მაგრამ ამ ეჭვების მიზეზი, ალბათ, იმ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ურთიერთგამომრიცხავი საუბარია, რამაც, პირველ რიგში, პატრულიც კი დააეჭვა. დასავლეთის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსში მხოლოდ ორი მგზავრი იჯდა; მძღოლმა თქვა, რომ გზა მოყინული იყო, რაზედაც პატრულმა გაოცებულმა უპასუხა - გვაჩვენე, სადაა აქ ყინულიო? მერე დაიბნა და თავზე ახლადნაოპერაციები ვარო, თქვა... პატრულმა ნახა, მაგრამ თავზე ახალი ჭრილობა კი არა, ძველი იარაც კი არსად ჰქონდა... მძღოლი ძალიან დაბნეული იყო.


- ვიცი, რომ რამდენიმე ხნის წინათ ყოფილ პრემიერმინისტრს, ივანე მერაბიშვილს შეხვდით ციხეში... რატომ? მას ხომ თქვენ სძულხართ და თქვენი დაუძინებელი მტერი იყო?

 

- დიახ, მე მას შევხვდი, ციხეში... მე ბავშვობიდან ასეთი ბუნება მაქვს - როცა ჩემს მტერს წაქცეულს დავინახავ, სიბრალულის გრძნობა მიპყრობს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი, მივიდე და ხელი გავუწოდო... სწორედ ასე გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას... ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ - მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო. მე მამაოებთან არ გამოვალო - უპასუხა. მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა, არ უთქვამთ, რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხედა და გაოცებულმა მკითხა - თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა ვარ. თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო... მე ვკითხე - რას გულისხმობთ ლიბერალიზმში - ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნეობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნრირების ხარჯზე, ესაა თქვენი ლირებალიზმი-მეთქი? მერე მითხრა, შენ ვის დაუდექი გვერდში - ივანიშვილსო? მე ვუპასუხე, რომ ივანიშვილს დავუდექი გვერდში იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა, თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდათ, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი ნახავთო... ჩვენი შეხვედრის და საუბრის შესახებ რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა - ეს აუცილებლად დაწერე, ისტორიული ფაქტიაო.


- თქვენ დაუძინებელი მტერი რომ იყო, ის თუ აღიარა მერაბიშვილმა?

 

- მე ვუთხარი, გავიგე, რომ სადღაც დამიცავით და რატომ-მეთქი? არა, ეგ არასოდეს არ მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია მოვიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან-მეთქი... თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა... ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ, რომ მობრძანდითო და წავიდა... გასვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა...


- ბაჩო ახალია როგორ შეგხვდათ?

 

- ახალაია, მერაბიშვილისგან განსხვავებით, საღად აზროვნებს. მითხრა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულები და გვქონდა შეცდომებიო...


... ციხეში წავიღე ორი სამაჯური, რომელზედაც ეწერა „ესეცა წარვალს" ...მერაბიშვილმა არ გამომართვა... ისიც მითხრა, ID ბარათებთან დაკავშირებით ხალხს რატომ ატყუებთო? მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩვენი რწმენის საკითხია და ამაზე იოანე ღვთისმეტყველიც ბრძანებს,რომ ვისაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ ექნება, ის ვერც იყიდის და ვერც გეს გწამთ, მაშინ მე პატივს ვცემ თქვენს სარწმუნოებასო... მერე მკითხა, ვინაა იოანე ღვთისმეტყველიო? არ იცით, ვინაა-მეთქი? არა, არ ვიცი, ვინ არის და რას წარმოადგენსო. ვუთხარი, იგი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფეა-მეთქი. არც გამიგიაო... მართლმადიდებელი ხართ-მეთქი? ჩემი რწმენა ეს ისეთი საკითხია, რომ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებო... წამოვარდა და გაიქცა...


...ახალაიამ კი ეს სამაჯური გამომართვა...


- მეუფეო, ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ადამიანებში, ვისაც გულწრფელად უყვარხართ და ძალიან გაუხარდათ იმათ, ვისაც არ უყვარხართ - მეუფე იობი ეპარქიის გაყოფამ ისე გააბრაზა, რომ თქვა - ყველაფერს ვიტყვი და წავალ, დავტოვებ მღვდელმთავრობასო... აქტიურად საუბრობენ თქვენსა და პატრიარქს შორის დაპირისპირებაზეც. ვის სჭირდება ამ სიცრუის გავრცელება და, საერთოდ, რატომ არ წყდება მეუფე იობზე „მითების" შექმნა?

 

- (იღიმის) ეპარქიის გაყოფით არც განაწყენებული ვყოფილვარ და არც მსგავსი რამ მითქვამს. დაინტერესებული ადამიანი ამას ჩემი ქმედების მიხედვითაც მიხვდება - არც არსად წავსულვარ და არც გამოვკეტილვარ! არაერთგზის ჩამოვედი მას შემდეგ თბილისში უწმინდესთან, მოვილოცე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და უფრო დიდი შემართებით ვაგრძელებ ჩემს მღვდელმთავრულ ცხოვრებას! მე არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ცრუ ინფორმაციებს, მაგრამ ვიღაცას, ეტყობა, ძალიან აწყობს და უნდა, მეუფე იობმა თავისი სამწყსო მიატოვოს. მე მინდა, ყველა მხარე დავამშვიდო - არსად ვაპირებ წასვლას!


პატრიარქთან რომელ დაპირისპირებაზეა საუბარი? მეცინება ამაზე... მასთან ჯერ კიდევ ერისკაცობიდან მაქვს მამაშვილური დამოკიდებულება, მისი სიყვარულით, მზრუნველობით სავსე არაერთი წერილი მაქვს შენახული, მე, ჯერ კიდევ ელგუჯას, ჯარში რომ მიგზავნიდა...


- მეუფეო, თქვენზე მითების შექმნა მხოლოდ დეზინფორმაციებით არ შემოიფარგლება. ხშირად, თქვენი ზედმეტი სიყვარულის (მინდა, ასე მჯეროდეს) გამო, სასულიერო პირებიც უწყობენ ამას ხელს. ამასწინათ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა წინადადებაც კი წამოაყენა: „სახალხო დამცველად მეუფე იობი დავნიშნოთო". როგორ ხვდებით ასეთ „აზრებს"?

 

- (იღიმის) იუმორით! აბა,  ასეთ მოსაზრებას სერიოზულად ხომ არ შევხედავ? საერთოდ, არ ვაქცევ ყურადღებას და არ მაინტერესებს, რას იტყვიან. სხვების მიერ ჩემზე გამოთქმული აზრები ჩემზე არ მოქმედებს, რადგან ვიცი ჩემი დამოკიდებულება უფლისადმი, ჩემი ქვეყნისადმი, დედა ეკლესიისადმი... დანარჩენი - ვის რა დამოკიდებულება ექნება ჩემ მიმართ, არ მაინტერესებს.


...მითხრეს, რომ მეუფე იობის დაცვის საზოგადოება თუ რაღაც ამდაგვარი შექმნილა... მესმის, რომ ამას ყველაფერს სიყვარულით აკეთებენ, მადლობა მათ ამხელა სიყვარულისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არ მჭირდება! უფალია ჩემი დამცველი, რადგან მე უფლის მსასოებელი ვარ. უფალს ვარ მინდობილი და ნებისმიერი განსაცდელისთვის ვმადლობ უფალს!


- მეუფეო, მახსოვს, წლების წინ თქვენს დაბადების დღეზე გითხარით - ძალიან მინდა, ბედნიერი იყოთ-მეთქი. ჩემი ბედნიერება უფალთან კავშირშია და მინდა, ეს კავშირი არასოდეს გაწყდესო, - მიპასუხეთ... მას შემდეგ უამრავმა ტკივილმა დაგისერათ გული... რამდენად მყარად და ახლოს გრძნობთ დღეს ამ სულიერ კავშირს უფალთან?

 

- უფალთან ამ კავშირის გარეშე ჩემი როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი არსებობა წარმოუდგენელია! მუდმივად ვგრძნობ უფლის ხელს, უფლის მადლს ყველაფერში - ტკივილში, სიხარულში, განსაცდელში... თუკი რაიმეს კარგს ვაკეთებ, ეს უფლის უსაზღვრო მადლისა და წყალობის შედეგია. ამიტომაც ყველგან გულით ვუქადაგებ ადამიანებს, რომ ეკლესიის წიაღში შემოვიდნენ, ეკლესიური ცხოვრება დაიწყონ, რადგან ეს გადაარჩენს საქართველოს. ჩვენი ერი ამისთვისაა მოწოდებული, ამისთვისაა დაბადებული, რომ ღმერთთან ცოცხალი კავშირი ჰქონდეს. უფალმა ყველა ერს თავისი ტალანტი მისცა, ჩვენ კი სიყვარულის უნარი, სიყვარულის ნიჭი მოგვმადლა და ეს ნიჭი ფუჭად არ უნდა განვლოთ ამ წუთისოფელში. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვიყოთ ეკლესიაში - ამ ღვთის კიდობანში, არამედ სხვებსაც მოვუხმოთ. ჩვენ ხომ ბედნიერნი ვართ უფალთან ყოფნით და როგორ შეიძლება, ეს ბედნიერება სხვას არ ვასწავლოთ? როგორ შეიძლება, ამ ბედნიერებისკენ მათაც არ მოვუწოდოთ? მე ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ ამ ღვთის კიდობანში გაერთიანდეს და მთელი ერი მრევლად იქცეს.


- მეუფეო, მრევლმა თითქოს იმატა, შაბათ-კვირას ტაძრები სავსეა, უამრავი ახალი ეკლესია შენდება... ხალხი მასიურად მარხულობს და, წესით, ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს... თუ გულწრფელი მრევლი ვერ ვართ?

 

- დღეს მრევლს სულიერების ხარისხი აკლია. ზოგი ამ მდგომარეობას შეეჩვია - ტაძარში მიდის, წირვა-ლოცვას ესწრება, პირჯვარს იწერს, სანთელს ანთებს და ამით კმაყოფილდება. ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ვცხონდეთ და სული გადავირჩინოთ. უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ჭეშმარიტი სინანული, როგორც ეფრემ ასური ბრძანებს: „განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა" - ესაა უპირველესი. როგორც კლდეზე აშენებული სახლია მყარი, ასეთივე მყარი იქნება ჭეშმარიტ სინანულზე დაფუძნებული ჩვენი სულიერი ცხოვრება!

 

- მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ ბრძანეთ - მიმდინარეობს საქართველოს სულიერი ოკუპაცია, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე ტერიტორიების დაპყრობაო. დღეს რას გვეტყვით - სულიერი ოკუპაციის პროცესი ისევ გრძელდება?

 

- სამწუხაროდ, ისევ გრძელდება... ეშმაკი ადამიანების დასაცემად უფრო ხვეწს თავის ქმედებებს, ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, სცოდავენ, მაგრამ ახლა მიმდინარეობს ურწმუნოების, უზნეობის გეგმაზომიერი დაკანონება, ადამიანების იმ მხარეს გადაბირება, რომელიც უღმერთობას გვასწავლის - მასმედიის, ინტერნეტის საშუალებით, თანაც ისეთი ფორმით, რომ ადამიანები გონს ვეღარ მოდიან; ფიქრობენ, რომ ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ტელევიზორში ქადაგებენ. ადამიანმა განსჯის უნარი დაკარგა. ყოველივე ამისგან ადამიანს იხსნის ისევ ეკლესიური ცხოვრება, სულიწმინდის მადლი!..


- ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვათ - თქვენ წინა ხელისუფლების აქტიურ მოწინააღმდეგედ მოიაზრებოდით. წინასაარჩევნო პერიოდში მცხეთაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გიხილეს - მასთან მიხვედით, რამაც ერის ძალიან მნიშვნელოან ნაწილს დიდი სტიმული მისცა, ახალი პოლიტიკური ძალის გვერდით დამდგარიყო. დღევანდელი გადასახედიდან რამდენად ამართლებთ თქვენს ამ ნაბიჯს?

 

- ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილება ღვთის განგებულებაა... საერთოდ, მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა და ცალკეული პიროვნების მიმართაც, თუ იგი სიკეთეს იქმს, ეკლესიაზე, მოყვასზე ზრუნავს. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც უწმინდესი ბრძანებს, ხელთუქმნელი ტაძარი დაგვიდგა სამების საკათედრო საყდრის სახით, უამრავი ეკლესია-მონასტერი აღადგინა, მრავალი ადამიანი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანის მიმართ გულგრილი იყო და მადლიერება არ გამოხატო? სწორედ ამ მადლიერების გამოსახატავად მივედი მცხეთის მიტინგზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო კამპანიას მართავდა. მე იქაც აღვნიშნე, რომ მასთან მადლიერების გამოსახატად მივედი.


...წინა ხელისუფლება შესაცვლელი იყო... ალბათ, ესეც შეიცვლება, შეუცვლელი ამქვეყნად არავინ და არაფერია... ისე კი, ერთ რამეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს! არანაირად! და საერთოდ, პოლიტიკოსებთანაც დისტანციური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რადგან პოლიტიკოსი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ისინი არაპროგნოზირებადი ხალხია. ვერ გაიგებ, ვინ არიან და რას ემსახურებიან. ამაში დავრწმუნდი და პოლიტიკურად სიტუაცია როგორც უნდა აირიოს, არასოდეს ჩავერევი, არც არანაირ პოლიტიკურ განცხადებებს გავაკეთებ და არც არავის გვერდით დავდგები, გარდა ერთი შემთხვევისა - თუ ღვთის განგებულებით, ღვთივკურთხეული მეფე გამოჩნდება... და ერთადერთი, რაზედაც ვერ და არ გავჩუმდები - თუ დედაეკლესიას დაუპირისპირდებიან!


- მეუფეო, დღეს ეკლესიას ძალიან ბევრი ადამიანი აშკარად და დაუფარავად აკრიტიკებს, ხშირად, მათ საქციელს კრიტიკასაც ვერ უწოდებ - ეს უფრო ლანძღვა-გინებაა ეკლესიის, პატრიარქისა. ამას, ძირითადად, ლიბერალები და ლგბტ საზოგადოებები სჩადიან (ან თვითონ სასულიერო დასში წარმოქმნილი ე.წ. ლიბერალური ფრთა). ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში ყველაფერი ისე კარგად ვერაა და განა ყოველთვის ტყუიან ეს ადამიანები, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ?

 

- ჯერ მოდით, განვსაზღვროთ, ვინ არიან ეს ე.წ. „ლგბტ" საზოგადოებები. ბიბლიიდან, წმინდა მამათა სწავლებებიდან ვიცით, რომ ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ. ეკლესია ეწინააღმდეგება თვით ამ ცოდვის პროპაგანდას, თორემ ეს ცოდვილი ადამიანები არ გვძულს! ჩვენ მრევლშიც გვყავს ასეთი სულიერი შვილები - ისინი მოდიან და ინანიებენ. არ არსებობს დედამიწაზე მოძღვარი, რომელთანაც, თუნდაც ერთხელ მაინც არ უღიარებიათ ეს ცოდვა. ზოგს ბავშვობაში დაემართა, ზოგს შემდგომ პერიოდში, ან ვინმეს ძალადობის მსხვერპლი გახდა... როგორ შეიძლება ისინი გვძულდეს? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდად შევხედავთ ამ ცოდვის პროპაგანდას.


...გავიხსენებ შარშანდელ 17 მაისს, როცა მათ წინააღმდეგ დიდი რაოდენობის ხალხი და, მათ შორის, სამღვდელოებაც გამოვიდა. უნდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ აგრესიას, რომელიც იქ ზოგიერთმა სასულიერო პირმა გამოავლინა! მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ რაც დღეს ერის ადამიანებმა უნდა გააკეთონ, ჩვენ, სასულიერო პირები, ვაკეთებთ. ერში თითქოს ძალიან დიდი ნაწილი დაჩლუნგდა და ანალიზის გაკეთების უნარი აღარ აქვს. რა უნდა იქ სასულიერო პირებს, ერისკაცები რომ თავიანთ სიმაღლეზე იდგნენ? თითქოს, აღარც ის ღირსებაა, აღარც ის ვაჟკაცობა, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ!


- მაგრამ ის სასულიერო პირიც ხომ ამ საზოგადოების ნაწილია - მასაც ჰყავს დედა, და, შვილები, ახლობლები და განა არა აქვს უფლება, ამ მავნე ჩვევის გამო პროტესტი გამოხატოს?

 

- გასაგებია, რომ ჰყავს და თავისი დამოკიდებულების გამოხატვის უფლებაც აქვს, მაგრამ არა იმ აგრესიული ფორმით, როგორიც ზოგიერთი სასულიერო პირისგან ვიხილეთ! ასეთი აგრესია, ცემა სჯულის კანონით იკრძალება!


- თუმცა, ეკლესიის კრიტიკისას ე.წ. ლიბერალები ძალიან ხშირად ხმამაღლა აცხადებენ,რომ ეკლესიის წიაღში არიან ისეთი წარსულის თუ ცხოვრების წესის მქონე ადამიანები, რომელთაც უფლება არა აქვთ, სხვებს ცოდვის აღკვეთისკენ მოუწოდონ და ამბობენ, რომ ეკლესიაში საჭიროა ე.წ. „ლუსტრაციის კანონი", მორწმუნე მრევლი კი ახალ რუის-ურბნისის კრების აუცილებლობაზე საუბრობს... ეთანხმებით ამ აზრს?

 

- რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე სიტყვა „ლუსტრაცია" არ უხსენებიათ, მაგრამ, ფაქტობრივად, ის, რაც იმ კრებაზე მოხდა, სავსებით მოიცავდა ამ სიტყვის შინაარსს. ჩვენ დღეს სირაქლემას პოზაში ვდგავართ და ვფიქრობთ, რომ თავი ქვიშაში გვაქვს ჩაყოფილი და ვერავინ გვხედავს. ამ დროს კი ხალხმა, საზოგადოებამ, მრევლმა ყველაფერი იცის. გამომდინარე აქედან, ყველა კუთხეში ჩუმ-ჩუმად ლაპარაკს ბევრად სჯობს, იმ სასულიერო პირებს გამოსწორებისკენ მოვუწოდოთ - ვუთხრათ, რომ: „შენ ამაში სცოდავ და შეცვალე შენი ცხოვრება, განერიდე ცოდვას, დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით". თუ იგი მოგვისმენს, თუ გამოსწორების სურვილი ექნება, ჩვენ ასეთ ადამიანს ხელს ვერ ვკრავთ. ჩვენ ხომ იმისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ ცოდვილი ადამიანი გზაზე დავაყენოთ, სულიერად გამოვაჯანმრთელოთ. მაგრამ თუ იგი სიამაყით ცდილობს, განამტკიცოს და სხვებსაც გადასდოს თავისი ცოდვა, ამ ცოდვის პროპაგანდა გასწიოს, ამას ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასეთი ადამიანი ნამდვილად უნდა მოიკვეთოს ეკლესიიდან და ერიდანაც!


...რაც შეეხება ე.წ. „ლუსტრაციის კანონს" მეორენაირ გაგებას, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ზოგიერთი სასულიერო პირი სპეცსამსახურებთან (ე.წ. „КГБ"-სთან) თანამშრომლობდა - მათმა დიდმა ნაწილმა ეს მოინანია, აღიარა 1995 წელს მცხეთის გაფართოებულ კრებაზე. საქართველოში ის ავადსახსენებელი პერიოდი იდგა, როცა ეკლესიაშიც კი ძნელი იყო ამ სამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე რაიმეს გაკეთება. ვინ რამდენად აქტიურად იყო ჩართული ამ „თანამშრომლობაში" და რამდენად იცავდნენ მათ კანონებს სჯულის კანონის უგულებელყოფით, ეს მათ უკეთესად იციან და სინანული მათმა სინდისმა უნდა უკარნახოს. შეიძლება მოსანანიებელიც აქვთ... იმ ფორმით, რა ფორმითაც საერო ცხოვრებაში ესმით „ლუსტრაციის კანონი", ეკლესიაში ვერ გადმოვიღებთ.


- თუმცა, როგორც ამბობენ, არ არსებობს „КГБ"-ს „ყოფილი" თანამშრომელი...

 

- სასულიერო სფეროში შეიძლება არსებობდეს და ასეცაა. პავლე მოციქული „თავი მოციქულთათა", თუმცა, მანამდე სავლე იყო და საკუთარი დისშვილი სტეფანე პირველმოწამე ქრისტიანობის მიღების გამო საშინელი სისასტიკით ქვებით ჩააქოლვინა. ადამიანის სულიერი გარდაქმნა ეკლესიაში ხდება სულიწმინდის მადლით. მთავარია, ადამიანს ამის სურვილი ჰქონდეს...


- მეუფე იობის სახელი მრევლის ძალიან დიდ ნაწილში ასოცირდება ბოროტის ლეგიონებთან მებრძოლ მღვდელმთავართან. საქართველოში (და არა მხოლოდ) უამრავ ადამიანს უნახავს, რა ხდება „კვეთებულის ლოცვაზე", რომელსაც თქვენ კითხულობთ. ამ ლოცვაზე დასასწრებად უამრავი ადამიანი ჩამოდის, ისინიც კი, ვისაც, უბრალოდ,რაიმე წამოსტკივდება. იქნებ განმარტოთ, ვის სჭირდება „კვეთებულის ლოცვა" და რამდენად სახიფათოა ამ ლოცვაზე იმ ადამიანის დასწრება, ვისაც ის არ სჭირდება?

 

- ეს ჩემ მიმართ გამოთქმული გადაჭარბებული შეფასებაა. ადამიანის სულისა და სხეულის გასაჯანსღებლად სხვადასხვა ლოცვა არსებობს. „კვეთებულის ლოცვა" - ესაა დიდი მამების - ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის შედგენილი ლოცვა, რომელიც ეშმაკისგან შეპყრობილ ადამიანს სჭირდება და რომლისგანაც უნდა გავიდეს ბოროტი სული. ეს ის ადამიანებია, რომლებზედაც გაკეთებულია „ჯადო" და ბოროტი ძალის მანქანებით მათ ცხოვრების გზები, ხშირად გონებაც ჩაკეტილი აქვთ... არსებობს ასევე საჯანმრთელო პარაკლისი; სულიერად და ფიზიკურად ადამიანი ზეთისცხების შემდეგაც გამოჯანმრთელდება. ასევე წყალზე კითხულობენ ლოცვას და წყლის სხურებით იკურნება ადამიანი. რაც შეეხება „კვეთებულის ლოცვას" - იგი ყველასთვის არაა საჭირო, მაგრამ მე შემხვედრია ადამიანები, რომლებთან გასაუბრების შემდეგაც გამორკვეულა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ბოროტი ძალის ზემოქმედების შედეგად გასჩენიათ. ამ ლოცვების შემდეგ მათ ეს პრობლემები მოგვარებიათ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს ლოცვა იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ბოროტ სულს კი არ განდევნის ადამიანისგან, არამედ ამ ბოროტი სულის მიერ შექმნილ ბოროტ მანქანებს განაქარვებს. ავადმყოფობას ბევრჯერ ბოროტი ქმნის - ეს კიბოა თუ სხვა დაავადებები, ამ ლოცვებში წერია, რომ ბოროტი შეიძლება განთავსდეს გულში, სულში, თვალში, ყურში, ფრჩხილში, „უპესა ქვეშე"... და რადგან ეს შეუძლია ბოროტ სულს, მას დაზიანების გამოწვევაც შეუძლია. ყოფილა უამრავი შემთხვევა, რომ ექიმების მიერ დასმული მძიმე დიაგნოზის მერე ადამიანი ტაძარში წასულა, ზეთი უცხია, ან თუნდაც „კვეთებულის ლოცვაზე" მოსულა და ამის შემდეგ ავადმყოფობის ნიშან-წყალიც კი გამქრალა - ბოროტის მიერ შექმნილი ავადობა ლოცვის წყალობით განქარდება!


- ძალიან ხშირად მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს არ აძლევენ კურთხევას, დაესწრონ „კვეთებულის ლოცვას" - ეს არ გჭირდება და შეიძლება სხვისი ბოროტი გამოვიდეს და შენში შემოვიდესო. რამდენად მართალია ეს? და თუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი კურთხევის გარეშე დაესწრება ამ ლოცვას, მაშინ რა მოხდება?

 

- ამის პასუხად სახარებიდან გავიხსენებ იმ ადგილს, სადაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ეშმაკეულიდან განდევნა ბოროტი სული, რომლის სახელიც ლეგიონი იყო (ლეგიონი ნიშნავს „ბევრს"). ეშმაკები შეეხვეწნენ უფალს, ნუ გაგვიშვებ ქვესკნელში, დაგვრთე ნება, ღორებში შევიდეთო. აქედან ჩანს, რომ მათ თავისუფლად გადაადგილების უნარი არა აქვთ. როგორ შეიძლება ეშმაკი თავისით გამოვიდეს ერთი ადამიანისგან და მეორეში შევიდეს? ამას უფალი წყვეტს! როცა ეშმაკი მართალ იობს ცდიდა, უფალმა უბრძანა, მის სულს ნუ შეეხებიო! უფლის ნების გარეშე ეშმაკი ვერაფერს მოიმოქმედებს. მაგრამ ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიმეორებ,რომ „კვეთებულის ლოცვაზე" დასწრება შეიძლება მხოლოდ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით! ამ შემთხვევაში ვერანარი ეშმაკი ვერ შემოვა შენში, მაგრამ თუ თვითნებობ, თუ ურჩობ, ამით ეშმაკს უკვე გზა ეხსნება.


- მაგრამ ისეც ხომ ხდება, რომ ადამიანი ისე ჰყავს ბოროტს შებოჭილი, რომ ტაძრამდეც ვერ მიდის, რომ მოძღვარს მიებაროს. არ შეიძლება, რომ ამ დროს ვინმე ახლობელმა „კვეთებულის ლოცვაზე" ჩამოიყვანოს, რათა გათავისუფლდეს ამ შეკვრისგან?

 

- სანამ „კვეთებულის ლოცვაზე" მოიყვანს, იგი მოძღვართან უნდა მიიყვანოს, გულწრფელი აღსარება უნდა თქვას. როცა ჩემთან მოდიან მშობლები და ჩივიან, რომ მათ შვილებს არ უმართლებთ, რაღაც განსაცდელში არიან შეკრულნი და მავნე ჩვევებს მიძალებულნი, ყოველთვის ვეუბნები, რომ ჯერ ცოდვისგან თავად მშობლები უნდა განიწმინდონ, და როცა ისინი ამ ცოდვისგან გათავისუფლდებიან, მაშინ ყველაფერი გამოსწორდება.


- მეუფეო, მამა გაბრიელზე მინდა გკითხოთ - თქვენ მას ძალიან კარგად იცნობდით. როდესაც იგი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თქვენ მის საფლავს სამთავროს ტაძრის ეზოში ყველზე პირველი მიეახლეთ და მუხლი მოიყარეთ. სრულიად საქართველო მიეახლა მის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარშიც... რამდენიმე ადამიანი მძიმე, უკურნებელი სენისგანაც განიკურნა... თუმცა, საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი ნაწილი სკეპტიკურად აფასებს ამ მოვლენას, მეტიც - სასაცილოდ იგდებს მამა გაბრიელთან ნუგეშის სათხოვნელად მისულ მრევლს. ამაზე რას გვეტყოდით?

 

- ჯერ გეტყვით იმას, რომ მე სასწაულების მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს და, საერთოდ, ამ საკითხს ძალიან ღრმა სულიერი ანალიზი სჭირდება. სასწაულების მოხდენა მხოლოდ უფალს კი არა, ეშმაკსაც შეუძლია, ამიტომ, სულიერ მოვლენაზე მხოლოდ სასწაულებით ვერ ვიმსჯელებთ. თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენიმე ადამიანი განიკურნა, საინტერესოა, განკურნების შემდეგ რამდენი გახდა ეკლესიური და რამდენმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება? ესაა შესასწავლი! თუ მან მიიღო კურნება და არ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, არ დაუახლოვდა ღმერთს, ესე იგი, კურნება ეშმაკისგანაა და არა ღმერთისგან. უფალი სასწაულს იმიტომ იქმს, რომ ადამიანი თავისთან მიიყვანოს და რწმენაში განამტკიცოს. თუ ასე არ ხდება, მაშინ ღვთიურმოვლენასთან არ გვქონია საქმე.


...იცით, სანამ მის წმინდა ნაწილებს ამოაბრძანებდნენ, მამა გაბრიელი სიზმარში ვნახე და ეს სიზმარი უწმინდესსაც ვუამბე - სადღაც მთაში ვიყავი და ვიღაც თეთრი წვერით დამყვებოდა, ვგრძნობდი, რომ წმინდა ადამიანი იყო. დამათვალიერებინა ბევრი ლამაზი ადგილი და მერე მითხრა, წამოდი, მამა გაბრიელი უნდა გაჩვენოო. მე უარი ვუთხარი, რადგან მამა გაბრიელს სიცოცხლეში ვიცნობდი, რაღაც საკითხების მიმართ განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა და, ალბათ, არ მინდოდა, მას ჩემთვის რამე გულისწყრომით ეთქვა. მაგრამ ეს თეთრწვერა ადამიანი არ მომეშვა - უნდოდა ენახვებინა, რა მდგომარეობაში იყო მამა გაბრიელი (ესეც არაა შემთხვევითი, რომ ძალიან უნდოდა ჩემი იქ წაყვანა) და მეც გავყევი. სანამ იმ ადგილამდე მივიდოდით, მისი ხმა მომესმა, სწორედ ისეთი, როგორიც სიცოცხლეში ჰქონდა. ფრიალო კლდე იყო, რომელზედაც თხლად მოედინებოდა კამარა წყალი. სისველე იყო იქაც, იქ ნახევარგამოქვაბულში, სადაც მამა გაბრიელი ლოგინად იწვა. მარცხენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. ამ ნახევრად გამოქვაბულში რომ შევედი, ერთ ლოგინში მამა გაბრიელი იწვა. იყო მეორე საწოლიც, სუფთად გაშლილი, მაგრამ ცარიელი იდგა იყო მესამე საწოლიც, უფრო შორს, სადღაც დიდი ტაძრის შუაგულში... სამივე საწოლზე ერთნაირი, ლურჯი ფერის ზეწრები იყო გადაფარებული. თვითონ ზეწრები და მისი საწოლი მშრალი იყო, მაგრამ გამოქვაბულის კედლები და იატაკი - სველი. მამა გაბრიელმა თბილად მიმიღო, არც საყვედური უთქვამს, მითხრა - რასაც აქ ხედავ, ყველაფერს მრევლი მიკეთებსო. მე ვიფიქრე, რომ ის იმ სუფთა თეთრეულს გულისხმობდა - მას კარგად უვლიან-მეთქი, ვიფიქრე... მერე ჩემს თანმხლებ პირებს ვუთხარი - ჰკითხეთ მამა გაბრიელს, იულია რომ წმინდანი გახდა, ეს თუ იცის-მეთქი? მათ ვერ გაბედეს მისთვის ეს ეკითხათ, მაშინ ისევ მე მივედი მასთან და ვკითხე - მამა გაბრიელ, იულია რომ წმინდანად შეირაცხა, იცით-მეთქი? თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დამიქნია და თბილად მიყურებდა - საყვედურის გარეშე. რას ნიშნავდა სამი საწოლი, მერე მივხვდი - პირველი, სამთავროს ეზო, სადაც ის დაკრძალული იყო, მეორე - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და მესამე - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი...


...წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პირობებში ლენინის - იმ ანტიქრისტეს - პორტრეტის საქვეყნოდ დაწვა რამხელა გმირობა იყო და რამხელა რწმენა და სიყვარული უნდა ჰქონოდა მამა გაბრიელს უფლისა! წიგნი გადმომცეს მამა გაბრიელზე და გავეცანი, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი. მან სარწმუნოების გამო იმდენი ტანჯვა, დევნა, შევიწროება გადაიტანა, რომ უფალმა მას ამქვეყნიდან გასვლის მერე მიანიჭა ძალა კურნებისა და სასწაულთა აღსრულებისა.


- მეუფეო, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ამოყვანებას წინ უსწრებდა ბეთანიელი მამების - იოანე მაისურაძისა და გიორგი მხეიძის წმინდა ნაწილთა ამოყვანება. ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ მოხდა იმ სამი წმინდა მამის წმინდა ნაწილთა ამოყვანება, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის დროს სიცოცხის ფასად იცავდნენ ქრისტეს სჯულს. ალბათ, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ექნება სულიერი ახსნა, მით უფრო მაშინ, როცა დღეს მართლმადიდებლური სამყარო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დადგა - ორი მართლმადიდებელი ქვეყანა, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს დაუპირისპირდა.

 

- ბეთანიელ მამებზე არაერთი რამ მქონდა გაგონილი და სულით ვგრძნობდი, რმ წმინდანები იყვნენ. ნამდვილად წმინდანთა დასში მყოფობენ, ისევე როგორც მამა გაბრიელი... იცით, სინოდი კი არ ღებულობს ადამიანის წმინდანად შერაცხვის გადაწყვეტილებას, არამედ სინოდი აღიარებს, რომ ის წმინდანია, მისი ცხოვრებიდან, მის მიერ აღსრულებული სასწაულებიდან გამომდინარე. ისინი სინოდის მიერ აღიარებამდეც წმინდანები იყვნენ, უბრალოდ, სინოდმა დააფიქსირა ფაქტი, რომ ისინი წმინდანები არიან.


მართლმადიდებელ სამყაროში დღეს მართლაც დიდი განსაცდელია და ასეთ რთულ დროში, როცა „მეუფება მეუფებასა ზედა აღსდგება" (ნაწინასწარმეტყველებიცაა, რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიები ერთმანეთს დაუპრისპირდნენ) ამ სამი წმინდანის წმინდა ნაწილთა ამოყვანება მართლაც ძალიან დიდი წყალობაა ღვთისა. როცა ადამიანთა რიგი უწყვეტ ნაკადად მიედინება როგორც მამა გაბრიელის, ასევე ბეთანიელ მამათა წმინდა ნაწილებთან მისაახლებლად, ეს ნამდვილად დიდი ნუგეშია. ეს არის დამტკიცება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ღმერთმა ასეთი სასწაულები მოგვცა ხილულად! საქართველოს ეკლესიას, ერს ჰყავდა სარწმუნოებისათვის ასეთი თავდადებული ადამიანები. ამის შემდეგ, რაც უნდა თქვან ლიბერალებმა და სხვადასხვა ლგბტ საზოგადოებებმა, რა მნიშვნელობა აქვს?


- ჩვენ ახლა ძამის ხეობაში ვიმყოფებით, სარკინეთში, სადაც შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძრის გუმბათს ვხედავთ და ამ ხეობაში არსებულ მონასტრებში აღვლენილი ლოცვა სწვდება სულს. ეს ხეობა მართლა ღვთის დიდი სასწაულია - სულ რაღაც ოც წელიწადში იმდენი მონასტერი გაიხსნა, რომ სათვალავი მეც კი ამერია. სულ რამდენი მონასტერია ეპარქიაში და ხეობაში? ადრე ბრძანებდით, რომ ძამის ხეობისთვის მიენიჭებინათ განსაკუთრებული სტატუსი, ისეთი, როგორიც ათონის მთას აქვს... ახლა რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

- მაშინ გაგახარებთ და გეტყვით, რომ სულ ახლახან აღვადგინეთ ძაძვის (ქარელის რაიონი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეექვსე საუკუნის მონასტერი. კიდევ ერთი სასწაულის მომსწრე გაგვხადა უფალმა - მიწასთან გასწორებული ტაძარი მკვდრეთით აღდგა და ანათებს, ბრწყინავს!


...ჩვენ ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ - გვაქვს ძამის ხეობა - ათონის მთის მსგავსი მონასტრების ერთობა. ხეობაში უკვე ორმოცამდე მონასტერია. ეპარქიის გაყოფის შემდეგ კი ასზე მეტი სასულიერო პირია. ეპარქიაში არ დარჩა სოფელი, სადაც მოქმედი ტაძარი და მოძღვარი არ იყოს. ეს ფაქტია, რეალობაა და ამ რეალობას ვერსად გავექცევით. ეს ძალიან დიდი მიღწევაა ამ ოცი წლის განმავლობაში. ათონის მთაზე სამონასტრო ცხოვრება და მშენებლობა მეშვიდე საუკუნიდან დღემდე უწყვეტ ნაკადად მიმდინარეობდა. ოც წელიწადში ძამის ხეობის ასეთი აღორძინება მართლაც ღვთის დიდი სასწაულია, დედა ღვთისმშობლის განგება, მისი ლოცვა! ეს არაა ჩემი დამსახურება, ამას გულწრფელად გეუბნებით!


- მეუფეო, ოპონენტები და ე.წ. ლიბერალები სარკაზმით იხსენიებენ თქვენს ერთ-ერთ ქადაგებას, სადაც ბრძანებთ, რომ მზეზე აფეთქებები მოხდება და ეს ადამიანებს ფსიქიკურ პრობლემებს შეუქმნის...

 

- ზოგს ჰგონია, რომ გიჟმა, ჭკუიდან გადასულმა ადამიანმა აუცილებლად ქვების სროლა უნდა დაიწყოს. მაგრამ, როცა არასწორ ქმედებას სჩადიხარ, რაც ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს (და ასეთი უამრავი შემთხვევა ვიცით, თვით ხელისუფლების წარმომადგენლებშიც, რომლებიც სიტყვიერადაც და საქმითაც არც თუ იშვიათად ცდებიან), ეს არაა ჭკუიდან გადაცდომა? როცა ადამიანს განსჯის უნარი აღარ აქვს და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებს,როცა ადამიანი თავის თავსაც კი ვერ გრძნობს, გაორებულია, რა ჰქვია ამ მდგომარეობას? ბევრ არაეკლესიურ ადამიანს, რომელიც ცოდვით ტკბობას არის მიცემული, ეშმაკის თოჯინას ვეძახი - ისინი ჩაცმითაც კი სასაცილონი ხდებიან, თუმცა, თავად ჰგონიათ, რომ კარგად აცვიათ.


უფალმა ადამიანი შექმნა მსგავსად და ხატად თვისად - ხატება ყველა ადამიანშია, მაგრამ მსგავსება - მხოლოდ ეკლესიურში. სულით, ეკლესიური ცხოვრებით, სინანულით ემსგავსება მას.როცა ეს მსგავსება და ხატება ერთმანეთს სცილდება, ირღვევა მთლიანობა!


- მეუფეო, ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში განსაცდელი და არეულობაა - საბერძნეთი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, სერბეთს თავისი სისხლხორცეული ნაწილი „ჩამოაჭრეს", ჩვენი ქვეყანაც უაფხაზეთო და უსამაჩაბლოდ დარჩა... იგივე ბოლოდროინდელი მოვლენები რუსეთსა და უკრაინას შორის. იქნებ, ამხელა განსაცდელები იმიტომ გვაქვს, რომ სწორად არ ვცხოვრობთ?

 

- ყველა ის ქმედება, რასაც დღეს ვხედავთ - იქნება ეს მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის დაპირისპირება თუ ქვეყნების სულიერი თუ ფიზიკური ოკუპაცია - ესაა ბრძოლა ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება გვაქვს, ხოლო, სადაც  ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, იქ არის სიცოცხლე და სწორედ ამას ებრძვის მთელი მსოფლიო. ერთმა ძალიან ავტორიტეტულმა პიროვნებამ მითხრა, რომ ევროკავშირში შესვლის სანაცვლოდ წამოგვიყენეს პირობა, რომ ბერ-მონაზვნების რიცხვი უნდა შემცირდეს ან ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, თუმცა, ეს ოფიციალურ დოკუმენტებში არსად დაფიქსირებულა. სიმართლე გითხრათ, ჯერ დავიბენი, შევცბი - როგორ შეიძლება მართლმადიდებელი ეკლესია ბერ-მონაზვნების გარეშე-მეთქი, მაგრამ მერე დავურეკე არქიმანდრიტ გრიგოლს (თოიძეს), რომელიც ათონის მთაზე ქართულ სკიტეში მოღვაწეობს და ვკითხე - მანდ რას ამბობენ ევროკავშირზე, მართლა არ არის მათთვის მისაღები ბერ-მონაზვნობა-მეთქი? საბერძნეთი ხომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა. მან გაკვირვებულმა მითხრა, რომ მისთვის ერთ-ერთ რუმინელ ბერს ზუსტად იგივე უთქვამს; როცა რუმინეთი ევროკავშირში შედიოდა, მასაც იგივე პირობა წამოუყენესო. მამა გრიგოლს ეს არ დაუჯერებია: „გულშიც კი დავცინე, ეს რას ამბობს-მეთქი და რადგან თქვენც იგივე ინფორმაცია გაქვთ, ესე იგი, სიმართლე ყოფილაო", - მიპასუხა მამა გრიგოლმა. რა თქმა უნდა, მათთვის მისაღები არაა ბერ-მონაზვნობა! ჭეშმარიტებასთან ბრძოლა უფრო ადვილია ბერ-მონაზვნების გარეშე...


... შემთხვევითი არაა, რომ „NATO-მ" იუგოსლავია აღდგომას დაბომბა ჭურვებით, რომლებსაც ეწერა: „გილოცავთ აღდგომას!" შემთხვევითი არც ისაა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნები ერთმანეთს ასე დააპირისპირეს. რა არის დაპირისპირების მიზეზი დღეს? საკითხი როგორ დგას - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თუ რუსეთი? მე კი ასე ვუპასუხებდი - არც ერთი და არც მეორე! მაგრამ საქართველოს ხომ ისტორიულად არასოდეს ჰქონია არჩევანის გაკეთების საშუალება ცუდსა და კარგს შორის? ჩვენ არჩევანი ყოველთვის უნდა გაგვეკეთებინა ცუდსა და უარესს შორის! ისტორიიდან ვიცით და ზემოთაც აღვნიშნე, რომ რუსეთი არასოდეს გვექცეოდა, როგორც ერთმორწმუნე ერს და უამრავი ზიანი მოგვაყენა, არც თავად იქცევა სამაგალითო მართლმადიდებელივით, მაგრამ ჩემი დაცემული მართლმადიდებელი მირჩევნია წარმართსა და ურწმუნო ამერიკელს და სულით მკვდარ ევროპელს! სიცოცხლე მხოლოდ იქაა, სადაც ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, სადაც ის არ არის, იქ არც სიცოცხლეა, მხოლოდ სიკვდილი ან ინსტინქტებია!


- თუმცა, მაინც უნდა ვთქვა, რომ რუსები უდიდესი რუსი წმინდანის, სერაფიმეს საროველის სიტყვებს, რომელიც მათ თითქმის ანდერძად დაუტოვა: „Никогда не воюйте с Грузией, ибо у нас будет бой с Божьей Матерью... это погубит Россию," არასოდეს არაფრად აგდებდნენ და დღეს საქართველო გვაქვს უაფხაზეთოდ, უსამაჩაბლოდ, დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად რეალურად გეჩვენებათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება?

 

- ძალიანაც რეალურად მეჩვენება, მჯერა და მწამს, ვხედავ და ვგრძნობ, რომ ჩვენი საკუთარი ტერტორიები აუცილებლად დაგვიბრუნდება! აუცილებლად! და ამას ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეუბნებით. დედა ღვთისმშობელი აუცილებლად აღგვადგენს იმ საზღვრებში, რომელიც მას წილად ხვდა პირველ საუკუნეში. ეს ასე მოხდება! რაც ადამიანთათვის შეუძლებელია, ის ღვთისათვის შესაძლებელ არს და თქვენც ამის გჯეროდეთ!


- ძალიან მიხარია ამის მოსმენა! თუმცა, ამ ბოლო დროს რუსებმა სასაზღვრო ზოლი კიდევ უფრო გადმოსწიეს და ჩვენი მიწები მიიერთეს. ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი კონფლიქტურ არეალს წარმოადგენს. სოფელ დვანში ტაძარს და მონასტერს აგებდით და ვიცი, რომ რუსულმა მავთულხლართებმა იქამდეც მოაღწია...

 

- არა, რუს სამხედროებს მონასტრის მშენებლობისთვის ხელი არ შეუშლიათ... რომ დაინახეს, ტაძარი შენდებოდა, მავთულხლართი იქ არ გაატარეს, ანუ მიწის ის ნაწილი გადარჩა და ისევ ჩვენს ტერიტორიაზეა...


- იცით, თქვენთან რომ მოვდიოდი, ჩემმა მეგობრებმა „თეთრი შურის" თვალები გამომაყოლეს და მთხოვეს, გადმომეცა, რომ ძალიან, ძალიან უყვარხართ. ყოველდღე უამრავი ადამიანი მწერს და თქვენს მიმართ უზომო სიყვარულს გამოხატავს - როცა თქვენი ავადობის თუ განსაცდელის შესახებ გაიგეს, მეუბნებოდნენ - მის გამო ტყვიას დავუდგებით, გულის სისხლს გავიღებთო. მეუფეო, ამხელა სიყვარული ხომ ისე, უბრალოდ, არ მოდის? რატომ უყვარხართ ხალხს ასეთი თავგანწირვით?

 

- რა ვიცი... მსგავსი მსგავსს ელტვისო, ნათქვამია, ერთი სული გვაქვს, ერთნაირად გვიყვარს სამშობლო, დედაეკლესია... საერთოდ, თავისუფალი ადამიანი არ არსებობს და აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ - ადამიანი თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ან ღვთისაა, ან ეშმაკის... „ვერ ვის ხელ ეწიფების ორთა უფალთა მონება". ერთდროულად ორ უფალს ვერ დაემონები. ან ეშმაკის უნდა იყო, ან ღმერთის და ვინც ღმერთისაა, ვისაც ღმერთი უყვარს, მას სიყვარული აქვს მოყვასისა. ეშმაკის მიმდევარი ადამიანები კი მუდმივად უპირისპირდებიან ღმერთის მიმდევარ ადამიანებს...


- თქვენ ადამიანებს ან ძალიან უყვარხართ, ან ძალიან არ უყვარხართ...

 

- ვისაც არ ვუყვარვარ, მე ისინიც მიყვარს! მე ისინი მიყვარს, როგორც ღვთის ქმნილებები, უკვდავი სულის მატარებელნი. მე არცერთი ადამიანი არ მძულს, რა მტრობაც არ უნდა ჩაიდინოს, რა სიბოროტეც უნდა გამიკეთოს... ამ რამდენიმე ხნის წინათ სააკაშვილის ინტერვიუს ვუსმენდი და გულწრფელად შემეცოდა... მართლა! მეცოდება, იმიტომ, რომ მინდა, გონს მოეგოს. გადააფასოს თავისი განვლილი ცხოვრება და სწორ გზაზე დადგეს...


...ჩემი მტრებიც მიყვარს და მაინც იმედი მაქვს, რომ სიკვდილის წინ შეინანებენ ყველა იმ ბოროტებას, რაც არა მხოლოდ ჩემ, არამედ ზოგადად ადამიანების მიმართ ჩაიდინეს. მინდა, ყველა გადარჩეს და დაუბრუნდეს მამის წიაღს...


- როგორც უფალს არ ემეტება არცერთი ადამიანი გასაწირად, ასევე თქვენც...

 

- მე არა... ეს სულიწმინდის მადლით ხდება. თუ შენ ღმერთს ემსახურები, მაშინ ღმერთის მსგავსად უნდა მოიქცე, მისი მცნებებით უნდა იცხოვრო...


- თუმცა, სააკაშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ხშირად გსტუმრობდათ, თქვენს ქადაგებებს უსმენდა... მაშინ არ ეტყობოდა, რა სულის მატარებელი იყო?

 

- რაც მაშინ იყო, ისეთად დარჩა, მაგრამ მან ქვეყნის მართვა დაიწყო სხვა ქვეყნებიდან კარნახით, ჩემთან დაკავშირებითაც სხვის დავალებებს ასრულებდა. არსებობს ღვთის ძალა და არსებობს ბოროტის ძალა და ეს ბოროტი ძალები მოქმედებენ ზოგადად, ყველა ღვთისმსახურის მიმართ, სადაც უნდა იყოს ის - ათონის მთაზე, ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში თუ საქართველოში.. ვინც უფალს სწორად, ჭეშმარიტი სარწმუნოებით ემსახურება, მას მტერი აუცილებლად ჰყავს ეშმაკებისა და ბოროტი ძალების სახით, იმ ადამიანების სახით, ვინც ამ ძალების მიმდევარნი ხდებიან...


- დღევანდელ ხელისუფლებას რას ურჩევდით?

 

- დღევანდელ ხელისუფლებას, პირველ ყოვლისა, ვურჩევდი ეკლესიურ ცხოვრებას, ღმრთის გარეშე კეთილი საქმე ვერ წარიმართება! მთავარი ღმერთია, სამშობლო და ადამიანი! ვისურვებდი, საკუთარი გულის და არა საზღვარგარეთიდან კარნახით მართონ ქვეყანა. მე მათ ვუყურებ,  ხელისუფლებაში უმეტესობა ქართულ ტრადიციებზეა აღზრდილი და, როგორც თავად გრძნობენ საქართველოს, რა დამოკიდებულებაც აქვთ გულში თავიანთი ქვეყნის მიმართ, იმ დამოკიდებულებით მართონ ქვეყანა და არა ვიღაცის კანონებით ან მითითებებით და უფალიც შეეწევათ!


...დღეს ზოგნი ამბობენ, ამერიკა დაგვეხმარებაო, ზოგს კი რუსეთის იმედი აქვს, ღმერთს არავინ ახსენებს! მე კი გეტყვით, რომ უფალი დაგვეხმარება, უპირველესად, უფალია ჩვენი შემწე. უფალს უნდა ვსასოებდეთ. „ნუ ესავ მთავართა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება" - არაა ცხოვრება მთავართან... მდიდართან, ესავდეთ მხოლოდ უფალს, მხოლოდ უფლის იმედი გქონდეთ!


- ათი წელია, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და თქვენს კარზე უამრავი სასოწარკვეთილი, დაცემული, ტკივილით სავსე ადამიანი მომიყვანია ნუგეშისთვის, გადასარჩენად... როცა ისინი თავიანთ ტრაგედიებს გიყვებოდნენ, თქვენ თვალები ცრემლებით გევსებოდათ. ბევრჯერ ამ მთასავით კაცს, პატარა ბავშვივით გტკიოდათ, მაგრამ მაინც პოულობდით ძალას, ნუგეში გეცათ... ასეთები იყვნენ ასობით და კიდევ უფრო მეტნი... თქვენ კითხულობდით გვარის გახსნის ლოცვასაც, სადაც ათასობით ადამიანს საგვარეულო წყევლას, ცოდვას უხსნიდით! იცით, ხანდახან გიყურებთ და ვფიქრობ - განა ძნელი არ არის, დაიტიოთ ამდენი ადამიანის ტკივილი, ტრაგედია, ცრემლი? თქვენც ხომ ადამიანი ხართ?..

 

- თუ მოყვასი გიყვარს, შეიძლება მთელი კაცობრიობა დაიტიო! ამ ყველაფრის გადამწყვეტი სიყვარულია. ის გაზიარებს ტკივილს, სიხარულს... მოყვასის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი მცნებაა, როგორც უფალი ბრძანებს: „გიყვარდეს უფალი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით" და გიყვარდეს მოყვასი, „ვითარცა თავი თვისი". სწორედ ამაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენ მიწიერი ცხოვრება!


- დღეს უამრავი ადამიანია სასოწარკვეთილი, საკუთარ ტრაგედიაში ჩაკეტილი - წარუმატებელი; უშვილობით თუ დაკარგული სიყვარულით გამოწვეული ტკივილით სავსე... ადამიანები, რომელთაც აღარაფრის იმედი აღარა აქვთ... მინდა, ორიოდ სიტყვით მათ მიმართოთ...

 

- უფალს მიენდეთ!!! უფლისადმი მინდობა ისწავლეთ! ჩვენ ხომ გვყავს ფიზიკური დედა, მამა, მათ ხომ ძალიან ვუყვარვართ და ვიცით, რომ კარგი უნდათ ჩვენთვის. ღმერთის სიყვარული და მზრუნველობა ისე უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასჯერ აღებული დედის მზრუნველობა და სიყვარული. როგორც სახარებაში წერია, შვილმა რო დედას პური მოსთხოვოს, განა ის თავის შვილს ქვას მიაწვდის? თევზი რომ მოსთხოვოს, განა მის ნაცვლად, გველს მიაწვდის? ასევეა უფალი - მან უკეთ უწყის, ჩვენი მომავალი, ჩვენი სულიერი მდგომარეობა. მივანდოთ მას, მოთმინება ვისწავლოთ და ყველაფერი კარგად იქნება, ისე იქნება, როგორც ჩვენს სულს სჭირდება. შეიძლება მართალი ადამიანი გაიტანჯოს ისევე, როგორც ბიბლიური მართალი იობი, რომელსაც არ ჰქონდა ღვთის წინაშე დანაშაული, მეტიც, როცა მისი შვილები გონებაში რაიმე ცუდს გაივლებდნენ, სავედრებელ პარაკლისს იხდიდა და უფალს სთხოვდა, შეუნდე, აპატიეთ, და ასეთი ადამიანი დაისაჯა, მაგრამ მან ეს განსაცდელი მოითმინა და უფალმა ისევ მადლითა და წყალობით აავსო - ათი შვილი მიეცა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივდა. მართალი იობის ცხოვრება მაგალითი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. როგორი განსაცდელიც უნდა გვქონდეს, ავადობა, ბედის არგახსნა, სასოწარკვეთილება, გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ხვალის იმედით უნდა ვიყოთ - მომავალი უკეთესი იქნება! მივეყრდნოთ უფალს ისე, როგორც იოანე ღვთისმეტყველი იყო უფალს მკერდზე მიყრდნობილი. ამის გამო სახარებაში თავის თავს თავისი საკუთარი სახელით კი არ იხსენიებს, არამედ: „მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა"... ვეცადოთ, რომ მას მივემსგავსოთ...


- ერთხელ ბრძანეთ, ჩვენი ხსნა მართლმადიდებელ ერთა ერთობაშიაო... დღევანდელ დღეს ძალიან ძნელია, ეს აზრი გაიზიარო... როცა მართლმადიდებელი ქვეყნები მტრად მოეკიდნენ ერთმანეთს, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთობა?

 

- ყველგან, მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, ერული სული ძალიან მკაფიოდ შემოიჭრა, ძალიან პოლიტიზებული გახდა ეკლესიის ზოგიერთი მეთაური, სხვა იერარქებიც. ამას უნდა განვეშოროთ, ეს ამქვეყნიური მიდგომა უნდა მოვიცილოთ. როგორც უფლის მოციქულები განადიდებდნენ ერთად უფალს და მხოლოდ სულის ცხონებისთვის ზრუნავდნენ, თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ეს ერთობა შედგება. თუ ჩვენ, როგორც ერისკაცები, ტერიტორიებზე ვიფიქრებთ, ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წარმატებებზე, რაც ჩვენთვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს (ამაზე საერო ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს), მაშინ ჩვენ წარმატებები ვერ გვექნება და ჩვენს შორის ეს ერთობაც ვერ შედგება...


- ძალიან დიდი მადლობა, ამდენი დრო რომ დამითმეთ... დაგვლოცეთ, მეუფეო.

 

- ღმერთმა დალოცოს ამ გაზეთის მკითხველები... მე არავისი არც დაღუპვა, არც განადგურება და არც გულისტკენა მინდა, რადგან ჩვენ წუთისოფელში ვცხოვრობთ და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი".


არც ლგბტ საზოგადოებები, არც ლიბერალები არიან ჩვენი მტრები, ჩვენი მტერი არის ეშმაკი. ჩვენ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს. ყველაზე დაცემულს, ცოდვილს უნდა დავუდგეთ გვერდში და ასე ურთიერთსიყვარულით განვვლოთ ეს წუთისოფელი.


P. S. წამოსვლისას მის მაგიდაზე სათუთად შენახულ პატარა თეთრ ბარათს მოვკარი თვალი, მას ჩემი მზერა, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია - ალბათ, გაინტერესებთ რა არის, არა? - ჩვეული ღიმილით მითხრა. - მაგას კითხვა რად უნდა, მეუფეო, - მეც ღიმილით ვუპასუხე. - ეს უწმინდესის წერილია, მაშინ მომწერა, როცა ჯარში ვიყავი უკრაინაში, ბოგოდუხოვოში მე, მაშინ ჯერ კიდევ ელგუჯა... მისი მამაშვილური ბარათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამიტომაც დღემდე ვინახავ!


...ამ ბარათში სტრიქონებს შორის უფრო მეტი რამ იკითხებოდა... ეს ის ასოებია, რომლებიც არსად ისწავლება, ეს უბრალოდ უნდა იგრძნო...


„ჩვენო ძვირფასო, ელგუჯა! ძალიან მოგვენატრეთ. ყველა სიყვარულით გიგონებთ და ელოდება თქვენს მშვიდობით დაბრუნებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. გარდაიცვალა მეუფე ზინობი, ვასაფლავებთ 14 მარტს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. სიონში უკვე დგას ახალი კანკელი.


მამობრივი სიყვარულით გლოცავთ და გეხვევით.

ილია II

11, მარტი, 1985 წ.


ესაუბრა შორენა სიხარულიძე

გაზეთი „ასავალ-დასავლი"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016